საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ისტორიულად საქართველოს ყოველთვის მხარეებად იყო დაყოფილი. ამა თუ მხარის წარმომადგენლობა ქართველის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გურულები ამაყობენ თავისი გურულობით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში დაბადებულები. საქართველოს მხარეებს, გარდა მოსახლეობის საერთო იდენტობისა, საერთო გეოგრაფია, ისტორია და ეკონომიკა გააჩნიათ.
მიღმა ამისა, არსებობს საკითხები, რომლებიც თავისი არსით რეგიონული მნიშვნელობისაა. ასეთი ბევრია, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ორ ყველაზე პოპულარულ თემას დავასახელებ: სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. სოფლის მეურნეობა მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტისთვის უმთავრესია: ისინი სოფელში ცხოვრობენ და სოფლის მურნეობას ეწევიან. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. ბევრი მასში ხედავს მომავალი ეკონომიკური ზრდის საწინდარს. ორივე მიმართულება ნორმალური განვითარებისთვის, ადეკვატური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის რეგიონული დონის არსებობას მოითხოვს.
ასეთივეა გზები. საქართველოში არსებული გზების კლასიფიკაციის მიხედვით არსებობენ საერთაშორისო, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზები. თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთ გზას შიდარეგიონული მნიშვნელობა აქვს. მაგ: ლანჩხუთი-ოზურგეთი, ჩოხატაური-ოზურგეთი და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. გურული სიმღერაზე, როგორც კულტურის არამატერიალურ ძეგლზე, მხოლოდ რეგიონული დონეზე შეიძლება პოლიტიკის განხორციელება, თორემ მუნიციპალიტეტების დონეზე ეს აბსოლუტური სისულელე გამოვა. დეტალურად კომპეტენციების საკითხს შესაბამის ქვეთავში შევეხები.
ყველაფერი ეს ერთ რამეზე მიუთითებს; აუცილებელია რეგიონულ დონეზე თვითმმართველობის არსებობა. განსაკუთრებით მნიშვნეოვანი ეს გახდება მცირე მუნიციპალიტეტების ფორმირების შემდეგ.
სამწუხაროდ, რეგიონული მოწყობა სტრატეგიაში მხოლოდ ნაწილობრივაა ასახული. რეფორმა რეგიონულ დონეზე თვითმმართველობის მხოლოდ ნაწილობრივ ამოქმედებას ითვალისწინებს. მისი მიხედვით რეგიონის წარმომადგენლობითი ორგან არა არჩევითი, არამედ ასოცირებული იქნება. ასოცირებული ნიშნავს, რომ მისი წევრები იქნებიან მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები. ეს სულ არარაობას ჯობს, თუმცა პირდაპირ, მოსახლეობის მიერ პარტიული პროპორციული სისტემით არცეული წარმომადგენლობითი ორგანო გაცილებით აჯობებდა. წარმომადგენლობითი ორგანო თავისი არისთ პოლიტიკური ორგანოა, მასში პოლიტიკურ პარტიებს წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს და ასეთი მნიშვნელოვანი ორგანო მოსახლეობის მიერ უნდა იყოს არჩეული. ამას არა მხოლოდ თვითმმართველობის განვითარების, არამედ პარტიული სისტემების განვითარების მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, რომ თუ 2014 წლისთვის არა, მომავალში მაინც ეს საკითხი უფრო აქტიურად დადგება დღის წესრიგში და სამხარეო დონეზე თვითმმართველობის ელემენტები კი არა, რეალური თვითმმართველობა გვექნება.
ინსტრუქცია