[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / სტატია

მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი - სვანების ბრძოლა საცხოვრებელი გარემოსთვის

ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე - იქნება ეს ხის ჭრა, ჰაერის დაბინძურება თუ ზოგადად საცხოვრებელი გარემოსთვის საფრთხის შექმნა - ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გააქტიურება შეინიშნება.

ზოგადად, ამ ბრძოლების გააქტიურება ჯაჭვურ კავშირში უნდა დავინახოთ სახელმწიფოს იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შექმნის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, მზად არის, ყველაფრის ფასად, ათწლეულებით გაასხვისოს, ბოლომდე აითვისოს და ეკონომიკურ წარმოებაში მიმართოს ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ქვეყანაში. ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს სამუდამოდ გარდაქმნისა და მათთვის ხელმისაწვდომი საჯარო სივრცეების გაქრობის ხარჯზე ხდება, რის შესახებაც მოსახლეობა ხშირად მხოლოდ მას შემდეგ იგებს, რაც ნებართვებით და ლიცენზიებით აღჭურვილი ინვესტორი სამშენებლო ტექნიკით მათ პირისპირ აღმოჩნდება.

ეკონომიკური განვითარების მსგავს მოდელს ვაწყდებით ზემო სვანეთშიც, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის ათვისება, იქნება ეს ოქროსა თუ სხვა სახის მადანის მოპოვება, ტყის ჭრა თუ რეგიონის ჰიდრო რესურსების ათვისება. სვანეთში, მხოლოდ მდინარე ენგურის აუზზე, 20-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. 

ბუნებრივია, რესურსების მსგავსი ინტენსიური ათვისებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით გარემოს არსებითი ტრანსფორმაციის მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი კითხვები და წინააღმდეგობა უჩნდება. მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რა ადგილი უჭირავს ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების ამ მოდელში და როგორ შეძლებენ საკუთარი საცხოვრებელი სივრცის გადარჩენას.

სვანებს გარემოსდაცვით საკითხებზე წინააღმდეგობის უნიკალური გამოცდილება აქვთ. ენერგოპროექტებისადმი მსხვილმასშტაბიანი წინააღმდეგობა, ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოტივით, საქართველოში პირველად 1989 წელს, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად და სვანეთში ხუდონ ჰესის პროექტის შეჩერებით დასრულდა.

წინააღმდეგობის ახალი ეტაპი კი მას შემდეგ იწყება, რაც აქტიურდება ზემო სვანეთში ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების, მათ შორის ხუდონ ჰესისა და ნენსკრა ჰესის მშენებლობის საკითხი.

სვანი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამოცდილება გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა წინააღმდეგობის ინსტრუმენტებად, ერთიანობისა და სოლიდარობის შესანარჩუნებლად იყენებს სვანურ ტრადიციებს და ათავსებს მას სამართლებრივ ენაზე არტიკულირებულ წუხილებთან, როცა სასამართლოებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში ცდილობს კონკრეტული პროექტების უკანონობის დასაბუთებას. თუმცა, საბოლოოდ ყველა ასეთი ბრძოლა მაინც ფრაგმენტული გამოდის, რადგან ის კონკრეტულ პროექტს უპირისპირდება, რომელიც წინააღმდეგობის წარმატების პირობებშიც მარტივად შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა ინვესტორმა ან/და სხვა პროექტმა „უკეთესი შემოთავაზებებით“.

იმის გათვალისწინებით, რომ რესურსების მაქსიმალური ათვისების ფარგლებში განვითარების გეგმა მასშტაბურია, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეალურად შეძლოს მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა, საჭირო არის უფრო სისტემური წინააღმდეგობის სტრატეგია.

2018 წლის მარტში, მესტიაში ლალხორის შეკრებამ, რომელზეც სვანეთის თითქმის ყველა თემის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც კატეგორიულად აკრძალა მთელს სვანეთში ჰესების მშენებლობა, ოქროს წარმოება და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი ყველა ტიპის სამუშაოს ჩატარება. ამავე დროს, ლალხორმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა და სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარება მოითხოვა, რასაც სვანებისთვის ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება უნდა მოჰყვეს, ხოლო საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სვანებთან შეთანხმების გარეშე, სვანეთში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ უნდა განხორციელდეს.

