საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ბოლო დღეებში ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ პრობლემურ განცხადებებს კონფლიქტების და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და საკუთარი პოზიციები სახელმწიფოს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
მიმდინარე თვეში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე ფაქტების (თამაზ გინტურის მკვლელობა, თემურ კარბაიას მკვლელობა) კომენტირებისას პოლიტიკოსებმა გააკეთეს მკვეთრად პრობლემური განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკის ლოგიკას და კონფლიქტების საკითხების ინსტრუმენტალიზების და პოპულიზმის გამოვლინება უფროა. კერძოდ:
2023 წლის 6 დეკემბერს ტვ პირველის გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ სტუმრობისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაიმეორა 1990-იანი წლების შოვინისტური ნარატივი, რომელიც აფხაზების ეთნოგენეზისზე სპეკულაციურ და დამახინჯებულ წარმოდგენებს ქმნის და შუღლის გაღვივებას უფრო ახდენს: „აფსუებს თუ უნდათ წავიდნენ ყაბარდო ბარკალეთში. ჩამოხეტებული აფსუები მივიღეთ, ჩავიხუტეთ და ასე გადაგვიხადეს მადლობა... ტანსაცმელი არ ჰქონდათ, რომ ჩამოეხეტნენ გუდაუთაში. მსოფლიოს არ უნდა ეგონოს რომ ჩვენ და აფსუებს თანაბარი უფლებები გვაქვს. ვისაც მოუნდება დამოუკიდებელი სახელმწიფო წავიდეს, წაეთრას საიდანაც მოვიდა და იქ შექმნას.“ სამწუხაროდ, პოლიტიკოსის ამ უპასუხისმგებლო განცხადებას საჯაროდ არ გაემიჯნა და სათანადო კომენტარი არ გააკეთა არც გადაცემის წამყვანმა, ეკატერინე მიშველაძემ.
2023 წლის 13 დეკემბერს პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველო“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა: „ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% და ზოგჯერ მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს. კითხვა ისმის, რატომ? [..] რატომ ვაფინანსებთ და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას? რაში იცვლება ეს, თუკი ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ჩვენი მტერი არანაირ ფასს არ იხდის. ჩვენ დღეს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთის მარიონეტებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ვითარება არ გამოსწორდება, მთლიანად ჩაიკეტება ენგურჰესი მათთვის.“ მანამდე მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გიგა ბოკერია წერდა: „მშვიდობიან მოგვარებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მუდმივი ღაღადი მხოლოდ სისუსტისა და უმწეობის გამოვლინებაა და ჩვენი საზოგადოების სწორი მიზნის გარშემო მობილიზების ნაცვლად, მხოლოდ დემორალიზაციას იწვევს და ამით გვაშორებს ჩვენს ეროვნულ ამოცანებს“.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მმართველი პოლიტიკური პარტიის დეპუტატის, ბექა დავითულიანის 2023 წლის 11 დეკემბრის განცხადება, სადაც ის პირდაპირ დაუპირისპირდა მისი პარტიის მიერ განცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას: „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, მაგრამ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს“.
აღნიშნული განცხადებები აცდენილია საქართველოს ოფიციალურ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც 2010 წლიდან ადგენს, რომ დეოკუპაციისა და კონფლიქტების მოგვარების მიზანს საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მიაღწევს და ის გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამასთან, “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” შესახებ მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის განკარგულება ადგენს, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში.
2010 წლის შემდეგ სამშვიდობო პოლიტიკის ინსტრუმენტები და პროგრამები პრაქტიკულად კიდევ უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა - მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების 2014 და 2017 წლების ხედვები, ასევე სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანმიმდევრულად აღიარებენ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზებით დარეგულირების და გაყოფილ საზოგადოებებთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.
