[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა - EMC-ს შეფასება

10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt.გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას შეეხება:

2019 წლის ბოლოს განსაკუთრებით პრობლემურად დადგა ახალგორში მცხოვრები ადამიანების მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტის ჩაკეტა, რამაც ახალორში მცხოვრები ქართველი და ასევე ოსი მოსახლეობისთვის მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა შექმნა. საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილია. იზოლაციის პირობებში ადგილობრივებს ერთმევათ წვდომა სათანადო სამედიცინო სერვისებზე, პენსიებზე და საკვებზე. ისინი მოსწყდნენ საკუთარ ოჯახებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სრულ იზოლაციაში მოექცნენ, განსაკუთრებით მოხუცები. ახალგაზრდებს შეეზღუდათ განათლების მიღების უფლება. ცხინვალში სათანადო სამედიცინო სერვისების არ ქონის გამო, დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი. აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმმა ახალგორთან ჩაკეტილი საზღვარზე რეჟიმი შეარბილა და მძიმე ავადმყოფებს და პენსიონერებს სპეციალური სიებით გადმოსვლის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ადამიანების შეზღუდულ წრეს ეხება და ადგილობრივების დიდი ნაწილი კვლავ მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების წინაშე რჩება.

შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 2019 წლის 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტით, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში რჩება. ცხინვალის de facto რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავშირება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და ექიმის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრების არაღიარებაზე ხაზგასმა, აჩენს რისკებს, რომ საქმეს პოლიტიკური კონოტაცია მიეცეს, რაც დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ხანგრძლივი პატიმრობის რისკებს ზრდის.

უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორების არა ერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ახალგორში შექმნილი მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ დროებითი ღონისძიების (ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის) გამოყენების მოთხოვნით არ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მეტწილად პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით შემოიფარგლება, რომელსაც მნიშნელოვანი შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

მთელი წლის განმავლობაში პრობლემურად იდგა სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მხრიდან ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის დევნის საქმე. ადგილობრივი სასამართლოების მხრიდან თამარ მეარაყიშვილის მიმართ გამოძიების არა ერთხელ შეჩერების მიუხედავად, de facto პროკურატურა გამოძიებას აახლებს და ახალ დავას იწყებს. თამარ მეარაყიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დაუსაბუთებლობა და შინაარსი, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკურ ხასიათს აჩვენებს. თამარ მეარაყიშვილის მითითებით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ფორმატებში სათანადო ძალისხმევას არ წევს მისი საქმის დაყენებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“