ლალხორის განცხადებამ სვანებისთვის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მათ შორის სვანებისთვის, დღემდე სათანადოდ აღქმადი არ არის, თუ რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს მსგავსი სტატუსის მინიჭება. მკვიდრი მოსახლეობის საკითხმა მრავალმხრივი ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის საბაბი გააჩინა.

 

რას ნიშნავს მკვიდრი მოსახლეობა?

ქართული სამართალი მკვიდრი მოსახლეობის საკითხს არ არეგულირებს. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ხელისუფლება და კანონმდებლობა უარყოფს მსგავსი ჯგუფების არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე.

მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მქონე ხალხები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ტრადიციებითა და მახასიათებლებით გვხვდება. მკვიდრი მოსახლეობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, არსებობს გარკვეული კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მკვიდრი მოსახლეობის იდენტიფიცირება მოხდეს კონკრეტული ქვეყნის კონტექსტისა და ამ ადამიანების თვითაღქმით როგორც მკვიდრი მოსახლეობა. [1]

ერთიანი განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მკვიდრი მოსახლეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის არ არსებობს საერთაშორისო სამართალში და აღნიშნული ტერმინი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. მკვიდრი მოსახლეობის განმარტებისას ხშირად ეყრდნობოდნენ მარტინეზ კობოს (Martinez Cobo) პირველად მიდგომას, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის აუცილებელ კომპონენტად კოლონიურ გამოცდილებას მიიჩნევდა.[2]  თუმცა, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად გაკრიტიკებულია აკადემიურ სივრცეებში და ის ვერ დამკვიდრდა საერთაშორისო დოკუმენტებშიც.

მკვიდრი მოსახლეობების ფართო განმარტება გააკეთა გაეროს სამუშაო ჯგუფმა 1982 წელს, და ის შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „მკვიდრი მოსახლეობები მოიცავს იმ ხალხთა შთამომავლებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ცხოვრობდნენ თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ დროს, როცა ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ განსხვავებული კულტურის ან ეთნიკური წარმომავლობის ხალხები და თანდათანობით ჩააყენეს ისინი არადომინანტურ ან კოლონიურ მდგომარეობაში; ისინი, ვინც დღესდღეობით უმეტესწილად ცხოვრობენ მათთვის დამახასიათებელი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ჩვეულებითა და ტრადიციებით, ქვეყნის ინსტიტუციებთან ერთად, სახელმწიფოს იმ სტრუქტურული მოწყობის საფუძველზე, რომელიც დიდწილად ითავსებს პრედომინანტური მოსახლეობების ეროვნულ, სოციალურ და კულტურულ მახასიათებლებს.“[3] სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ეს განმარტება თავისუფლად შეიძლება მოერგოს ბასკებს, ჩრდილო ირლანდიელებს, უელსელებს, ჩეჩნებს, ტიბეტელებს, პუერტო რიკოელებსა და სხვა.[4]

თანამედროვე დეფინიციები რადიკალურად ცვლის მიდგომებს და მკვიდრი მოსახლეობის განმარტებისას ეყრდნობა კულტურული თავისებურებების („ტრადიციული ცხოვრების წესის“) არსებობისა და განვითარების აუცილებლობის კრიტერიუმს.[5] ეს მიდგომა ხაზს უსვამს ერი-სახელმწიფოს დომინანტური სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურებისგან მკვიდრი მოსახლეობების კულტურულ განსხვავებულობას.[6]

