[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თარგმანი

მუნიციპალური გათიშვა: განმდევნელ წყალსა და მის ურბანულ ინფრასტრუქტურებზე

ნიქჰილ ანანდი

ჰავერფორდის კოლეჯი, აშშ

ნიქჰილ ანანდი არის ანთროპოლოგი, რომელიც დაინტერესებულია ქალაქებისა და ურბანული სივრცეების, ინფრასტრუქტურის, მოქალაქეობის, სახელმწიფო ძალაუფლებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებით, რასაც წყლის პოლიტიკური ეკოლოგიის შესწავლით იკვლევს.

 

მთარგმნელი: შოთა ფევაძე

რედაქტორი: მარიამ შალვაშვილი

 

აბსტრაქტი

წყალსაქაჩი ტუმბოებით, მილებითა  და ჰიდრავლიკური ცოდნით შექმნილი ინფრასტრუქტურული პრაქტიკები ურბანული მოსახლეობის მართვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვეყრდნობი რა მუმბაიში 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ ეთნოგრაფიულ კვლევას, ამ სტატიაში ვაჩვენებ, თუ როგორ არიან ჩრდილო გარეუბანში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეები მიჩნეული ქალაქის განდევნილ მაცხოვრებლებად. განდევნა (abjection) არა მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, არამედ ამ უფლებების  მიცემაზე უარის თქმაა. ეს სტატია აჩვენებს, თუ როგორ ხდება მუსლიმი მოსახლეობა, ქალაქის ტექნოკრატებისა და ინჟინრების წინასწარგანზრახული უმოქმედობის გამო, იძულებული, ნაკლებად სასურველი წყალი მოიხმაროს და როგორ იწარმოება განდევნის პრაქტიკა მმართველებსა და მართულებს შორის სუსტი და სადავო ინფრასტრუქტურული კავშირების განმეორებადი პროცესის მეშვეობით.

 

საკვანძო სიტყვები

წყალი, მოქალაქეობა, ინფრასტრუქტურა, განდევნა, მუმბაი, ინდოეთი

 

შესავალი

„15 წელია ვხედავ, რომ MP-MLA (საშტატო და ფედერალური კანონმდებლები) ამბობენ “ის გიახლოვდებათ - წყალსადენი გიახლოვდებათ.” რა შეიძლება ითქვას. მათ არ უნდათ ამ რაიონის განვითარება. ისინი მარტო იმას ადევნებენ თვალყურს, თუ როგორ შეიძლება ხმების მოგროვება. კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ამბობენ: “ჩვენ გვაქვს ძალაუფლება BMC-ში (მუმბაის მუნიციპალური კორპორაცია), ამიტომ ჩვენ ავაშენებთ წყლის ავზს”. ამგვარად, 10-დან 12-მდე ჭაბურღილი გაითხარა. ზოგიერთი გამოსადეგია, ზოგიერთი - არა და  ჭებს რამდენიმე ადამიანი მართავს (ლოგონ კა რააჯ ჰაი). მაგრამ  ჭის წყალი ვარგისი არ არის. ზოგიერთი ჭა ტუალეტების გვერდით მდებარეობს. შიგნით კანალიზაციის წყალი ჟონავს. არის კი ეს განვითარება?“  ( Shaikh, 2008)

