საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, 2019 წლის 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას.
EMC მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობით მიუთითებდა, რომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არსებობდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული, სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევა სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
EMC შეფასებით, მოსამართლეს უნდა შეეფასებინა ამ კონკრეტულ საქმეში ამგვარი მტკიცებულებების არსებობა, თუმცა მან მხოლოდ შაბლონურად, ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე მიუთითა მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლის აბსტრაქტულ საფრთხეზე, რაც მოსამართლის განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. აღნისაშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მსგავსი შაბლონური გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს ეროვნული სასამართლოების კრიტიკის საგანი, თუმცა, აშკარაა, რომ ამ მავნე პრაქტიკას სასამართლოები არსებითად არ ცვლიან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჩივარში EMC ასევე აკრიტიკებს მორის მაჩალიკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების სუსტი დასაბუთების საკითხს და სასამართლოს სთხოვს, გადახედოს აღვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს.
EMC იმედოვნებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და მორისი მაჩალიკაშვილის მიმართ გააუქმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, EMC იმედოვნებს, რომ სასამართლო სისტემა აღნიშნულ საქმეებზე სამართლიანი მართლმსაჯულების და სასამართლო კონტროლის განხორციელებას რეალურად მოახერხებს.
ინსტრუქცია