ამ კონტექსტში რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტების მოხმობაა შესაძლებელი, მათ შორის კონკრეტული კრიტერიუმები აქვთ გაწერილი სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას. მაგალითად, მსოფლიო ბანკი (The World Bank) მხედველობაში არ იღებს „კოლონიურობის“ კრიტერიუმს, მიუთითებს რა, რომ „ადგილობრივი ხალხები არიან სოციალური ჯგუფები ისეთი იდენტობებით, რომლებიც გამოარჩევს მათ ეროვნული საზოგადოებების სხვა დომინანტური ჯგუფებისგან და აქცევს მოსახლეობის მარგინალიზებულ და მოწყვლად სეგმენტად.“[7] მსოფლიო ბანკი უფრო კონკრეტულად მიუთითებს, რომ ეს გულისხმობს: თვითიდენტიფიკაციას როგორც გამორჩეული ადგილობრივი კულტურული ჯგუფის წევრები; კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა და წინაპრების ტერიტორიაზე კოლექტიურ მიკუთვნებულობას; ჩვეულებაზე დაფუძნებულ გამორჩეულ კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ ან პოლიტიკურ ინსტიტუტებს; და ადგილობრივ ენას.[8] მკვიდრი მოსახლეობები „მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მათ მიწასთან, ტყესთან, წყალთან, ველურ გარემოსთან და სხვა ბუნებრივ რესურსებთან.“[9]

კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ფართოდაა მიღებული მისი პრაქტიკული შინაარსის გამო, ეკუთვნის მარტინეზ კობოს, რომელმაც თავდაპირველი მიდგომა შეცვალა. ამ დეფინიციის თანახმად, „ადგილობრივი ხალხები მოიცავენ ნებისმიერ საზოგადოებას (თემს), რომლებიც ინარჩუნებენ საკუთარი წინაპრების ტერიტორიასთან ისტორიულად უწყვეტ კავშირს.“[10]

ალბათ ყველაზე ხაზგასასმელია, რომ არსებითად მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის საკითხი უშუალოდ მოსახლეობის ასეთად თვითაღქმას უკავშირდება. ამ დროს გადამწყვეტია „თვითიდენტიფიკაცია“ (self-identification) ან „თვითგანსაზღვრა“ (self-definition).[11] ადგილობრივი ხალხების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის (WGIP) მომხსენებელი აღნიშნავს, რომ „ისტორიულად, ადგილობრივი ხალხები ზარალდებოდნენ სხვების მიერ შექმნილი დეფინიციებით.“[12]

 

რისი მომტანი შეიძლება იყოს მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი სვანებისთვის?

მკვიდრ მოსახლეობას გააჩნია თვითგამორკვევის უფლება. „თვითგამორკვევა უნდა გულისხმობდეს კულტურული ჯგუფების უფლებას, ჰქონდეთ ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლითაც მოახერხებენ არსებობასა და განვითარებას მათი განსაკუთრებული მახასიათებლების შესაბამისად.“[13] ეს შესაძლოა გულისხმობდეს რაიმე ფორმის ავტონომიას, ბუნებრივ რესურსებზე კონტროლს, ბუნებრივი გარემოს პრეზერვაციას, განათლების, ენისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებს, ასევე ყველაფერ იმას, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მათი კულტურული იდენტობისა და მთლიანობის შენარჩუნებისთვის.[14]

2018 წლის მარტში ლალხორის მიერ მკვიდრი მოსახლეობის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია დაახლოებით იმის იდენტიფიცირება, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის აღიარების მოთხოვნა: ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონებას  და სვანებთან შეთანხმების გარეშე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეწყვეტას.

მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს ტრადიციულ საკუთრებასთან და მათ გარემოში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი აწესრიგებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გაეროს დეკლარაცია მკვიდრი მოსახლეობების უფლებებთან დაკავშირებით[15] და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია მკვიდრი და ტომობრივი მოსახლეობის შესახებ.[16]

მითითებული დოკუმენტების თანახმად, მკვიდრ მოსახლეობას გააჩნია უფლებები იმ მიწებზე, ტერიტორიებსა და რესურსებზე, რომელსაც ტრადიციულად იკავებდნენ, ფლობდნენ და სარგებლობდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ მკვიდრი მოსახლეობის საკუთრების უფლება წყდება არა მიწაზე საკუთრების უფლებების ოფიციალური აღიარებით ან რეგისტრაციით, არამედ ტრადიციული სარგებლობით.[17]