მე ასიფს ვესაუბრებოდი, პრემნაგარის ძველ მოსახლეს - ეს დასახლება მუმბაის ჩრდილოეთ გარეუბნებში მდებარეობს.[1] დამინახა რა, რომ სალიმთან ვატარებდი ინტერვიუს (სხვა ინფორმანტთან მეზობელ ჩაიხანაში), ასიფი მგზნებარედ შემოუერთდა ჩვენს საუბარს დასახლებაში არსებული წყლის პრობლემების შესახებ. საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობდა, თუ როგორ დაიღალა პრემნაგარის მოსახლეობა მუმბაის მუნიციპალური კორპორაციის ლოდინით, თუ როდის გააუმჯობესებენ, განამტკიცებენ და გააფართოებენ წყლის ქსელს დასახლებაში. მან თქვა, რომ შტატის და ფედერალური კანონმდებლები მუნიციპალური სისტემიდან  წყლის შემოყვანის საკითხში თავიანთ უმწეობას აჩვენებენ და სანაცვლოდ რაიონში ჭაბურღილის გათხრას აფინანსებენ. ერთის მხრივ, ამ ჭებმა მოსახლეებს რაღაც შვება მაინც მოუტანა, მოამარაგა რა ისინი ასე საჭირო წყლის მარაგით თანხის სანაცვლოდ. ოჯახები ფიქსირებულ თანხას იხდიან - თითო დაახლოებით 100 დოლარს - რომ მიუერთდნენ ჭების სისტემას და ასევე უწევთ ყოველთვიური გადასახადის გადახდა ჭის წყლისთვის. თუმცა, როგორც ასიფს, ასევე  ბევრ სხვასაც არ სურს ჭის წყალი ისე ძალიან, როგორც გადამუშავებული მუნიციპალური წყალი. ისინი ჭის წყალს უყურებენ როგორც “ჩამორჩენილობის” ნიშანს  - ისეთ წყალს, „როგორიც სოფლებსა და ფერმებშია”. ასიფი ჭის წყალს აღიქვამს როგორც ბინძურს და უსუფთაოს, წყალს, რომელიც აირეკლავს  ქალაქის წყლის დეპარტამენტის მიერ ამ დასახლების ბინადრების გარიყვასა და უგულებელყოფას. თუმცა პრემნაგარის ბევრ მოსახლეს დიდი არჩევანი არ აქვს. დროთა განმავლობაში 40 წელზე მეტი ხნის წინ გაყვანილი მუნიციპალური წყლის მილები დაიჟანგა, წყალმა გაჟონა და ნელ-ნელა ამოშრა, ხოლო მუნიციპალური წყლის დეპარტამენტს მათი გამოცვლის სურვილი არ აქვს. რადგან ასიფი და სხვა მუსლიმი მოსახლეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ აღარ შეუძლიათ მოიხმარონ თანამედროვე, დასუფთავებული, დამუშავებული მუნიციპალური წყალი, რომელზეც მათ ერთ დროს წვდომა ჰქონდათ, მე ამ სტატიაში ყურადღებას ვამახვილებ იმ მეთოდზე, რისი მეშვეობითაც ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა ცხადს ხდის მუსლიმი მოსახლეების ქალაქის განდევნილ ბინადრებად წარმოების პროცესს.

პრემნაგარის მოსახლეობას ვახასიათებ როგორც განდევნილს, რათა წვლილი შევიტანო ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც აფართოებს იულია კრისტევას ფილოსოფიურ ტრაქტატს განდევნაზე. კრისტევასთვის განდევნა სხეულებრივი რეაქციაა: “ესაა ის, რაც გეზიზღება, მაგალითად, რამის გახრწნას ხედავ და რწყევა გინდება - ეს უკიდურესად ძლიერი გრძნობაა, რომელიც ერთდროულად სომატურიც და სიმბოლურიც არის; ეს, ყველაზე მეტად, ჯანყია იმ გარე საფრთხის წინააღმდეგ, რისგანაც თავის დაღწევა გსურს, მაგრამ ამასთან გგონია, რომ  მისგან საფრთხე შეიძლება შიგნიდანაც მოდიოდეს“ (Kristeva, 1982). კრისტევას მსგავსად, ჯეიმს ფერგუსონი (1999) და მაიკლ მერფი (2006) აჩვენებენ, რომ განდევნა გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსახლეობის მართვასა და სუბიექტების ჩამოყალიბებაში. მერფი ვარაუდობს, რომ განდევნა „განსაზღვრავს სოციალური ცხოვრებისთვის უვარგის  და გაუსაძლის  ზონებს, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად,  მაინც მჭიდროდ დასახლებულია იმ ადამიანებით, რომლებიც სუბიექტის სტატუსით ვერ სარგებლობენ, თუმცა ცხოვრების გაუსაძლისი პირობებით მათი  მონიშვნა საჭიროა იმისთვის, რათა შემოისაზღვროს სუბიექტის ტერიტორია“ (Murphy, 2006: 152). ანალოგიურად, აღწერს რა იმ გზებს, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური სისტემის რეჟიმები აფრიკის კონტინენტის მაცხოვრებლებს  „გამოთიშავენ,“ ფერგუსონი მიგვითითებს, თუ როგორ ჩნდება განდევნა კაპიტალიზმის საზღვრებს გარეთ კი არა, მის წიაღში, რადგან ეს სისტემა აწარმოებს „განვითარების კარიდან უკან გაბრუნებულების  რეზერვუარს, ეკონომიკურად უარყოფილების, არდაშვებულებისა  და გამოთულების ნალექს” (Ferguson, 1999: 243). განდევნა, მაშასადამე, არის სოციალური და პოლიტიკური პროცესი, რისი საშუალებითაც კონკრეტული პოპულაციები  სახელმწიფოსა და სხვა ინსტიტუტების ბიოპოლიტიკური ზრუნვის გარეთ განიდევნებიან იმის მიუხედავად, რომ მათ ამ სოციალური (ან პოლიტიკური) ჯგუფების ჩამოყალიბებაში ცენტრალური როლი აქვთ.

