[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

მიშელ ფუკო - "დისციპლინა"

გიორგი ხარიბეგაშვილი 

(გაგრძელება)

(1-ლი ნაწილი - მიშელ ფუკო "ზედამხედველობა და დასჯა")

XVII-XVIII საუკუნეებში დისციპლინა ბატონობის ზოგად ფორმად იქცა. იბადება ადამიანის სხეულის ფლობის ხელოვნება, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ მისი მოხერხებულობისა და გაწაფულობის გაზრდაზე, არა სულ უფრო მეტ მორჩილებაზე, არამედ ურთიერთობათა ფორმირებაზე. ეს უკანასკნელი კი რაც უფრო მეტად შემსმენელი ხდება, მით უფრო იზრდება მისი სარგებლიანობაც და პირუკუ. შედეგად იძულების პოლიტიკა ყალიბდება, ხდება სხეულზე მუშაობა. სხეული ძალაუფლების მექანიზმში ერთვება, რომელიც გულმოდგინედ გადაამუშავებს მას, არღვევს მის შინაგან წესრიგს და ხელახლა ჰკრავს.

დისციპლინა სხეულის ძალას ზრდის (ეკონომიკური სარგებლიანობის მიხედვით) და ამასთანავე კიდეც ამცირებს მას (პოლიტიკური მორჩილების თვალსაზრისით). მოკლედ რომ ვთქვათ, ის სხეულისაგან გამოჰყოფს ძალებს: ერთი მხრივ, მის უნარიანობას, სარგებლიანობას ზრდის, მეორე მხრივ ენერგიას, მის ძლიერებას მიმართულებას უცვლის.

უპირველეს ყოვლისა, დისციპლინა სივრცეში ინდივიდების განაწილებასთანაა კავშირში. ამისათვის ის რამდენიმე მეთოდს იყენებს:

  1. ის ზოგჯერ მოითხოვს შემოზღუდვას, სპეციფიკურ ადგილს, სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებულს და თავის თავში ჩაკეტილს;
  2. დისციპლინის მექანიზმები სივრცეს გადაამუშავებენ უფრო მეტად ნატიფი წესით. ის ორგანიზებას უკეთებს გაანალიზებად სივრცეს;
  3. ფუნქციური განაწილების წესი ზედამხედველობის ინსტიტუტების მეშვეობით კოდირებას უკეთებს სივრცეს, მხედველობაში იღებს რა მის მრავალგვარ გამოყენებას, არქიტექტურას თავისუფლებას უტოვებს.
  4. დისციპლინის ელემენტები ურთიერთჩანაცვლებადია, რამდენადაც თითოეული მათგანი ადგილის, რიგის და სხვებს შორის დაშორების სივრცის მიხედვითაა განსაზღვრული. შედეგად, მისი ერთეული არის არა ტერიტორია (ბატონობის ერთეული), არა ადგილი (განთავსების ერთეული), არამედ რანგი.

თანდათანობით, ჩამოყალიბდა სწავლების დროის ახლებური ეკონომიაც. სასკოლო სივრცემ ფუნქციონირება დაიწყო, როგორც სწავლების, ზედამხედველობის, იერარქიზაციისა და დაჯილდოების მექანიზმმა.

ამგვარად, ადგილების, რანგების, „კელიების“ ორგანიზებით, ზედამხედველობა კომპლექსურ სივრცეს ქმნის: ერთდროულად, არქიტექტურულს, ფუნქციონალურსა და იერარქიულს; სივრცეს, რომელიც ფიქსირებულ განლაგებასა და გადაადგილებას განაპირობებს.Exif_JPEG_PICTURE

ზედამხედველობის მეთოდები წრფივ, ისტორიულ დროს აღმოაჩენენ, რომლის მონაკვეთები ერთმანეთს ებმიან და რომელიც მყარი, საბოლოო წერტილისკენ მიისწრაფვის. ერთი სიტყვით, ეს „ევოლუციის“ დროა. მაგრამ ამ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ ტექნიკებთან ერთად აღმოჩნდება სერიულ-ციკლური, კუმულაციური ტიპის დროც: ევოლუციის გახსნილობის, როგორც რაღაცა „პროგრესის“ დრო.

