[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

მიშელ ფუკო: პანოპტიკონი

გიორგი ხარიბეგაშვილი 

Panopticonჩვენთვის ცნობილია ბენტამის „პანოპტიკონის“ არქიტექტურული სახე: შენობას, რომლის ცენტრშიც კოშკია აღმართული, ბეჭდის რკალის ფორმა აქვს. კოშკზე დატანებული ფართო სარკმლები რკალის შიგნითა მხარეს გადაჰყურებს. რკალისებრი შენობა კამერებადაა დაყოფილი, კამერებს კი ორ-ორი სარკმელი აქვთ; ერთი შიგნით, მეორე კი გარეთ გამოდის, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მთელი კამერა სრულიად ხილვადი იყოს. კამერებში რომ სათითაოდ ჩავსვათ შეშლილი, ავადმყოფი, განსასჯელი ანდა მოწაფე, ხოლო ცენტრალურ კოშკში დავაყენოთ ერთი ზედამხედველი, სავსებით საკმარისი იქნებოდა. კოშკის თვალისმომჭრელი ნათების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია კამერებში ტყვეთა მკაფიოდ გამოხატული ფიგურები დავინახოთ. რამდენი საკანიცაა, იმდენივე ერთი მსახიობის თეატრიცაა, რადგან ყველა მსახიობი მარტოდმარტო, სრულიად ინდივიდუალიზირებული და მუდმივად ხილვადია. პანოპტიკური მოწყობა ორგანიზებას უკეთებს სივრცულ ერთეულებს და შესაძლებელს ხდის მათ გამუდმებით ყურებას და დაუყოვნებლივ ამოცნობას. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი პრინციპი ბნელი დილეგის საწინააღმდეგოა. კარცერის სამი ფუნქციიდან (გამომწყვდევა, მზის სინათლისგან მოწყვეტა და თვალისაგან დამალვა) მხოლოდ პირველი ნარჩუნდება, დანარჩენი ორი კი უქმდება. კაშკაშა სინათლე და ზედამხედველის მზერა, წყვდიადზე უკეთ ატყვევებს, რომელიც საბოლოო ჯამში იცავდა დატყვევებულს. ხილვადობა, სინამდვილეში ხაფანგია.

თითოეული ინდივიდი საიმედოდ ჩარზულ კამერაში ზის. გარედან მას ზედამხედველი უყურებს. საკანში გამომწყვდეულს, ციხის შიდა კედლები იმის საშუალებას უსპობს, რომ მის გვერდით კამერაში მყოფ მეზობელთან კონტაქტი დაამყაროს. მას ხედავენ, ის კი ვერავის ხედავს. ის ინფორმაციული ობიექტია, მაგრამ არასოდეს კომუნიკაციის სუბიექტი. ცენტრალური კოშკის მოპირდაპირედ კამერის მდებარეობა, უზრუნველყოფს, რომ მას გამუდმებით უთვალთვალებდნენ. რკალის შიგნით არსებული გადატიხრული სივრცე, ერთმანეთისაგან გამოყოფილი კამერები, გვერდითი მხრიდან არახილვადობას გულისხმობენ; და სწორედაც რომ ამგვარი არახილვადობა გვევლინება წესრიგის გარანტორად.

პანოპტიკონის მთავარი მიზანიც აქედან გამომდინარეობს: გადაიყვანო დაპატიმრებული მუდმივ და შეცნობადი ხილვადობის ისეთ არეში, რომელიც ძალაუფლების ავტომატურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ეს იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ზედამხედველობა თავის შედეგებში მუდმივი იყოს; და თუ ის მაინც წყვეტილად ხორციელდება, პანოპტიკონის არქიტექტურული აპარატი იმგვარი მანქანა-მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც ქმნის და ეხმარება ძალაუფლებრივ ურთიერთობებს მისი აღმასრულებელი ადამიანისაგან დამუკიდებლად.

ბენტამის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპის თანახმად, ძალაუფლება ჩენადი და შემოწმებისათვის მიუწვდომელი უნდა იყოს. დატყვევებულს ცენტრალური კოშკის ჩრდილი მუდამ თვალწინ უნდა ედგას და არასოდეს უნდა იცოდეს უთვალთვალებენ თუ არა მას ზუსტად აი ახლა, მაგრამ ამავდროულად ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს უთვალთვალებდნენ.

