საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა შიდა კონფლიქტებითა თუ ომებით; თუმცა, პოლიტიკური დღის წესრიგიდან, თითქმის სრულად არის განდევნილი იმ ადამიანების ხმები თუ მათ გამოცდილებებზე დაფუძნებული მსჯელობა, რომლებსაც ეს ომები პირდაპირ შეეხო და რომელთაც კონფლიქტების მეხსიერება აქვთ. ამის გათვალისწინებით, ეს ანგარიში, ჩვენი, ავტორების მცდელობა იყო, გვესაუბრა ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებაზე, კონფლიქტებზე და მშვიდობის მიღწევის აუცილებლობასა თუ მის მრავალშრიანობაზე. არსებული საკითხების კვლევის პროცესში, სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველი და ოსი მოსახლეობის გამოცდილებებს, თხრობის ქრონოლოგიასა და მათ სიტყვებს დავეყრდენით; ამ ანგარიშსაც, ერთ-ერთი რესპონდენტის სიტყვები დავარქვით სახელად. კვლევაზე მუშაობის პროცესში, გვინდოდა, მიგნებების არასწორი ინტერპრეტაციისგან მაქსიმალურად დაზღვეულები ვყოფილიყავით. ამ მიზნით, ანგარიშში უხვად ჩავრთეთ რესპონდენტების სიტყვები და მათი ხმები ამ ფორმით ავსახეთ. ვიაზრებთ, რომ ეს ანგარიში სრულად ვერ ფარავს იმ მრავალფეროვან თუ ურთიერთსაწინააღმდეგო გამოცდილებებს, რომლებიც ომისა და მშვიდობის, თანაცხოვრებისა და გლოვის თემებს შეიძლება უკავშირდებოდეს; მეორეს მხრივ, ანგარიში სავსეა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დამაფიქრებელი გამოცდილებებითა და მომავლის მიმართ ხედვებით; ამის გამო, მიგვაჩნია, რომ ამ ტექსტს აქვს პოტენციალი, გახსნას სააზროვნო ველი მოვლენების ახალი პერსპექტივებით დანახვისთვის.
აღვნიშნავთ, რომ მიგნებების ანალიზის ნაცვლად, თავად მიგნებები მივიჩნიეთ მოვლენების ანალიზის წყაროდ.
მადლობას ვუხდით კვლევის ყველა მონაწილეს დასამახსოვრებელი თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.
ინსტრუქცია