2007-2010 წლებში მუმბაიში ჩატარებულ 22 თვიან საველე კვლევაზე დაყრდნობით, სტატია ფოკუსირდება სახელმწიფო მოხელეების, დაქვემდებარებულ პოპულაციებსა და მათ შუამავლებს (მუნიციპალურ სანტექნიკებს) შორის მიმდინარე განმეორებად პროცესებზე, რისი მეშვეობითაც პრემნაგარში, ჩრდილო მუმბაის მუსლიმურ დასახლებაში, განდევნა იწარმოება. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში პრემნაგარის მცხოვრებლები მუდმივად “ეთიშებოდნენ” ქალაქის მუნიციპალურ  სისტემას და ფორმალურად წყალზე წვდომა არ ჰქონდათ. როგორც ფერგუსონი აღნიშნავს, გათიშვა განსხვავდება დაუკავშირებლობისგან (Ferguson, 1999). გათიშვა არის აქტიური პროცესი, რომლის დროსაც სუბიექტები იმ სოციალური და პოლიტიკური სისტემებიდან ჩამოშორებული და განდევნილნი არიან, რომელზეც ერთ დროს წვდომა და უფლება ჰქონდათ. ისინი გამოთიშულები არიან იმ პროცედურებსა და პრაქტიკებს, რომლებიც მათ ქალაქის წყლის დეპარტამენტიდან წყალზე უფლებას მისცემდა, როგორც ლეგიტიმურ მოქალაქეებს. მე ვცდილობ გავარკვიო, თუ როგორ არიან პრემნაგარის ბინადარნი იძულებულნი, დაუკავშირდნენ წყლის ქსელს ფარულად ან გამოიყენონ „ბინძური წყალი.“ წყლის ქსელთან კანონიერი მიერთებების არარსებობა და სხვა ჰიდრავლიკური ღონისძიებები მიუთითებს იმ ძლევამოსილ საშუალებებზე, რისი მეშვეობითაც პრემნაგარის მაცხოვრებლები აქტიურად იწარმოებიან არა როგორც ლეგიტიმური ურბანული მოქალაქეები, არამედ როგორც ქალაქის ჰიდრავლიკური სახელმწიფოს განდევნილი ბინადრები.[2]

ურბანული მოქალაქეობის შესახებ არსებულმა  ბოლოდროინდელმა შრომებმა აჩვენა ის გზები, რითაც ქალაქებისა და სახელმწიფოების წესები, კანონები და პოლიტიკა აწარმოებს დიფერენცირებულ, არაფორმალურ, განდევნილ პოპულაციებს (Baviskar, 2003a; Bush, 2009; Holston, 2008; McGregor, 2008; Roy, 2003). ჩემს სხვა შრომებში მე ამ ნაშრომებს ვეყრდნობი იმისთვის, რომ ვაჩვენო, თუ როგორ არიან მოსახლეები მარგინალიზებულნი ქალაქის წყლის პოლიტიკის მეშვეობით, რომელიც მათ  გამოუყოფს უფრო ნაკლებ წყლის კვოტებს და ქსელთან სუსტ კავშირებს (Anand, 2011). ამასთან, წესები წყლის შესახებ მხოლოდ იმ მოსახლეებს აძლევს წყლის ქსელთან მიერთების უფლებას, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ  დასახლებაში 1995 წლამდე ბინადრობდნენ. უცნაური არ არის, რომ წყლის არხებთან დაკავშირების უფლება სახელმწიფოს  აღიარებულ მიწის უფლებას ებმება. როგორც ურბანული მოქალაქეობის მკვლევარები აღნიშნავენ, სახელმწიფო პროგრამები და პოლიტიკა ხშირად  ეყრდნობა საკუთრებისა და ფლობის ბურჟუაზიულ გაგებას იმისათვის, რომ განსაზღვროს, თუ ვინ ეკუთვნის ქალაქს (Joyce, 2003) და ვინ არის განდევნის სუბიექტი (Harvey, 1996, 2008; Joyce, 2003; Smith, 1996). ეს პროცესები ჭეშმარიტად აგრძელებს ამ ჯაჭვს და გადამწყვეტი როლი აქვს ბევრი “არაღიარებული” მოქალაქისთვის ქალაქ მუმბაიში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში (Davis, 2006).