ძალაუფლების პრინციპი არა იმდენად ადამიანში, რამდენადაც სხეულების, ზედაპირების, სინათლის, მზერათა განსაზღვრულობასა და წინასწარ მოფიქრებულობაში მდგომარეობს. ცერემონიები, რიტუალები და ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც სუვერენი ძალაუფლების სიჭარბეს ავლენდა, უსარგებლო ხდება. ასიმეტრიის, დისბალანსისა და განსხვავების ხელშემწყობი მექანიზმები კი კვლავაც მოქმედებენ. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს ვისგან მოდის ძალაუფლება. ლამის ალალბედზე შერჩეულ ნებისმიერ პირს შეუძლია მანქანა-მექანიზმის ამუშავება: უფროსის არყოფნისას, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მნახველებსა და მსახურებსაც კი. პანოპტიკონი - სასწაულმოქმედი მანქანაა, რომელიც იმის მიუხედავად თუ როგორ გამოიყენებენ, ძალაუფლების ერთნაირ ზემოქმედებას აწარმოებს.

პანოპტიკონი პრივილეგირებული ადგილია ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ანალიზის გასაკეთებლად, რაც სრული სანდოობით აჩვენებს თუ რა გარდაქმნები შეიძლება მოყვეს მას. პანოპტიკონი ძალაუფლების თავისებურ ლაბორატორიას წარმოადგენს. თავისი მექანიზმების წყალობით მას შეუძლია ეფექტური როლი ითამაშოს და გავლენა იქონიოს ადამიანთა ქცევაზე.

პანოპტიკონი ფუნქციონირების განმაზოგადებელ მოდელად უნდა გავიგოთ, როგორც მეთოდი იმისა, რომ ძალაუფლებასთან მიმართება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ტერმინებში განსაზღვროთ. თუმცა, პანოპტიკონი არ უნდა აღვიქვათ როგორც საოცნებო რამედ: ის ძალაუფლების მექანიზმის დიაგრამაა, რომელიც იდეალურ ფორმამდე მიდის; მისი ზემოქმედება წმინდა არქიტექტურულ და ოპტიკურ სისტემად უნდა წარმოვიდგინოთ. ყოველგვარი მატერიალური ინსტრუმენტების სათვალავში მიუღებლად, გეომეტრიულისა და არქიტექტურულის გარდა, ძალაუფლება ინდივიდებზე უშუალოდ ზემოქმედებს, ის ცნობიერებას, ცნობიერებაზე მძლავრობისათვის, ძალაუფლებით მოსავს. პანოპტიკური სქემა ძალაუფლების ნებისმიერ აპარატს აძლიერებს; ის მის ეკონომიას (აღჭურვილობა, პერსონალი, დროის განაწილება) და ეფექტურობას განაპირობებს.

მეფის სხეული, მისი უცნაური მითიური და მატერიუალური თანაყოფნით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ძალაუფლების პანოპტიკონის მიერ წარმოდგენილ ახალ ფიზიკასთან. პანოპტიზმი „პოლიტიკური ანატომიის“ ზოგადი პრინციპია, რომლის ობიექტი და მიზანი არა უზენაეს ძალაუფლებასთან, არამედ დისციპლინასთან მიმართებაა.

დისციპლინის ყველგან გავრცელება კლასიკურ ეპოქაში მოხდა. დისციპლინის ინსტიტუტების გამრავლება, რომელთა ქსელი სულ უფრო და უფრო მეტ ფართობს ფარავს, ამას ადასტურებს: ის რაც კუნძული, რაღაც პრივილიგირებული ადგილი, მხოლოდ განსაკუთრებული მოდელი იყო, ზოგად ფორმულად იქცა.

ჩვენი საზოგადოება - ზედამხედველობის საზოგადოებაა და არამც და არამც სანახაობისა. ზედამხედველობის ზედაპირული საფარველ ქვეშ ის სხეულთა სიღრმეში ჩაეფლობა. კომუნიკაციის არხები ცოდნის დაგროვებისა და ცენტრალიზაციის საყრდენებად გვევლინებიან. ნიშნებით თამაში ძალაუფლების ღუზების სადგომებს განსაზღვრავს. არ უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ინდივიდის მთლიანობას წნეხის ქვეშ აქცევს, შერყვნის და მოკვეთს - ინდივიდი უმალ მასში იწარმოება სხეულთა და ძალთა განსაკუთრებული ტექნიკების წყალობით. ჩვენ ბევრად უფრო ნაკლებად ვართ ბერძნები, ვიდრე გვგონია. ჩვენ არც ამფითეატრის სკამებზე ვსხედვართ და არც მის სცენაზე ვიმყოფებით; ჩვენ ძალაუფლების გამოვლინებების მიერ შეპყრობილები, პანოპტიკონის მანქანაში ვართ და მას გორგოლაჭების მაგივრობას ვუწევთ.