მკვიდრ მოსახლეობას უფლებები არ გააჩნია მხოლოდ იმ მიწებზე, რომლებსაც ამუშავებდა ან რომელზეც ცხოვრობდა, არამედ უფრო ფართო ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მთელ გარემოს, არეალს, რომელსაც ის იკავებდა ან სხვა სახით გამოიყენებდა, მათ შორის, ბუნებრივი რესურსები, მდინარეები, ტბები და სანაპიროები.[18]

მკვიდრ მოსახლეობას გააჩნია უფლებები მათ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის ეს უფლება მოიცავს ამ რესურსების ფლობის, სარგებლობის, განვითარებისა და კონტროლის უფლებას. ეს რესურსები მოიცავს, როგორც არაგანახლებად, ისევე განახლებად რესურსებს.

საერთაშორისო სამართალი ასევე აღიარებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბუნებრივი რესურსების ექსკლუზიური მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება სახელმწიფოს გააჩნია, თუმცა ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა მკვიდრი მოსახლეობის  კონსულტირება, მონაწილება, ასევე კომპენსირება იმ ზიანისთვის რომელიც გამოიწვია ამ რესურსების გამოყენებამ.[19] ასეთივე წინასწარი შეთანხმებაა საჭირო მკვიდრი მოსახლეობის ნებისმიერი სახით, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, გადასახლებასთან დაკავშირებით. კერძოდ კი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მკვიდრი მოსახლეობის უფლებები და ერთიანობა, ამ ადამიანების გადასახლება შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მათი თავისუფალ და ინფორმირებულ არჩევანზე დაფუძნებული თანხმობის პირობებში, რაც გულისხმობს, რომ მკვიდრ მოსახლეობას სრულად აქვს გააზრებული გადასახლების არსი და ის შედეგები, რაც მას შეიძლება მოჰყვეს და იგი ეთანხმება მას. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი თანხმობის მიღება ვერ ხდება, გადასახლება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგების შესაბამისად, მათ შორის უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ ადამიანების საჯარო გამოკითხვა, რომელთაც უშუალოდ ეხებათ გადასახლება.[20]

მითითებული სტანდარტების დამკვიდრება სვანეთის კონტექსტში არსებითად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინტერესების დაცვას იმ ძირითადი გამოწვევების მიმართულებით, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისას თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება მოსახლეობას, იქნება ეს სახელმწიფოს მიერ ტრადიციული, სათემო საკუთრების არაღიარება, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის არასათანადო ჩართულობა და მათი არაინფორმირებულობა თუ მოსახლეობის გადასახლების გადაწყვეტა, როგორც ხუდონ ჰესის შემთხვევაში მოხდა; ასევე კულტურისა და სვანური ენის თვითმყოფადობის უზრუნველყოფა, რომელიც UNESCO-ს თანახმად, უდავოდ განადგურების პირას მყოფ (Definitely endangered)  ენებშია შეყვანილი.[21]

 

სვანების ბრძოლა მკვიდრი მოსახლეობის სტატუსისთვის

დღეის მდგომარეობით, სვანებს მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი არც საქართველოს კანონმდებლობით და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული არ აქვთ.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სვანების მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი იქნა შეფასებული, ნენსკრა ჰესის პროექტია. დოკუმენტში, აღნიშნული სტატუსი სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრული კრიტერიუმების კომბინაციაზე დაყრდნობით შეფასდა.

კერძოდ კი, კომპანიის მიერ სვანებისთვის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი შემდეგ კრიტერიუმზე დაფუძნებით განისაზღვრა:

  1. თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების მიერ;
  2. კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებული დასახლებებთან (ტრადიციული მიწები) ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის ფართობზე და ბუნებრივი რესურსებისადმი ამ დასახლებებსა და ფართობებზე;
  3. დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იგივე ინსტიტუტებისაგან;
  4. ცალკე ენა (ან დიალექტი EBRD-ისათვის) ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან რეგიონის ოფიციალური ენისაგან (ან დიალექტისაგან EBRD-ისათვის)
  5. წარმომავლობა მოსახლეობისაგან რომელიც ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე/პირუტყვის გადადენა) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით ან განსაკუთრებული კანონებით ან რეგულაციებით;[22]