ზედამხედველობის ტექნიკები ინდივიდუალურ სერიებს აღმოაჩენენ: წარმოშობას, „შესაქმეს,“ როგორც ევოლუციის სარკმელს. ინდივიდის წარმოშობა და საზოგადოებრივი პროგრსი - XVIII საუკუნის ეს ორი უდიდესი აღმოჩენა, შეიძლება ძლაუფლების ახალ მეთოდებსაც მივაკუთვნოთ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დროის მართვის საშუალებებს. ამისათვის დროს სარგებლიანობის თვისებას ანიჭებენ: მას ანაწევრებენ ნაჭრებად და სერიებად, ასინთეზირებენ და დააგროვებენ. ძალაუფლების მაკრო- და მიკროფიზიკამ ისტორიის გამოგონება გახადა შესაძლებელი (რაც დიდი ხანია უკვე აღარავის სჭირდებოდა).

აქედან მოყოლებული, დისციპლინა არა უბრალოდ სხეულთა განაწილების ხელოვნება, მათგან გამოსული დროის მოხელთება და დაგროვება, არამედ ეფექტური მანქანა-მექანიზმის აშენების მიზნით ძალთა შეკრების ხელოვნებაა. მარტომყოფი სხეული - ელემენტი ხდება, რომელიც შეიძლება სადმე განათავსო, მოძრაობაში მოიყვანო და სხვა ელემენტებთან გააერთიანო. მისი მთავარი განმსაზღვრელი ცვლადი არის უკვე არა ქველობა და ძალა, არამედ დაკავებული ადგილი, მონაჭერი, რომელსაც თავისი თავითვე ფარავს, სისწორე და და საიმედო განლაგება. ჯარისკაცი - უპირველეს ყოვლისა მოძრავი სივრცის ფრაგმენტია და მხოლოდ ამის შემდეგ ვაჟკაცი და ქველი.

მექანიზმის შემადგენელ ნაწილებში შედიან განსხვავებული ქრონოლოგიური თანამიმდევრობები, რომლებსაც დისციპლინა ერთად თავს უყრის რთული დროის შესაქმნელად. თითოეულმა თავისი დრო სხვებს უნდა შეუწყოს იმგვარად, რომ თითოეულისაგან მაქსიმალური ძალა გამოწუროს, მათმა კომბინაციამ კი ოპტიმალური შედეგი მოგვცეს.

გულმოდგინედ გაანგარიშებული ძალების შეერთება ბრძანებების მკაფიო სისტემას მოითხოვს. დისციპლინირებული ინდივიდის ყოველი ქმედება ბრძანებებით უნდა იცვალოს და განმტკიცდეს. ამ ბრძანებების ეფექტურობა კი მათი ხანმოკლეობითა და სიცხადით განისაზღვრება.

ერთი სიტყვით, დისციპლინა კონტროლირებადი სხეულებიდან ინდივიდუალობის ოთხ ტიპს ქმნის, უფრო სწორედ რაღაცა ინდივიდუალობას, რომელსაც ოთხი მახასიათებელი აქვს: ის უჯრედული (სივრცული განაწილების თამაშში), შეზღუდული (კოდირებული მოქმედება), გენეტიკური (დაჯამებული დრო) და კომბინირებულია (ძალთა შეკრება).

ამის მისაღწევად, ზედამხედველობა ოთხ ძირითად მეთოდს იყენებს: ადგენს ცხრილებს, წინასწარ გაწერს მოძრაობებს, აიძულებს ვარჯიშს და ბოლოს, ძალთა შესაკრებად ტაქტიკას იყენებს.

დისციპლინირებული ძალაუფლების წარმატება, ეჭვგარეშეა, ისეთი მარტივი პროცედურებით აიხსნება როგორიცაა: იერარქიული ზედამხედველობა, მანორმალიზებელი სანქციები და მათი შეერთება სპეციფიკურ პროცედურასთან, გამოცდასთან.