ყველა ზემოთ განხილული განცხადება სამშვიდობო პოლიტიკის ამ სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან:
უფრო მეტიც, განსახილველი განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების მოლოდინებს და ხედვებს, რომელიც ერთხმად უჭერს მხარს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებას და რომელსაც ბოლო დროს ჩატარებული რაოდენობრივი კვლევებიც ადასტურებს (CRRC, UNWOMEN).[1]
იმ პირობებში, როდესაც აფხაზი და ოსი საზოგადოებები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებს, ამგვარი განცხადებების ჯაჭვი უნდობლობასა და გაუცხოებას აღრმავებს. წლებთან ერთად ისედაც გაზრდილია გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოება და უნდობლობა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას არსებითად ამცირებს და შეუქცევად და უმძიმეს დანაკარგად აქცევს. ძალიან ვწუხვართ, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ნდობის შენების მნიშვნელობა არ ესმით და მას უგულებელყოფენ.
ამას გარდა, აშკარაა, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ვერ ახერხებს უპასუხოს შეცვლილ რეგიონულ კონტექსტს და კონფლიქტების მიმართულებით რეალისტური და საინტერესო პოლიტიკური ინიციატივები შექმნას. ყარაბაღის II ომის და უკრაინაში რუსეთის მიერ სასტიკი ომის დაწყების შემდეგ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში შიშები გაჩნდა მათ მომავალთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ ნდობა კი შემცირდა. ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ ჩანს აფხაზეთში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ღია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მხრიდან რესურსების და სტრატეგიული ობიექტების აპროპრიაციას. ამავდროულად, უკრაინის ომის შემდეგ დაჩქარდა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელსაც ასევე ძირეული გავლენა ექნება ამ ქვეყნების კონფლიქტების მოგვარებაზე და სამშვიდობო პოლიტიკაზე. მშვიდობა, ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპია და მას კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების და ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი გამოცდილებები და რესურსები აქვს.
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ისედაც კრიზისს განიცდის. 2008 წლის შემდეგ კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა აღარ შეესაბამება შეცვლილ რეგიონალურ კონტექსტს და ადგილობრივ საზოგადოებებში გაჩენილ შიშებს და მოლოდინებს, თუმცა, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია არც დეოკუპაციის და არც სამშვიდობო პოლიტიკის განახლებული სტრატეგიები. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ახალი ხედვები, გამაერთიანებელი გზავნილები და კომპრომისული გამოსავლები შესთავაზოს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, ისინი კვლავ გაუაზრებელ პოპულიზმში რჩებიან. უნდა ითქვას, ისიც რომ ზემოთ განხილულ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ დეოკუპაციის საფუძვლიანი ხედვა და ამ საკითხებზე ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლებიან.
ჩვენთვის ცხადია, რომ პოლიტიკური პოპულიზმის ტენდენცია პარტიების მიმართ მზარდი უნდობლობით, ასევე პარტიების, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების შიგნით ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების დეფიციტით უნდა აიხსნას.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებსა და წარმომადგენლებს:
სიფრთხილით მოეკიდონ კონფლიქტების თემაზე გაკეთებულ გაცხადებებს და ის შესაბამისობაში მოიყვანონ სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან და სულისკვეთებასთან, რომელიც კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის პრინციპებს აღიარებს და ითვალისწინებს გაყოფილი საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის გაზრდას;
გაიაზრონ რეგიონში მიმდინარე ცვლილებები და გაჩენილი ახალი და ისტორიული გეოპოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოსთვის და მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის მაღალი კოორდინაციისა და შეთანხმებების პირობებში იმუშაონ სამშვიდობო პოლიტიკის განახლებასა და გაძლიერებაზე, რომელიც გაყოფილი საზოგადოებებისთვის ახალი ალტერნატივების და დიალოგის ინტერესის შეთავაზებაზე იქნება ორიენტირებული. არსებითია ეს პროცესი ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ასევე ანგარიშვალდებულებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რეალური მონაწილეობის პრინციპებით წარიმართოს.
[1] შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში და ამ ეტაპზე არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი
ინსტრუქცია