 

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ მკვიდრი მოსახლეობის ცალკეულ მახასიათებლებს, განსაკუთრებით ზემო სვანეთის გეოგრაფიული იზოლირების გამო, მთლიანად სვანური საზოგადოების მიმართ არ არსებობს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საჭიროება.[23]

აღნიშნული შეფასების გამო, რომელიც არსებითად თანხვედრაში არ მოდის სვანების თვითაღქმასთან, სვანი მოსახლეობის სახელით რამდენიმე დავა მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, იმ არგუმენტით რომ არასათანადოდ შეფასდა სვანების მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის საკითხი.[24]

 

გაუგებრობა და მანიპულაციები მკვიდრი მოსახლეობის სტატუსთან დაკავშირებით

მკვიდრი მოსახლეობის სტატუსზე სვანების მიერ საუბრის დაწყების პარალელურად დაიწყო სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციების გავრცელება აღნიშნულ თემაზე, ამ იდეის და მისი მომხრეების მარგინალიზება და მათთვის რადიკალების, სეპარატისტებისა და სხვა მსგავსი შეფასებების მიცემა. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც, რაც ერთი მხრივ შესაძლოა მითითებული საკითხის არცოდნით ყოფილიყო გამოწვეული ან/და განვითარების არსებული მოდელისთვის დამატებითი ბარიერების თავიდან აცილების მიზნით განზრახ ხდებოდეს ამ თემით მანიპულირება.  

აღნიშნული იდეის მარგინალიზება ადგილობრივ მოსახლეობაში ძირითადად რამდენიმე მეთოდით ხდება. მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიუთითებდა, რომ მათ აჩვენებდნენ აფრიკელი ტომების ფოტოებს, რითიც ხაზს უსვამდნენ თითქოს მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭებით სვანების შედარება პირველყოფილ ტომებთან ხდებოდა, რაც რა თქმა უნდა რადიკალურად აცდენილია მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის თანამედროვე გაგებას.

მეორე მოსაზრება, სვანი მოსახლეობის განსაკუთრებული სტატუსის აღიარების შიშს უნდა დავუკავშიროთ, რომელსაც „სეპარატიზმის“ საშიშროებად ან/და პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად მოიხსენიებენ. ამ მხრივ, წარმოჩნდება, თითქოს მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მოთხოვნით სვანები უარს აცხადებენ ან რაიმე სახით აკნინებენ საკუთარ ქართველობას.

სინამდვილეში კი ეს ყველაფერი სვანებისთვის, საქართველოს, საკუთარი სამშობლოს შიგნით, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის, მათი გამორჩეული წეს-ჩეულებების, ტრადიციების, ცხოვრების წესის, ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტრუმენტია, რომლისთვისაც სახელმწიფომ თანამედროვე ეკონომიკური განვითარების მოდელში სათანადო ადგილი ვერ მოძებნა.

სახელმწიფოს პასუხი კი ამ ყველაფერზე წესით ძალიან მარტივი უნდა იყოს, რომლის ფორმულას ისევ ლალხორი გვთავაზობს: ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება და სვანების ჩართულობის, მათი პროცესში მონაწილეობის გარეშე, მათ საცხოვრებელ გარემოში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილების დაუშვებლობა.

 

 

პროექტი ხორციელდება EMC-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით

ბლოგის  შინაარსზე პასუხისმგებელია EMC. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI- შეხედულებებს

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Birgitte Feiring “Indigenous peoples’ rights to lands, territories, and resources” p.14 ხელმისაწვდომია: https://www.landcoalition.org/sites/default/files/documents/resources/IndigenousPeoplesRightsLandTerritoriesResources.pdf

[2] Odette Mazel, The Evolution of Rights: Indigenous Peoples and International Law, Australian Indigenous Law Review , Vol. 13, No. 1, 2009, p. 148, ხელმისაწვდომია: https://www.jstor.org/stable/pdf/26423121.pdf?ab_segments=0%252Fdefault-2%252Fcontrol&refreqid=excelsior%3A3fab89a2819b612b890af8b426a72517

