[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

მთავრობის პოპულიზმი პრაიდთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციური და ანტისოციალურია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება ღირსების მარშის ჩატარების გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და განცხადებებს და მთავრობას უსაფრთხოების და სოციალური მშვიდობის დაცვისკენ და კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

გუშინ საღამოდან და დღეს დილით კიდევ უფრო ფართე მასშტაბით რუსთაველის გამზირზე ჩანს კონტრ-აქციის მონაწილეების მობილიზება. კონტრ-აქციის მობილიზების განსაკუთრებით შეუწყო ხელი საპატრიარქოს ოფიციალურმა განცხადებამ, რომელმაც მრევლს 5 ივლისს 13:00 საათზე და 17:00 საათზე მასობრივ პარაკლისში მონაწილეობისკენ მოუწოდა. საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფმა ასევე მოუწოდა მრევლს ბავშების ქუჩებში გამოყვანისკენ. კონტრაქციის მონაწილეებს შორის დღეს ქუჩებში ჩანან სინოდის ცალკეული წევრებიც.

დღეს დილიდან სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფი ქუჩებში გადაადგილდება და მათი მხრიდან უკვე დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი. ძალადობრივმა ჯგუფებმა დილიდან დაშალეს პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციის კარვები. ქუჩაში ორგანიზებული ჯგუფები აგრესიულები არიან ჟურნალისტების მიმართ და რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ადგილზე მუშაობა რთულია და არ არის უსაფრთხო.

დღევანდელ მოვლენებს შუა დღისით გამართულ სამთავრობო სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას რუსთაველის გამზირზე პრაიდის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან ის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია და სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს შეიცავს. პრემიერ-მინისტრმა პრაიდის ჩატარება მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციას დაუკავშირდა. ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ პრაიდს ალტერნატიულ სივრცეში შეკრება შეუძლია და ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს რეგულარული კომუნიკაცია პრაიდის ორგანიზატორებთან. პრემიერ-მინისტრმა მიუთითა, რომ ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა, რადგან ჩვენი საზოგადოება ტრადიციულია.

შექმნილი ვითარების ფონზე, ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, ზუსტად რა გეგმები არსებობს ღირსების მარშის შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით. რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე უარი თქვან.

რუსთაველის გამზირზე გუშინ და დღეს პოლიციის მუშაობის დაკვირვება აჩვენებს, რომ ადგილზე მობილიზებული არ არის პოლიციის საკმარისი ძალები და შსს-ს არ მიუღია ზომები კონკრეტული ლოკაციების გამოყოფის, დაცვისა და აქციისა და კონტრ-აქციის მონაწილეეების დაშორიშორების მიზნით. შსს-ს მიერ გამოყენებული უსაფრთხოების სტრატეგია, განსაკუთრებით კი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხდების შემდეგ, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვის რეალური ინტერესი არ ჰქონია და სწორედ ამ მიზნით დაუშვა კონტრ-აქციის მონაწილეების ქაოტური და მასობრივი მობილიზაცია რუსთაველის გამზირზე და მიმდინარე ქუჩებზე.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება უკიდურესად შემაშფოთებეული იყო და ის ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. პრემიერ-მინისტრმა ტრადიციების და უმრავლესობის სახელით კონკრეტული ჯგუფების უფლებების უგულებელყოფა დაუშვა და გაამართლა. ის კვლავ შეეცადა ლგბტი საკითხების უპასუხისმგებლო, პოლიტიკურ გამოყენებას და პოლიტიკური პოლარიზების პროცესში ადამიანის უფლებების საკითხების ჩართვას. ღარიბაშვილს ერთი მოწოდებაც კი არ გაუკეთებია მშვიდობისა და უსაფთხოებისკენ და შიშველ და ანტისოციალურ პოპულიზმს მიმართა, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა მისი მართვის არადემოკრატიული და კონფლიქტების შექმნაზე და ინსტრუმენტალიზებაზე მიმართული ლოგიკა.

ჩვენი აზრით, ხელისუფლება სოციალური კონფლიქტების ხელოვნური შექმნით, დაშვებითა და მათი ინსტრუმენტალიზებით ცდილობს გადაფაროს ჩვენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური და პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება, რომელიც ვერ პასუხობს ჩვენს სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას, ჯანდაცვის სისტემის კრიზისს და სრულად უუნაროა გამოვიდეს ამ კრიზისიდან, დღეს იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობს თითქოსდა ხალხზე ორიენტირებული სახე-ხატის შექმნას.

