საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება დეზერტირების ბაზრის შესაძლო დახურვის საკითხს და სახელმწიფოს მოუწოდებს ისტორიული ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას, ბაზრის მშრომელებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვასა და გრძელვადიანად ამ ტერიტორიის გამოსყიდვასა და მის მუნიციპალურ ბაზრად ქცევას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები გუშინ დეზერტირების ბაზრის მშრომელებს შეხვდნენ. ისტორიული ბაზრის დახურვის სავარაუდო გადაწყვეტილება იქ მომუშავე ათასობით მშრომელისთვის სასიცოცხლო სოციალურ რისკებს უკავშირდება და მათი საერთო წუხილის საგანია.
მშრომელები გვიზიარებენ, რომ მათი ყოველდღიური შემოსავალი და მათი ოჯახების გადარჩენა სწორედ დეზერტირების ბაზარში ყოველდღიურ შრომას უკავშირდება. ბაზარს ათასობით თვითდასაქმებული ჰყავს, მათ შორის, გარემოვაჭრეები, გადამზიდველები, გლეხები, წვრილი ვაჭრები, ინდ მეწარმეები. დასაქმებულებს შორის უმრავლესობა ქალია, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილებით), ეთნიკური უმცირესობები, შრომითი მიგრანტები.
ქალები გვიყვებიან, რომ ისინი ბაზარში ადრეული დილის საათებიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობენ და ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის უმძიმეს ტვირთს უკავშირდება. მათი თქმით, აქ მომუშავე ადამიანების დიდ ნაწილს აქვს საბანკო დავალიანება (ძირითადად საცხოვრებლის შეძენის, ჯანმრთელობის საჭიროების, ბიზნესის კრიზისის ან მისი განვითარების მოლოდინის გამო) და ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვას დრამატული გავლენები ექნება მათი ოჯახების სოციალურ უსაფრთხოებაზე. მშრომელების თქმით, თუ ბაზარი დაიკეტება, მათ სხვა გზა აღარ დარჩებათ შრომითი მიგრაციის გარდა, რადგან შემოსავლის მიღების სხვა პერსპექტივებს ისინი საქართველოში ვერ ხედავენ.
41 წლის ქალი ვარ, 20 წელია აქ ვმუშაობ. მე სხვაგან სად უნდა დავსაქმდე?! ეს ერთგვარი ჭაობია, სადაც თუ შედიხარ, ვეღარ გამოდიხარ. აქ ჩემი შვილებისთვის ვშრომობ, რომ მათ მაინც ჰქონდეთ უკეთესი მომავალი - გაგვიზიარა ერთმა გარემოვაჭრე ქალმა.
ჩემს შვილიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბანკში ვალი ავიღეთ და 7 წელი კიდევ უნდა ვიხადო. თუ ვეღარ ვიმუშავებ, ყველაფერს დავარგავთ, სახლსაც. მაგრამ ჩემს გარდა აქ თითქმის ყველას აქვს საფინანსოების და ბანკების ვალი. ზოგიერთი ყოველდღიურ სესხსაც კი იღებს. - ამატებს მეორე მშრომელი ქალი.
მშრომელები საუბრობენ იმაზეც, რომ ისინი უკვე წლებია შრომობენ ამ ბაზრის სივრცეში და მხარდაჭერის და გადანაწილების ისეთი სოლიდარობის პრაქტიკები აქვთ შექმნილი, რომელიც მათთვის ეკონომიკურად და ემოციურად ღირებულია.
ეს ერთი დიდი სოფელია, სადაც ადამიანები შრომობენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. ყველა ყველას ვიცნობთ და წლებია ერთად მოვდივართ. მე თუ რამე დამაკლდება ან გამიჭირდება, მეზობელი მეხმარება და ასევ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. ჩვენ ამ კავშირების დაკარგვა არ გვინდა.- საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს კიდევ ერთი გარემოვაჭრე ქალი.
მშრომელებმა გაგვიზიარეს, რომ ისინი ბაზრის სივრცეებს (დახლებს, მაღაზიებს) მოკლევადიანი იჯარით იღებენ და ყოველთვიურ ან ყოველდღიურ მოსაკრებელს იხდიან ამისთვის. დახლზე მოვაჭრეებს პრაქტიკულად არ აქვთ იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებული, მაღაზიების წვრილი ვაჭრები კი მხოლოდ 1 ან 3 თვიან იჯარის ხელშეკრულებებს დებენ. მშრომელების თქმით, იჯარის ოდენობა საკმაოდ მაღალია და დახლების ყოველდღიური იჯარა დაახლოებით 36 ლარი ჯდება, მაღაზიების კი თვეში 350 ლარი. მათი თქმით, ყველას სხვადასხვა პირობით აქვს იჯარა და საერთო ფასები დადგენილი არ არის. სწორედ ამ ურთიერთობების სამართლებრივი დაუცველობა მშრომელებს არ აძლევს შესაძლებლობას სათანადოდ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ჰქონდეთ მყარი მოლოდინები მათ მომავალთან დაკავშირებით.