კლასიციზმის ხანაში იქმნება ხლახთა „ობსერვატორიები“, რომლებისთვისაც მეცნიერების ისტორიკოსებმა კეთილი სიტყვა ვერ გაიმეტეს. ლინზების, სინათლის კონის, ტელესკოპის დიდებული ტექნოლოგიებთან ერთად, რომლებიც ახალ ფიზიკასა და კოსმოლოგიას დაედო საფუძვლად, არსებობდნენ ზედმხედველობის, მზერის მრავალრიცხოვანი და ურთიერთგადამკვეთი ტექნიკები, რომელთა მოვალეობა დანახვა იყო, თანაც ისეთი, რომ მის თვალს არაფერი გამოჰპარვოდა. დამორჩილებისა და ექსპლოატაციის ტექნიკების გამოყენებამ, ხილვადობისა და სინათლის უცნობმა ხელოვნებამ ნელ-ნელა შეამზადა ახალი ცოდნა ადამიანზე.

„ობსერვატორიის“ ზემოხსენებული მოდელები სამხედრო ბანაკის თითქმის იდეალურ მოდელს ემყარება. ის თავად მოკვდავსა და ხელოვნურ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება თითქმის უსასრულოდ ავაშენოთ და გადავაკეთოთ. ის ძალაუფლების უმაღლესი სფეროა, რომელიც (რამდენადაც შეიარაღებულ ადამიანებზე ზემოქმედებს), დიდი ძალის პატრონი უნდა იყოს, ამასთან, დიდად თავშეკავებასაც უნდა ავლენდეს და დიდი ეფექტურობით და პრევენციული ფასეულობით უნდა გამოირჩეოდეს.

სრულყოფილ ბანაკში მთელი ძალაუფლება სწორედ რომ ზუსტი ზედამხედველობის გზით ხორციელდება. თითოეული შეხედვა არის ნასხლეტი ძალაუფლების გლობალური მოქმედებიდან. ზუსტად განისაზღვრა გასასვლელების გეომეტრია, კარვების რაოდენობა და განლაგება, მათში შესასვლელების ორიენტაცია, სიგანესა და სიგრძეზე განლაგებული რიგების განლაგება. ხდება ერთმანეთის მაკონტროლებელ მზერათა ნახაზების გაკეთება.

ერთი სიტყვით, ახლა უკვე, არქიტექტურა მოწოდებულია, ინდივიდის გარდამქნელი ინსტრუმენტი იყოს: იმოქმედოს მათზე ვინც მასში იმყოფება, მართოს მათი ქცევები, მათამდე მიიყვანოს ძალაუფლების გამოვლინება, აქციოს ისინი შემეცნებისადმი საწვდომად და შეცვალოს კიდეც. ქვებს შესწევთ იმისი ძალა, რომ ხალხი გამგონე და მცოდნე გახადოს.

პატიმრობის და შეზღუდვის ძველი უბრალო სქემა (სქელი კედლები, მძიმე კარიბჭე, რთული შესასვლელ-გამოსასვლელი) სარკმელებისა და კარებების, მიყრუებული და ცარიელი სივრცეების, გასასვლელების და სამეთვალყურეო ადგილების გათვლით იცვლება. საავადმყოფოების შენობას თანდათან, როგორც სამედინო ზემოქმედების მქონე ინსტრუმენტს, ისე აგებენ, რომ მან ავადმყოფებზე კარგი დაკვირვება უზრუნველყოს; აქედან გამომდინარე კი მკურნალობის საუკეთესო მეთოდის არჩევაც. შენობების ფორმამ, რომელმაც ავადმყოფების სათანადო დონეზე გათავსება უნდა უზრუნველყოს, გადამდები დაავადებების გავრცელებას დაბრკოლებები უნდა შეუქმნას.

სრულყოფილმა დისციპლინარულმა აპარატმა „ერთი მზერის სროლით“ ყველაფრის დანახვა უნდა შეძლოს. მისი ცენტრალური წერტილი ყოვლისმომცველი სინათლის წყარო უნდა იყოს, ასევე უნდა იყოს იმ ყველაფრის დაახლოების ადგილი, რაც კი შემეცნებადია: სრულყოფილი თვალი, რომელსაც ვერაფერი დაუსხლტება და ცენტრი, რომელიც ყველა სხვა თვალის მზერას მიიპყრობს.