[3] Jeff J. Corntassel and Tomas Hopkins Primeau, Indigenous "Sovereignty" and International Law: Revised Strategies for Pursuing "Self-Determination", Human Rights Quarterly, Vol. 17, No. 2, 1995, p. 347, ხელმისაწვდომია: https://www.jstor.org/stable/pdf/762521.pdf?ab_segments=0%252Fdefault-2%252Fcontrol&refreqid=excelsior%3Ab4f5a6eba4515783a7ebc2c4a439a1b3

[4] იქვე, p. 348.

[5] Ulia Popova-Gosart, Indigenous Peoples: Attempts to Define, 2012, p. 89, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/233953469_Indigenous_Peoples_Attempts_to_Define

[6] იქვე, p. 104.

[7] Odette Mazel, დასახელებული სტატია, p. 148.

[8] INDIGENOUS PEOPLES OF RUSSIA COUNTRY PROFILE, The International Bank for Reconstruction and Development/ The World Bank, 2014, p. VIII, ხელმისაწვდომია: http://documents.worldbank.org/curated/en/537061468059052611/pdf/891510WP0Box380gual0flipbook0GB0WEB.pdf

[9] იქვე, p. IX.

[10] INDIGENOUS PEOPLES OF RUSSIA COUNTRY PROFILE, The International Bank for Reconstruction and Development/ The World Bank, 2014, p. 12.

[11] Jeff J. Corntassel and Tomas Hopkins Primeau, დასახელებული სტატია, p. 348.

[12] INDIGENOUS PEOPLES OF RUSSIA COUNTRY PROFILE, The International Bank for Reconstruction and Development/ The World Bank, 2014, p. 12.

[13] Jeff J. Corntassel and Tomas Hopkins Primeau, Indigenous "Sovereignty" and International Law: Revised Strategies for Pursuing "Self-Determination", Human Rights Quarterly, Vol. 17, No. 2, 1995, p. 363, ხელმისაწვდომია: https://www.jstor.org/stable/pdf/762521.pdf?ab_segments=0%252Fdefault-2%252Fcontrol&refreqid=excelsior%3Ab4f5a6eba4515783a7ebc2c4a439a1b3

[14] იქვე, p. 365

[15] 61/295. „United Nations Declaration on the Rights of Indigenous Peoples“(UNDRIP); Resolution adopted by the

General Assembly on 13 September 2007 ხელმისაწვდომია: https://www.un.org/development/desa/indigenouspeoples/wp-content/uploads/sites/19/2018/11/UNDRIP_E_web.pdf

[16] ILO C169 - Indigenous and Tribal Peoples Convention, 1989 (No. 169); ხელმისაწვდომია: https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_CODE:C169

[17] UNDRIP art. 25, 26.1, 26.2; C169 art. 14.1; C107 art. 11.

[18] UNDRIP art. 26; C169 art. 13.2

[19] ILO “INDIGENOUS & TRIBAL PEOPLES’ RIGHTS IN PRACTICE”; A GUIDE TO ILO CONVENTION No. 169; 2009; P.107; ხელმისაწვდომია: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_norm/---normes/documents/publication/wcms_106474.pdf

[20] იქვე; გვ.169;

[21] http://www.unesco.org/languages-atlas/en/atlasmap/language-id-1058.html

[22] „ნენსკრა ჰესის პროექტი დამატებითი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევები“

ტომი 3 სოციალური ზემოქმედების შეფასება 2017 წ. ნოემბერი; გვ30-33; http://nenskra.ge/file/2019/05/Vol-3_ES-Nenskra_Social-Impact-Assessment_Nov2017_GEO-1.pdf

[23] იქვე;

[24] Nenskra complaint to the European Investment Bank; ხელმისასწვდომია: https://bankwatch.org/publication/nenskra-complaint-to-the-european-investment-bank ;  Request to the EBRD’s PCM on the Nenskra hydropower project; ხელმისაწვდომია: https://bankwatch.org/publication/request-to-the-ebrd-s-pcm-on-the-nenskra-hydropower-project

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“