მშრომელების განმარტებით, მათ ბაზრის ადმინისტრაციისგან მიიღეს სხვადასხვა განმარტება ამ ტერიტორიაზე კომპანიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ ადგილას იგეგმებოდა ბაზრის სარემონტო სამუშაოები და მათ მხოლოდ დროებით უნდა დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი. თუმცა, მოგვიანებით ბაზრის ადმინისტრაცია საუბრობდა ამ ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეაზეც. ამასთან, ბაზარში დასაქმებული ადამიანებისთვის თბილისის მერიის შემოთავაზება, რომ მათ მუშაობა ნავთლუღისა და დიღმის ბაზრებში შეუძლიათ გააგრძელონ, მისაღები არ არის. მათი თქმით, დიღმის ბაზარი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის და იქ არც სათანადო ინფრასტრუქტურაა შექმნილი ბაზრისთვის, ნავთლუღის ისტორიული ბაზარი კი ისედაც დიდი ბაზარია და ამ ტერიტორიაზე ბაზრის მასშტაბურ გაფართოებას მათთვის ეკონომიკური სარგებლიანობა არ ექნება.
ბაზრის მშრომელები განმარტავენ, რომ ბოლი დღეებში მათთან მივიდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მერია მიმდინარე წლის ბოლომდე გადადებს ბაზრის დახურვის გადაწყვეტილებას. თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ ოფიციალური პასუხი. სწორედ ამიტომ მშრომელებს სახელმწიფოსთან დღეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: 1. თბილისის მერიისგან მიიღონ ოფიციალური განმარტება, რომ ბაზრის დახურვა არ მოხდება მიმდინარე წელს; 2. სახელმწიფომ მოახდინოს ისტორიული ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და მისი მუნიციპალურ ბაზრად ქცევა, რომელიც მათ სამართლებრივ და სოციალურ უსაფრთხოებას მოუტანს. აღნიშნული მოთხოვნებით მშრომელებმა უკვე ოფიციალურად მიმართეს კოლექტიური განცხადებით თბილისის მერიას.
მუნიციპალური ბაზრები, არა ერთ ქალაქსა და რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში, მართვასა და რეგულირებაში მოქმედ ბაზრებს, სადაც როგორც წესი ადგილობრივი ყოველდღიური პროდუქცია იყიდება (საკვები, ხელნაკეთობები, რეწვის პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქტები და ა.შ.). ამგვარი ბაზრები ხშირად განლაგებულია ქალაქების ცენტრალურ რაიონებში და მასპინძლობენ გამყიდველთა ფართო სპექტრს, ხშირად მათ შორის, გლეხებს, მცირე ფერმერებს, ხელოსნებს და სხვა ადგილობრივ მწარმოებლებს. მუნიციპალურ ბაზრები როგორც წესი, ეკუთვნის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომელიც ასევე მართავს ბაზრის ინფრასტრუქტურას, მოვლა-პატრონობასა და ყოველდღიურ ოპერაციებს. მუნიციპალური ბაზრების მთავარი პრინციპი ის არის, რომ ის ყველაზე ხელმისაწვდომი სავაჭრო ადგილია და ის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთთან აკავშირებს.
მუნიციპალური ბაზრების რეგულირება, როგორც წესი, მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ლიცენზირების და ნებართვების სისტემის დანერგვა; ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ბაზრის საათებისა, ასევე სივრცის ზონირებისა და ფუნქციონირების წესების განსაზღვრა; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; გამყიდველის მხარდაჭერა სუბსიდიების, სასწავლო პროგრამების ან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით; გარემოსდაცვითი რეგულაციების დაწესებას და ა.შ.
ტრადიციული მუნიციპალური ბაზრები, სოციალურთან ერთად, როგორც წესი ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას ატარებენ. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის დეზერტირების ისტორიულ ბაზარს ყოველთვის ამგვარი სოციალური დატვირთვა ჰქონდა.
არა ერთი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ მივიჩნევთ, რომ დეზერტირების ბაზრის მშრომელების მოთხოვნა მისი მუნიციპალურ ბაზრად გარდაქმნასთან დაკავშირებით ლეგიტიმური და სამართლიანია და შეიძლება გახდეს გრძელვადიანად მშრომელთა ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა.
საინტერესოა, რომ ჩვენ შევამოწმეთ გარემოებები, თუ ვინ არის ამ ეტაპზე ბაზრის მესაკუთრე და რა ტიპის ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეების ინტერესები ვლინდება ამ საქმეში.