თუმცა ზედამხედველობა ინდივიდებზე დგას. ის ქსელურ ურთიერთობების მიხედვით - ზემოდან ქვემოთ მოქმედებს, მაგრამ ასევე, რაღაცა დონემდე მოქმედებს ქვემოდან ზემოთაც და ჰორიზონტალურადაც. ეს ქსელი მთელს ანარჩუნებს, აკავებს და განჭოლავს ძალაუფლების გამოვლინებებით; ზედამხედველები, თავადაც გამუდმებული ზედამხედველობის ქვეშ არიან. დისციპლინის იერარქიზირებულ ზედამხედველობაში, ძალაუფლება ნივთი არ არის, რომელსაც შეიძლება დაეუფლო და არც თვისების მსგავსად გადაეცემა; ის მექანიზმივით მოქმედებს. თუმც პირამიდული ორგანიზაცია არსებითად „მეთაურის“ არსებობას გულისხმობს, მთლიანობაში, ხელისუფლებას სწორედ რომ ეს მექანიზმი აწარმოებს, ინდივიდებს კი უწყვეტ და მუდმივ ველში განათავსებს.

ზედამხედველობის იერარქიის და მანორმალიზებელი სანქციების ერთმანეთან შეხამებას გამოცდა ახდენს. გამოცდა - ეს მაკლასიფიცირებელი, დამსჯელი და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების მიმცემი მანორმალიზებელი მზერა და ზედამხედვლობაა. ის ადამიანებს ხილვადებს ხდის, რის წყალობითაც მათი დიფერენცირება და დასჯა შეიძლება.

ამიტომ ყველა დისციპლინარულ მექანიზმში, გამოცდა სრულქმნილი რიტუალია. მასში ძალაუფლების ცერემონია და გამოცდილების ფორმა, ძალის გამოყენება და ჭეშმარიტების დადგენა ერთდება. გამოცდის დისციპლინარული პროცედურების ცენტრში მორჩილების დემონსტრირება ხდება; დამორჩილებულები ობიექტებად აღიქმებიან. ძალაუფლებრივი დამოკიდებულებების ურთიერთვალდებულება და მათი ცოდნასთან კავშირი, გამოცდაში მთელ თავის ბრწყინვალე იერს იძენს.

დისციპლინარულ რეჟიმში, ინდივიდუალიზაცია დაღმავალი წესით ხდება: რაც უფრო ავტონომიური და ფუნქციური ხდება ძალაუფლება, უფრო მეტ ინდივიდუალიზაციას განიცდიან ისინი, ვისზედაც ის მიემართება. შუა საუკუნეების შემდეგ, ეს ზედამხედველობის და არა ცერემონიის გზით ხდება; დაკვირვების და არა მოსახსენიებელი მატიანეს მეშვეობით; ნორმებზე დამყარებული შედარებითი გაზომვის და არა წინაპართაგან მომდინარე გენეალოგიების გზით; „გადაცდომების“ და არა გმირობების მეშვეობით. დისციპლინურ სისტემებში ზრდასრულზე უკეთ, ბავშვი ინდივიდუალიზირდება, ავადმყოფი ჯანმრთელს ასწრებს, შეშლილი და დამნაშავე - ნორმალურსა და კანონმორჩილს.

ინდივიდი, საზოგადოებაზე „იდეოლოგიური“ წარმოდგენის გამოგონილი ატომია. მაგრამ ის ნამდვილიც არის, რადგანც შეიქმნა ძალაუფლების სპეციფიკური ტექნოლოგიის მიერ, რომელსაც მე „დისციპლინა“ ვუწოდე. საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ძალაუფლების გამოვლენის უარყოფით ტერმინებში აღწერა: „ის ზღუდეა, გამთიშველია, რაღაცას ნიღბავს, გვიმალავს, წნეხისა და ცენზურის ქვეშ ატარებს“. სიანამდვილეში, ძალაუფლება აწარმოებს. ის რეალობის მწარმოებელია. ის ჭეშმარიტების რიტუალებსა და ობიექტების ზონებს აწარმოებს. როგორც ინდივიდი, ასევე ის ცოდნა, რომელიც ამ ინდივიდის შესახებ შეიძლება მივიღოთ, მისსავე პროდუქციას მიეკუთვნება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“