საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოქმედი ნარკოპოლიტიკა წლების განმავლობაში წარმოადგენდა ადამიანის უფლებების შელახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სამართალდამცავი სისტემის ხელში. იმ ფონზე, რომ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა ამ დრომდე არ განხორციელებულა, ის კვლავაც არაერთი მიმართლებით ქმნის ძალის გადამეტების, უსამართლო სანქციების შეფარდების და მოქალაქეებზე კონტროლის რისკებს. ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ და უსამართლო ბუნებას შემდეგი გარემოებები განაპირობებს:
ზოგადად უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კონტექსტში ნარკოპოლიტიკის საკითხი ფაქტობრივად იგნორირებულია და მასზე საჯარო დისკუსიები გამონაკლის შემთხვევებში თუ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო პროგრამებსა და ხედვებში კი ეს თემა მეტად ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ნარკოპოლიტიკის სფეროში რეფორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ დრომდე მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა დაეფუძნოს. პარტიის გეგმით, რეფორმა გატარდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ოდენობების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დეკრიმინალიზაციის კუთხით.[1] პროგრამაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხების სამომავლო ცვლილებებზე მითითებული არ არის, თუმცა საარჩევნო პერიოდში პარტიის წევრთა საჯარო პოზიციონირების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი დამნაშავედ არ უნდა განიხილებოდეს. ამის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებელთათვის მკურნალობის და სარეაბილიტაციო პროგრამებზე ხელმისაწვდომობას. იგი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას ემხრობა ნარკოტიკის გავრცელებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.[2]
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკის მიმართულება ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხების შემდეგ, ცალკეა გამოყოფილი. პროგრამაში, ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევად, ერთი მხრივ, მძიმე (ინტრა-ვენურ) ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების ზრდა და მეორე მხრივ, ნარკომომხმარებელთა დასჯისკენ მიმართული მოქმედი რეპრესიული პოლიტიკაა დასახელებული. პარტია რეფორმის გატარებას ორი მიმართულებით ისახავს მიზნად, რაც ნარკორეალიზატორებთან ეფექტურ ბრძოლას და ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულთათვის სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შეთავაზებას მოიცავს.[3] პროგრამაში გამოტოვებულია პარტიის ხედვა რიგ საკითხებზე, თუმცა საჯარო განცხადებების მიხედვით, პარტია მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს.[4]
ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას უთმობს ყურადღებას პოლიტიკურ პარტია “ლელოს” მიერ წარმოდგენილი “მარშალის გეგმაც”. პროგრამა პუნქტებად წარმოადგენს იმ საკითხებს, რომელთა ცვლილების საჭიროებასაც ხედავს. მათ შორისაა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი დასჯადობის გაუქმება დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან, მოხმარების კრიმინალიზებას ნარკოდამოკიდებულ პირებზე მძიმე ეკონომიკური და სოციალური გავლენა აქვს, ასევე მათ სტიგმატიზირებას იწვევს. მოხმარების დეკრიმინალიზაციის პარალელურად, მარშალის გეგმაში არაფერია ნათქვამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების განუსაზღვრელობა წარმოადგენს, რაც ხშირად, მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის წლობით თავისუფლების აღკვეთას იწვევს.[5] “მარშალის გეგმა” ყურადღებას უთმობს ნარკორეალიზატორებთან და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას. ჯანდაცვის მიმართულებით, პროგრამაში წარმოდგენილია ნარკოდამოკიდებულთათვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრების შეთავაზება.[6] პროგრამაში ზოგადი სახით არის გაცხადებული დასჯიდან მზრუნველობაზე გადასვლის შესახებ, თუმცა არ ვიცით, რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ მიმართულებით.
ნარკოპოლიტიკა საარჩევნო და პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია “გირჩისთვის”. პარტია აქტიურად საუბრობს მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ ბუნებასა და მომავალი პარლამენტის მიერ ძალადობრივი სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, რათა “ადამიანებს კანონი ნარკოტიკის გამო” არ სჯიდეს.[7] „გირჩის“ ხედვაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ფორმულირება, ისევე როგორც სამომავლო რეფორმის მოცულობა და შინაარსი, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს აქამდე არაერთხელ დაუფიქსირებიათ მხარდაჭერა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის, აგრეთვე ზოგადად, უფრო ლიბერალური სისხლისსამართლებრივი მიდგომებისთვის.
პარტია “ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის” წარდგენილ საარჩევნო პროგრამაში ასევე ეხება ნარკოპოლიტიკის სფეროში ცვლილებების აუცილებლობას. პარტიის პოზიციით, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს ზრუნვას და ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას, მათთვის აუცილებელი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას[8]. პროგრამაში მოცემული არ არის ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დეტალური გეგმა, თუმცა, საკითხისადმი პარტიის დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს მის მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, რომელიც პარტლამენტს მიმდინარე წლის 15 ივნისს წარედგინა. პროექტი ითვალისწინებდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე ნივთიერებათა საწყისი ან დიდი ოდენობით შეძენის, შენახვის და დამზადებისთვის მსჯავრდებულთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ამ პირთათვის პირობითი მსჯავრის, ნასამართლობისა და დამატებითი უფლებების შეზღუდვების გაუქმებას. კანონპროექტი საკმაოდ გამოკვეთილად, მომხმარებელთათვის დაწესებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების გაუქმებისკენ იყო მიმართული.[9] რამდენად არსებობს მზაობა პარტიის მხრიდან ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებების მხარდაჭერისთვის, არსებული პროგრამით და საჯარო პოზიციონირებით რთული შესაფასებელია.