ბაზრის მესაკუთრე 2023 წლის 16 ნოემბრიდან არის შპს "გალერეა არენა". კომპანიის მხრიდან, მიწის შეძენა მოხდა შპს" თბილისი მოლისგან", რომლის ერთ-ერთი მეწილეც არის ხვიჩა მაქაცარია. შპს “თბილისი მოლში”, წილს ფლობენ რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე და ჰოლდექს ინტერსეილსი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ხვიჩა მაქაცარია არის CBS ჰოლდინგის დამფუძნებელი და არის არა ერთი მსხვილი ბიზნესის მეწილე, მათ შორის, თელასში, თბილისი ენერჯიში, სელფი მობაილში (ბილაინი), საქართველოს ეროვნულ ლატარიაში, თბილისის მიკროავტობუსების ქსელებში.
"გალერეა არენას" დამფუძნებელი არის კობა ღურწკაია, რომელიც რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა და რეესტრის მონაცემებით არის CBS ჰოლდინგის დირექტორიც. ამ ჰოლდინგის 100 % წილის მფლობელი 2021 წლიდან მარია კოხიაა, ისიც რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და ხვიჩა მაქაცარიას ცოლია.
კობა ღურწკაიას კომპანია "გალერეა არენა" 2023 წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა. 2023 წლის 10 ოქტომბერს ამ ტერიტორიაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა მე-4 კლასის შენობაზე. 2024 წლის აპრილში მშენებლობის გეგმა და გრაფიკი შეიცვალა, კერძოდ მშენებლობის ვადები 2024 წლის 27 მაისიდან 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. Ამ პერიოდში კომპანიამ ბაზრის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს.
კობა ღურწკაიას ქართული ოცნებისთვის აქვს გაკეთებული არა ერთი შემოწირულობა, ჯამურად 180 ათასი ლარის ოდენობით. უშუალოდ ხვიჩა მაქაცარიამ კი ღიად დაუჭირა მხარი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას.
ამდენად აშკარაა, რომ ბაზრის რეალური მესაკუთრე და ბენეფიციარი რუსეთთან დაკავშირებული გავლენიანი ბიზნესმენია, რომელიც ბიზნეს საქმიანობას სწორედ ოფშორული კომპანიების გზით ეწევა. ასევე ის დაკავშირებული ხელისუფლებასთან და მის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას ავლენს.
ჩვენი შეფასებით, ბაზრის მუნიციპალურ საკუთრებად ქცევის მოთხოვნა მშრომელების მხრიდან უფრო უსაფრთხო და სამართლიანი შრომითი ურთიერთობების ინტერესს ავლენს, რომელშიც მშრომელები უფრო შეძლებენ გააკონტროლონ თავიანთი სამუშაო პირობები და არ ექვემდებარებიან საბაზრო ძალების ცვალებადობას.
გარემოვაჭრეების მიერ ბაზარი აღწერილია, როგორც სივრცე, სადაც სოლიდარობა და ურთიერთდახმარება განვითარდა წლების გაზიარებული გამოცდილების შედეგად. ბაზრის მშრომელების დაჟინებული მოთხოვნა შეინარჩუნონ სათემო კავშირები კოლექტიური აგენტობის ფორმაა, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალისტური და კონკურენტული ბაზრის ლოგიკას.
მშრომელები ითხოვენ, რომ ქალაქის საჯარო სივრცეებზე, როგორც საერთო სივრცეებზე წვდომა იყოს თანაბარი და ინკლუზიური. აშკარაა, რომ ბაზარი ფუნქციონირებს როგორც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკური სივრცეა. ის გადამწყვეტია ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქციისთვის, რაც საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველებს და ქალებს შეასრულონ როგორც ეკონომიკური, ასევე ზრუნვის მოვალეობები საკუთარ ოჯახებისთვის.
ცხადია, რომ ბაზრის პოტენციური დახურვა უკავშირდება ურბანული გენტრიფიკაციის პროცესს, სადაც ეკონომიკურად მარგინალიზებული მოსახლეობა კარგავს კონტროლს ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე და პერიფერიებში განიდევნება. ქალაქის ნეოლიბერალური ურბანული განვითარება, რომელიც ბოლო წლებია თბილისის განვითარების დომინანტური ხაზია, ქალაქის სივრცეების გადანაწილებაში უპირატესობას ანიჭებს მოგებას და ანადგურებს წლების განმავლობაში შექმნილ სოციალურ და სათემო კავშირებს და უთანასწორო სოციალურ და სივრცით პრაქტიკებს ქმნის.
ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით და მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება მშენებლობის ნებართვისა და მიმდინარე პროცედურების შესახებ, ასევე ბაზრის დახურვის საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ. ცხადია, რომ ამ ინფორმაციას მიღებისთანავე მივაწვდით საზოგადოებას და დეზერტირების ბაზრის მშრომელებს.
ამასთან ჩვენ ვუერთდებით, ისტორიული ბაზრის მშრომელების მთავარ მოთხოვნას და მოვუწოდებთ თბილისის მერიას შექმნას ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ ამ პროცესში ჩართოს მშრომელები და სხვა დაინტერესებული პროფესიული, თუ სამოქალაქო გაერთიანებები.
ინსტრუქცია