თუმცა წყლის სიმცირე პრემნაგარის მუსლიმ მოსახლეობაში არ არის გამოწვეული ფორმალური სახელმწიფოს მიერ მათი „არაღიარებით“ და არც  მათი ეკონომიკური  მარგინალიზაციის შედეგია. იმ მოსახლეებსაც კი, რომლებიც დასახლებაში 1970იანი წლებიდან ცხოვრობენ (და, შესაბამისად, „აღიარებულნი“ არიან მთავრობის მიერ), წყლის პრობლემები აქვთ. წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ არის იმის შედეგი,  რომ ისინი მუმბაის წყლის სისტემაზე მიერთებულნი არ არიან. პრემნაგარის ბევრ მოსახლეს ადრე ქალაქის წყლის ქსელთან ფორმალური კავშირი ჰქონდა. მათი წუხილი, ძირითადად, კონცენტრირდება იმაზე, რომ მოვლილი არ არის წყლის ის ქსელები, რომლებიც დასახლებას ემსახურება. მჟონავ წყლის მილებს თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს და მისი ამოშრობა დაუშვეს. მეტიც, უფრო ახალი (შესამაბისად ნაკლებად კანონიერი) მოსახლეები, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ, კარგ წყალს იყენებენ.

ურბანული მოქალაქეობის შესახებ ლიტერატურა ქალაქში მარგნალიზაციის სტრუქტურების ასახსნელად,  ძირითადად, ეყრდნობა კლასობრივ და საკუთრების შესახებ ურთიერთობებს, ამიტომ რთულია ამ ლიტერატურით აიხსნას მუმბაის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სერვისების უჩვეულო განსხვავებულობა და ჰეტეროგენურობა. როგორ ხდება, რომ ზოგიერთ (ნაკლებ ლეგალურ) დასახლებებს აქვთ წვდომა გამოსადეგ წყალზე და სხვებს (უფრო ძველ) დასახლებებებს პრობლემები აქვთ წყლის სერვისებთან დაკავშირებით? ამ სტატიაში  სახელმწიფოს ყოველდღიურ პრაქტიკებსა და განდევნის პროცედურებზე ვფოკუსირდები იმისათვის, რომ ეს განსხვავებები ავხსნა. ამგვარად, მე არა მხოლოდ იმ საშუალებებზე მივუთითებ, რითაც საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნოპოლიტიკური მენეჯმენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს ურბანული მოქალაქეობისთვის დამახასიათებელი სიკეთეებიდან კონკრეტული მცხოვრებლების გამოთიშვის პროცესში, მე ასევე მსურს ვაჩვენო, თუ როგორი არასტაბილური და შექცევადია  მოქალაქეობა და უფლებები და მუდმივად საჭიროებს მატერიალური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობით გამტკიცებას.

ინფრასტრუქტურული პრაქტიკები, რომელიც წყალსაქაჩი ტუმბოების, მილებისა და სარქველების მოწყობის მეშვეობით იქმნება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობების ნათელსაყოფად, რომელიც ქალაქს შეადგენს (Gandy, 2004; McFarlane and Rutherford, 2008; Star, 1999). ეს პრაქტიკები წარმოადგენს და აყალიბებს კონკრეტულ სამეზობლოში მცხოვრებთა იდენტობებს (Kooy and Bakker, 2008). რადგან პრემნაგარის განდევნილ მაცხოვრებლებს არც მაღალი კლასის მობინადრეთა მსგავსი სამართლებრივი უფლებები აქვთ (Holston and Appadurai, 1996) და არც ახლომდებარე დასახლებაში მცხოვრებთა მსგავსი „ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის დამახასიათებელი სტრატეგიული ბერკეტები”  (Chatterjee, 2008a: 61), მათ საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი წყალგაყვანილობის მიღმა  „სხვა სახის კავშირებისა და პრაქტიკების“ (Murphy, 2006: 157)  მობილიზირება უნდა მოახერხონ. იმისათვის, რომ ქალაქში ცხოვრება შეძლონ, მათ დიდი საფასურის გადახდა უწევთ სანტექნიკებისთვის, რათა ხელოსნებმა მოსახლეები ან მუნიციპალურ სისტემასთან დააკავშირონ არალეგალურად ან კიდევ ჭის წყლის ქსელთან. ეს,  მერფის ტერმინოლოგიით, ქმნის „მჭიდროდ დასახლებულ „იმ ადგილს“ „აქაურობის“ ფარგლებში.“

