საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია - UNCRPD და მისი დამატებითი ოქმი 2006 წლის 13 დეკემბერს მიიღეს და ხელმოსაწერად 2007 წელს გაიხსნა. ამავე დღეს კონვენციას ხელი მოაწერა 82-მა სახელმწიფომ, ხოლო დამატებით ოქმს 44-მა სახელმწიფომ. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების ეს რიცხვი, კონვენციების ხელმოსაწერად გახსნის პირველივე დღეს, უპრეცედენტოა გაეროს ისტორიაში. კონვენცია ძალაში 2008 წლის 3 მაისს შევიდა. დოკუმენტს 2013 წლის სექტემბრის მონაცემებით ჰყავს 158 ხელმომწერი და 136 მონაწილე სახელმწიფო. მისი შესრულების მონიტორინგს აწარმოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, რომლის კომპეტენციაც სახელმწიფოებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეუერთდებიან კონვენციის დამატებით ოქმს.
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია 21-ე საუკუნის პირველი ყოვლისმომცველი ადამიანის უფლებების ხელშეკრულებაა ამ სფეროში. უმნიშვნელოვანესია UNCRPD-ის როლი, ვინაიდან, მისი შინაარსი სრულად ცვლის შშმ პირებთან დაკავშირებით აქამდე არსებულ დამკვიდრებულ მიდგომებსა და ხედვებს. იგი ღრმად ფესვგამდგარ სამედიცინო მოდელს ცვლის სოციალურ-კულტურული მოდელით. ამ კონვენციის კონცეპტების თანახმად, შშმ პირები დახმარების საჭიროების მქონე ობიექტებიდან გადაიქცევიან ყველა სახის უფლებების მქონე სუბიექტებად, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
კონვენცია შეზღუდულ შესაძლებლობას წარმოაჩენს არა პიროვნების ნაკლოვანებად არამედ, საზოგადოების პრობლემად, მის უუნარობად საკუთარ თავში დაიტიოს და მოიცვას ყველა, ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად.
UNCRPD-ის პირველ მუხლში განსაზღვრულია დოკუმენტის მიზანი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულყოფილად და თანასწორად სარგებლობასა და მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემის ხელშეწყობას.
UNCRPD ემყარება შემდეგ მთავარ პრინციპებს: თანდაყოლილი ღირსების, ინდივიდუალური ავტონომიის, მათ შორის თავისუფალი არჩევანის და პიროვნების დამოუკიდებლობის პატივისცემა; დისკრიმინაციის აკრძალვა; საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ქმედითი მონაწილეობა და ინტეგრაცია; განსხვავებულობის პატივისცემა; თანასწორი შესაძლებლობები; ხელმისაწვდომობა; ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა და პატივისცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარების პროცესის/ამ ბავშვების უფლებისა, შეინარჩუნონ საკუთარი პიროვნება.
UNCRPD წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა არა მხოლოდ საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით/გაძლიერებით, არამედ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებაშემლახავი პრაქტიკების შეცვლით. UNCRPD სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნევს ებრძოლოს სტერეოტიპებს, არსებულ სტიგმებს და საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენები ახალი მიდგომებით ჩაანაცვლოს.
ამასთან, UNCRPD სახელმწიფოს ვალდებულებად ასევე ადგენს მისი პოლიტიკის ყველა მიმართულებაში თუ პროგრამაში გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. იგი ასევე განსაზღვრავს, რომ მხარე სახელმწიფოებმა თავიანთი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისად, მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობის, დაცვისა და მონიტორინგის მიზნით, უნდა შეინარჩუნონ, გააძლიერონ, გამოყონ ან შექმნან ჩარჩო მექანიზმი, რომელიც უნდა მოიცავდეს ერთ ან მეტ დამოუკიდებელ მექანიზმს. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ მონიტორინგის პროცესში სრულად მონაწილეობდნენ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციები (DPO-ები). მთავრობამ უნდა შექმნას ან გამოყოს საკოორდინაციო მექანიზმი სხვადასხვა სექტორებსა და დონეებზე საჭირო ქმედებების დასაჩქარებლად.
ცალკეულმა ქვეყნებმა UNCRPD-ის რატიფიცირებისათვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს, თუმცა, კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებული პოლიტიკა ამ სახელმწიფოში განსხვავებულია. შესაბამისად, საინტერესოა ამ საკითხის განხილვა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მაგალითზე.