ხელისუფლებები ჩვენს რეალობაში ისტორიულად ქმნიან სხვადასხვა “განტევების ვაცს”, რომელზეც ის მიმართავს ჩვენი ხალხის სოციალურ უიმედობას, ფრუსტრაციას და ბრაზს და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სტატუს ქვო უცვლელი რჩება. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ არსებული პოლიტიკური ელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მუდმივად გადაიფაროს რეალური კონფლიქტის მიზეზები ჩვენს რეალობაში და ამ მცდელობებში ხალხი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.

ჩვენს ქვეყენაში ლგბტქი ადამიანები თითქმის 10 წელია ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას კლერიკალური და სხვა რადიკალური კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე ძალადობის გამო. ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ვერც უსაფრთხოების გარანტიების შექმნა ლგბტქი ადამიანების შეკრებებითვის და ვერც გრძელვადიანი საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული პოლიტიკის გატარება, რომელიც ჰომოფობიის პრობლემას სისტემურად უპასუხებდა და ტრანსფორმაციული იქნებოდა. ამის საპირისპიროდ ხელისუფლება ჰომოფობიის პოლიტიკურ გამოყენებას ცდილობდა, უკვე ბოლო წლებში ლგბტი უფლებების არაღიარების და გაჩუმების სტრატეგიას იყენებს.

ხელისუფლებას არ აქვს ძალადობრივი რადიკალიზაციის გამკლავებისკენ მიმართული პოლიტიკა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მუდმივად იწყნარებს და ზოგჯერ პოლიტიკურად იყენებს კიდეც. აღნიშნული ჯგუფების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა საჯარო მუქარა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება, თუმცა არცერთ შემთხვევაში მას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაუშვა ამ ჯგუფების ფორმალურ პოლიტიკურ და მედია ველში შემოსვლა.

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ 2013 წლის 17 მაისის უმძიმესი გამოცდილების შემდეგ, სადაც სინოდის წევრების მონაწილეობით და წინამძღოლობით ჩატარებულმა აქციამ კოლექტიური და მასობრივი ძალადობის ფორმა მიიღო, საპატრიარქო კვლავ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით დგას და რეალურად ახალისებს სოციალური მშვიდობისა და ადამიანის პატიცისცემის წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკებს. საპატრიარქო, რომელიც შიდა კრიზისებშია მოქცეული და სწორედ სექსუალური სკანდალები ხდება შიდა განხეთქილების მიზეზი, ამ კრიზისების გააზრების ნაცვლად, კვლავ მრევლის ინსტრუმენტალიზებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ იზიარებს თბილისი პრაიდის აქტივისტურ სტრატეგიას და მიაჩნია, რომ ჰომოფობიის დაძლევა ტრანსფორმაციული მცდელობებით და ლგბტქი ადამიანების რეალურ საჭიროებებზე და დემოკრატიულ თვითორგანიზებაზე დაფუძნებული აქტივისტური დღის წესრიგებით არის მიღწევადი, ვწუხვართ, რომ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ამ მასშტაბის სოციალური წნეხის და პოლიტიკური არაღიარების გამოცდილების მიღება უწევთ. ეს რეალობა ორმაგად რთულია ლგბტქი თემის წევრებისთვის, რომლებიც ყოველდღიური ძალადობის, დისკრიმინაციის, სიღარიბის, უსახლკარობის, ოჯახებიდან განდევის რეალობაში ცხოვრობენ და 2011 წლის შემდეგ პოლიტიკური არაღიარების და ინსტრუმენტალიზების მსხვერპლები არიან.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • მიიღოს ეფექტიანი და დროული ზომები რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების რეალური უზრუნველყოფისთვის;
  • მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები დღეს და მომავალ პერიოდში ჰომო/ბი/ტრანსფობიული დანაშაულების აღკვეთის მიზნით;
  • მაქსიმალურად სცეს პატივი და დაიცვას ღირსების მარშის შეკრების თავისუფლება.

საქართველოს მთავრობას

  • საკუთარი განცხადებები მოიყვანოს შესაბამისობაში კონსტიტუციურ ლოგიკასთან და არ დაუშვას ადამიანის უფლებათა საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება;
  • შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა ჰომოფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი წინასწარგანწყობების ტრანსფორმაციის მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“