წყლის ქსელთან „სხვა“ საშუალებებით მიერთების გამო, რომლებიც პრემნაგარში მრავლად გვხვდება, მუმბაის ჰიდრავლიკური ინჟინრები პრემნაგარის ბინადრებს ხედავენ როგორც „არაკეთილშობილებს,“ რომლებიც არ არიან ჰიდრავლიკური მოქალაქეობის ღირსები. ისინი მოსახლეებს ხედავენ როგორც ბინძურებს, უსიამოვნოს და ქალაქის წყლის სისტემისთვის თუ, უფრო ზოგადად, ქალაქის სიცოცხლისუნარიანობისთვის საშიშებს. მუმბაის წყლის სისტემის საშუალებით წარმოებული განდევნა არც უმეცრებას და არც  ისტორიის დავიწყებას არ საჭიროებს და არც შორი დისტანციიდან მართვის შედეგია (იხილეთ Rose and Miller, 1992; Scott, 1998). რადგანაც ქალაქის ინჟინრებს პრემნაგარის პოპულაციასთან და მის შორიახლოს მუშაობა უწევთ, მე მინდა ვივარაუდო, რომ განდევნა დიალექტიკური პროცესია და ღრმად გამჯდარი დისკურსული ურთიერთობებიდან და მატერიალური პრაქტიკებიდან არის ნაწარმოები, სადაც განსხვავებულობა მუდმივად კვლავწარმოებული, განმტკიცებული და წინ წამოწეულია იმ ადამიანებს შორის, ვისაც ღრმად თანმხვედრი სოციალური ისტორია აქვთ. გადამწყვეტია, რომ ეს განსხვავებები კვალწარმოებული და ცხადყოფილი არის ურბანული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტისა და წარმოების საშუალებით.

 

თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

მუნიციპალური_გათიშვა_1588406832.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ამ სტატიაში მე ვიყენებ ტერმინებს „დასახლება“ და „მოსახლე“ და ვშორდები იმ მნიშნელობებს, რომლებსაც აღძრავს სიტყვები „მიყრუებული ადგილი“ და „მიყრუებული ადგილის მცხოვრები“  (იხილეთ Desai, 2003, Echanove and Srivastava, 2009; Ghannam, 2002). ერთის მხრივ, ეს უფრო ზუსტი თარგმანია სიტყვისა “ბასტი”, რომელსაც ხშირად ხმარობენ მუმბაის დასახლებების აღსაწერად. შესაბამის ენებში, ბასტიები და დასახლებები უფრო ზუსტად მიუთითებენ  იმ პროცესებზე, რითაც ურბანული ნიადაგი შეიქმნა. იქ, სადაც ვიყენებ „მიკარგული ადგილის მცხოვრებს“, იმ სამართლებრივ კატეგორიაზე ან სახელმწიფო განსახლების სისტემების კლასიფიკაციაზე მივუთითებ, რითაც მიკარგული ადგილის მცხოვრებნი (და ადგილები) იცნობა.

[2] მუნიციპალური გათიშვის აღწერისას მე იმის წარმოჩენა არ მსურს, თითქოს პრემნაგარის მცხოვრებლები წყალს არ იღებენ. როგორც პირველი ციტატა და სტატია აჩვენებს, პრემნაგარის მცხოვრებლები წყალს სხვადასხვა გზით ღებულობენ. ფორმალური დაკავშირების არაეფექტურობაზე ფოკუსირებით, მე მინდა, ის გზები აღვწერო, რომლის მეშვეობითაც მოსახლეები ყალიბდებიან ქალაქის ფორმალური წყლის მიწოდების სისტემისთვის და მისი ინჟინრების ყურადღების მიქცევის უღირს სუბიექტებად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“