დისციპლინის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ცდილობს ძალაუფლების იმგვარი ტაქტიკის შემოღებას, რომელიც შემდეგ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მისი აღსრულება მაქსიმალურად იაფი უნდა ჯდებოდეს (ეკონომიკურად - მცირე გასავალის გამო და პოლიტიკურად - თავშეკავების ძალით, სუსტი გარეგნული გამოხატულბით და ნაკლებად ხილვადობით). სოციალური ძალაუფლების ამგვარი მოქმედება მაქსიმალურად ძლიერი უნდა იყოს და ვრცელდებოდეს რაც შეიძლება მეტად, მარცხისა და ხარვეზების გარეშე. და ბოლოს, ძალაუფლების ეკონომიკური ზრდა წარმოების აპარატებთან უნდა იყოს დაკავშირებული (საგანმანათლებლო, საბრძოლო, სამრეწველო, სამედიცინო), რომელთა წიაღშიც ის აღსრულდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია ერთდროულად იზრდებოდეს სოციალური სისტემის ელემენტთა, როგორც მორჩილება, ასევე სარგებლიანობა.

დისციპლინა მოწოდებულია ჩაანაცვლოს ძალაუფლება, რომელიც მისი აღმასრულებელის ბრწყინვალებისაგან გვევლინება; ძალაუფლება, მალულად ობიექტებად აქცევს ყველას, ვისაც კი ის მიეყენება. დისციპლინამ ინდივიდების შესახებ ცოდნის ფორმირება უნდა მოახდინოს, ნაცვლად სუვერენის ძალაუფლების ნიშნების სააშკარაოზე გამოტანისა. ერთი სიტყვით, დისციპლინა წვრილმან ტექნიკურ გამოგონებათა ურთიერთდამთხვევაა, რომლებიც საშუალებას იძლევიან სიმრავლეთა (საამქრო, არმია თუ სკოლა), სარგებლიანობა გაზარდონ, რაც მიიღწევა ძალაუფლების წარუმატებლობების მინიმუმამდე დაყვანით;

არსებითად, ორი პროცესი, ხალხის მოგროვება და კაპიტალის დაგროვება ერთმანეთისაგან განუყოფელია. ხალხთა მოგროვების პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნებოდა წარმოების აპარატის ზრდის გარეშე, რომელსაც მათი მოცვა და გამოყენება ძალუძს. და პირიქით, ტექნიკები, რომლებიც სასარგებლოს ხდიან დაგროვილ ხალხთა სიმრავლეს, კაპიტალის დაგროვებას .

კაპიტალისტური ეკონომიკის ზრდამ დისციპლინური ძალაუფლების სპეციფიკური მოდალობები შვა: მისი ზოგადი ფორმულები, ძალთა და სხეულთა დაქვემდებარების მეთოდები; მოკლედ რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ ანატომიას“ ყველაზე განსხვავებულ პოლიტიკურ რეჟიმებში, აპარატებსა და სისტემებში შეუძლია მუშაობა.

XVIII საუკუნისთვის ცოდნის ფორმირება და ძალაუფლების ზრდა წრიული პროცესში ერთმანეთის გამუდმებით განმტკიცებას იწყებენ. დისციპლინა აქ „ტექნოლოგიურ“ ზღურბლს აბიჯებს. თავდაპირველად საავადმყოფოს, შემდგომში სკოლას, მოგვიანებით კი სახელოსნოს დისციპლინები არა თუ უბრალოდ გადააკეთებენ, არამედ იმდაგვარ აპარატებად აქცევენ, რომ ობიექტივაციის ყოველგვარ მექანიზმს მათი დაქვემდებარების ინსტრუმეტებად გამოყენება შეუძლია, ხოლო ძალაუფლების ზრდის ყოველ ჯერზე შესაძლოა ახალი ცოდნა იშვას. სწორედ ამ ტექნოლოგიურ სისტემათა თანმხლებმა კავშირმა გახადა შესაძლებელი, რომ კლინიკური მედიცინა, ფსიქიატრია, ბავშვთა ფსიქოლოგია, პედაგოგიური ფსიქოლოგია და შრომის რაციონალიზაცია დისციპლინარულ ელემენტებად ჩამოყალიბებულიყო. აღმოჩნდა რომ ორმაგ პროცესს აქვს ადგილი: ეპისტემოლოგიურ გახსნილობას, გამოცხადებას, - ძალაუფლების აღსრულების სრულქმნის მეშვეობით და ახალ ცოდნათა დაგროვებით, ძალაუფლების შედეგთა გამრავლებას.