ნარკოპოლიტიკის საკითხი ვერ მოხვდა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო პროგრამაში,[10] თუმცა პარტიის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კანონმდებლობის ცვლილების საჭიროება არსებობს და მათი ხედვით, მთავარი აქცენტი პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე, ასევე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობების განსაზღვრაზე უნდა გაკეთდეს. პარტია საჭიროდ მიიჩნევს სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების შეთავაზებას და დაფინანსებას. პრობლემურია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ სათანადოდ არ აქვს გააზრებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის რეპრესიული ბუნება, რამდენადაც პარტიის შიგნით მხარს უჭერენ დამატებითი სასჯელების - სამოქალაქო უფლებების უცვლელად დატოვებას, ასევე ადმინისტრაციული სასჯელების შენარჩუნებას.[11]
მმართველი პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ნარკოპოლიტიკის საკითხს, ისევე როგორც სხვა არაერთ პრობლემას, აბსოლუტურად აიგნორებს. კონკრეტულად ნარკოპოლიტიკაზე პარტიის პოზიციების ამოკითხვა მხოლოდ მის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებიდან თუა შესაძლებელი. „ქართული ოცნების” პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ყოფილი იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის სამომავლო რეფორმის უპირველესი ამოცანა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ხელახალი განსაზღვრა და ამგვარად, სამართლიანი სასჯელების დადგენაა[12]. მისივე შეფასებით, ნარკორეალიზატორებისგან განსხვავებით, მომხმარებლის ადგილი ციხეში არ არის და მათ მკურნალობაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. ნარკოტიკული ნივთიერებების დოზების განსაზღვრის გარდა, ნარკოპოლიტიკის რეფორმირების სხვა საკითხებზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი უცნობია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ პარტიების ნაწილს საარჩევნო პროგრამებში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ფრაგმენტულად აქვთ წარმოდგენილი, ნაწილს კი, მათ შორის - მმართველ პარტიას, ეს საკითხი საერთოდ იგნორირებული აქვს. შესაბამისად, სიღრმისეულად ვერ შეფასდება საარჩევნო სუბიექტთა სამომავლო ხედვები, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ მიღწეული ერთობლივი შეთანხმება არაფერს ამბობს ნარკოპოლიტიკაზე.[13] ნარკოპოლიტიკის საკითხი პარტიათა ნაწილში მხოლოდ ვიწრო სისხლისსამართლებრივ ჭრილში განიხილება, რაც ვერ პასუხობს მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს. საარჩევნო სუბიექტთა ნაწილისთვის კი, კანონმდებლობის რეფორმირებასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ნარკოდამოკიდებულთათვის სოციალური, ჯანდაცვის, ზიანის შემცირების სერვისების ხელმისაწვოდომობა, თუმცა, რამდენად აქვთ საარჩევნო სუბიექტებს მზაობა ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების თაობაზე, საარჩევნო პროგრამების ზოგადი შინაარსის გათვალისწინებით, რთული სათქმელია. როგორც წესი, პარტიების ყურადღების მიღმა რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა - სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევის მექანიზმი, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს განსაზღვრის წესი, იძულებითი ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა, სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული პროგრამები. განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს მმართველი პარტიის მხრიდან საკითხის აბსოლუტური იგნორირება იმ ფონზე, რომ „ქართული ოცნებისგან“ გასულ წლებში არაერთხელ გაიცა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე დაპირებები.
[1] პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/35HH155.
[2] რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე - არჩევნები 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nU4NmN.
[3] პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის,“ საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lSlVYp.
[4] რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე - არჩევნები 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nU4NmN.
[5] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.
[6] პოლიტიკური პარტია „ლელო,“ „მარშალის გეგმა“ - საქართველოს რეკონსტრუციის პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3k4cgNZ.
[7] პოლიტიკური პარტია „გირჩი,“ საარჩევნო მიზნები, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nV7iFl.
[8] პოლიტიკური პარტია “ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის,” ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37b3mKM.
[9] ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მსჯავრდებულ პირთა. მიმართ ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირების შესახებ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3mfYs3r.
[10] პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი,“ საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31dQjnZ.
[11] რა ხედვები აქვთ პარტიებს ნარკოპოლიტიკაზე - არჩევნები 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nU4NmN.
[12] თეა წულუკიანის განცხადება ნარკოტიკული ნივთიერებების დოზების რეფორმირებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2GRgxG9.
[13] ოპოზიციური პარტიების ერთობლივი შეთანხმების შესახებ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nVULBM.
ინსტრუქცია