მაგალითად, შვედეთმა ამ მიმართულებით ძირითადი აქცენტი გააკეთა სამთავრობო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ მიზნად კი შშმ პირების საზოგადოებრივი ცხოვრების სრულად ინტეგრაცია და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ამ თემის მეინსტრიმიზაცია დასახა, ასევე მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა შეზღუდული შესაძლებლობის გამო პირის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ყველასთვის დამოუკიდებელი ცხოვრების პირობების შექმნაზე. შვედეთში ამ პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს, შვედეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ პოლიტიკის მაკოორდინებელი სააგენტო ჰანდისამი (The Swedish Agency for Disability Policy Coordination (Handisam), თანასწორობის ომბუდსმენის ინსტიტუტი და სხვა ორგანოები.
ესპანეთში UNCRPD-ის იმპლემენტაციისთვის შეიქმნა სამინისტროთაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ესპანეთის სამართალს მისი UNCRPD-ის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კანონმდებლობის და გარემო-პირობების UNCRPD-სთან შესაბამისობის მონიტორინგს და ხელშეწყობას ამჟამად ახორციელებს მთავრობის მაკოორდინებელი მექანიზმი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული საბჭო“. ეროვნული საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შედგება ყველა სამინისტროსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლებისაგან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული საბჭოს ფარგლებში დაარსდა „მუდმივი სპეციალიზებული ოფისი“ (OPE). ამ ორგანოს ფუნქციებია წარდგენილი საჩივრების შეფასება, ანალიზი და შესწავლა, კონსულტაციების გაწევა დისკრიმინირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე ესპანეთში არსებობს საარბიტრაჟო სისტემა, რომლის პასუხისმგებლობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული საჩივრებისა და მოთხოვნების განხილვა. ესპანეთში კომპეტენციები განაწილებულია ცენტრალურ მთავრობასა და ავტონომიურ რეგიონებს შორის. ერთობლივი საქმიანობის მეთოდოლოგია ხელს უწყობს UNCRPD-ის პირობების და დებულებების მოქმედებას როგორც რეგიონულ ისე სამთავრობო დონეზე.
დანიაში - დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, დანიის საპარლამენტო საბჭო და დანიის საპარლამენტო ომბუდსმენი წარმოადგენენ UNCRPD-ით დადგენილი უფლებების განვითარების, დაცვისა და მონიტორინგის საფუძველს.
ამათგან, დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის (The Danish Institute for Human Rights) მიზანია UNCRPD-ის ხელშეწყობა, დაცვა და მონიტორინგი. იგი მჭიდროდ თანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძოდ DPO-ებთან. დანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, მას ასევე ეკისრება მრჩევლის როლი მთავრობისა და პარლამენტისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხეზე. დანიის საპარლამენტო ომბუდსმენის მთავარი ფუნქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორი მოპყრობის შესახებ მონიტორინგია.
აღნიშნულმა ქვეყნებმა შექმნეს და გააძლიერეს ერთის მხრივ, ინსტიტუტები, რომლებიც ყველა დონეზე პასუხისმგებელნი არიან კონვენციის იმპლემენტაციაზე და ამასთან, შექმნეს მექანიზმები, რომელიც აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს თავად დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გზით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც გასწიეს სხვადასხვა განვითარებულმა სახელმწიფოებმა, კვლავ მრავალი პრობლემაა აქტუალური შშმ პირების უფლებების დაცვის კუთით. გასათვალისწინებელია, რომ იმ გამოწვევებზე პასუხი, რომელიც დგას ამ მიმართულებით არ არის მარტივი და ხანმოკლე დროში მიღწევადი შედეგი. UNCRPD-ში მოცემული შშმ პირთა უფლებების სტანდარტი ასახავს მათი უფლებების დაცვის იმგვარ მოდელს, რომელიც სახელმწიფოებისაგან მოითხოვს სათანადო ძალისხმევას, სწორი პოლიტიკის გატარების გზით მისი სრული იმპლემენტაციისათვის.
უდავოა, რომ UNCRPD წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს, მათი შესაძლებლობებისა და სრულყოფილი ინტეგრაციის ეფექტურ ინსტრუმენტს, რაც საქართველოს მიერ მისი დროული რატიფიკაციის მნიშვნელობასა და გარდაუვალობაზე მიუთითებს.
ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელებული კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლმენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ საფუძველზე
ინსტრუქცია