ფაქტობრივად, ემპირიული ცოდნის ფორმირების საწყისი, მისი საფუძველმდებარე ელემენტი დაკითხვა იყო. ის ექსპერიმენტული ცოდნის იურიდიულ-პოლიტიკური მატრიცაა, რომელიც როგორც ცნობილია, ძალზედ სწრაფად განვითარდა შუა საუკუნეების მიწურულს. თუ სიმართლე გნებავთ, საბერძნეთში მათემატიკა გაზომვის ტექნიკებისგან იშვა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, შუა საუკუნეების ბოლოს დაკითხვის ტექნიკებისგან. დიადი ემპირიული ცოდნა, რომელმაც სამყაროს ნივთები გარემოიცვა და უსასრულო, აღმწერი, „ფაქტების“ დამდგენელი დისკურსის წესრიგში ჩართო, ინკვიზიციის მოდელის მიხედვით მოქმედებდა. ინკვიზიციის, იმ დიდი გამოგონებისა, რომელმაც ჩვენი მეხსიერების წყვდით მოსილი კუნჭულები შეძრა. მაგრამ ვიდრე ეს იურიდიულ-პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სასულიერო და საერო დაკითხვა იქნებოდა, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის ის დისციპლინური ანალიზი გახდა, ამ მეცნიერებათა ტექნიკური მატრიცა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს „ჰუმანურობას“ აამებს, დისციპლინისა და დაკითხვის შარიან, პედანტურ, ბოროტებით სავსე კირკიტს წარმოადგენს.

შუა საუკუნეების დაკითხვის პროცედურა თანდათანობით ძველ მბრალდებელ ზეგარდმოსულ სასამართლო პროცესს მიება. დისციპლინური მეთოდი კი, მეორე მხრივ, ქვემოდანაც, ცბიერად შეიჭრა სისხლის სამართალში, რომელიც პრინციპში ინკვიზიტორულად რჩება. დღევანდელი სადამსჯელო სისტემის მახასიათებლები: დამნაშავის პიროვნებით დაინტერესება, სწრაფვა იმისაკენ, რომ დასჯა გამოსწორებად, თერაპიად, ნორმალიზაციად გადაიქცეს; სასამართლო გადაწყვეტილების სხვადასხვა ინსტანციას შორის დანაწილება, რომლებმაც უნდა დაადგინონ ზომები, შეაფასონ, დიაგნოზი დაუსვან, უმკურნალონ და გარდაქმნან ინდივიდები, დიციპლინური გამოცდების სამსჯავრო ინკვიზიციის სიღრმეში შეღწევაზე მოწმობს.

ამიერიდან, სასამართლოსთვის „საჭირო ობიექტად“ განიხილება არა დამნაშავის სხეული, რომელიც მეფის სხეულს აღუდგა წინ, არამედ დისციპლინური ინდვიდი. მონარქიული რეჟიმის საფრანგეთის სისხლის სამართლის მსაზღვრელი მეფის მკველის სხეულის უსასრულოდ დანაწევრებაა. ამჟამინდელი სისხლის სამართლის იდეალური წერტილი კი უსასრულო დისციპლინა, დაუსრულებელი დაკითხვებია. დაკითხვა, რომელსაც ბოლო არ უჩანს - დეტალიზებული და სრულ უფროდაუფრო მეტად დამანაწევრებელი ზედამხედველობა; განაჩენის გამოტანა და ამავდროულად საქმის წამოწყება, რომელიც არასოდეს დაიხურება.

საჯაროდ დასჯა იმ სასამართლო პროცედურის ლოგიკური დასასრულია, რომელსაც წინ ინკვიზიცია მიუძღვის. ინდივიდებზე „ზედამხედველობა“ კი გამომცდელი პროცედურებითა და დისციპლინური მეთოდებით ნასაზრდოები სასამართლოს ბუნებრივი გაგრძელებაა. განა გასაოცარია, მრავალკამერიანი ციხე, თავისი რეგულარული ჩანაწერების სისტემებითა და იძულებითი სამუშაოებით, თავისი ზედამხედველობის ინსტანციებით, შეფასებებით და სპეციალისტებით, რომლებიც მოსამართლის ფუნქციებს იღებენ და ამრავლებენ, დასჯის თანამედროვე ინსტრუმენტად რომ იქცა? ნუთუ რამე გასაკვირია იმაში, რომ ციხეები აგრერიგად გვანან ქარხნებს, სკოლებსა ყაზარმებსა და საავადმყოფოებს?

მიშელ ფუკო - დისციპლინა

მიშელ ფუკო – ზედამხედველობა და დასჯა

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“