საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შრომის ღირსეული ანაზღაურება უნდა პასუხობდეს ღირსეული ცხოვრების საჭიროებებს. აღნიშნული საჭიროებები, მატერიალურ საბაზისო საჭიროებებთან ერთად, მოიცავს სოციალური კეთილდღეობის, მათ შორის, სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, კულტურულ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საჭიროებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ახალ კვლევას, რომელიც მიმოიხილავს მინამალური ხელფასის კონცეფციას ადამიანის უფლებების სამართლის პერსპექტივიდან, ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და პერსპექტივებს საქართველოსთვის.
მინიმალური ხელფასის კავშირი ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან აღიარებული უნდა იყოს კანონით. აღნიშნული აღიარება აძლევს საფუძველს მინიმალური ხელფასის, როგორც ღირსეული ცხოვრების განმაპირობებელი ადამიანის უფლების გაგებას. მინიმალური ხელფასის სისტემა ეფექტურად ვერ განვითარდება, თუ მას საფუძვლად არ უდევს მინიმალური ხელფასის არსის სწორი გააზრება. მინიმალური ხელფასის სათანადო დონის დამდგენი შემდგომი სამართლებრივი მექანიზმები კი შესაძლებელია შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მეშვეობით.
საქართველოში არსებული რეალობა საერთაშორისო სტანდარტებისგან სრულიად საპირისპიროა. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია მხოლოდ მინიმალური ხელფასის ოდენობა. რაც შეეხება მინიმალური ხელფასის, როგორც ადამიანის უფლების შინაარსს და მის კავშირს ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დუმს.
მინიმალური ხელფასის ოდენობის განმსაზღვრელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში მითითებული არ არის, თუ რა უფლების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მინიმალური ხელფასი და რა ფაქტორები მიიღება მხედველობაში მისი დონის დადგენისას. მინიმალური ხელფასის ოდენობა უკიდურესად დაბალია და იგი არათუ ღირსეულ, არამედ საბაზისო ფიზიკურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის მინიმალური ხელფასი შეადგენს თვეში 20 ლარს. ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთათვის - თვეში 135 ლარს.
საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა 2023 წლის განმავლობაში მინიმალური ხელფასის საკითხების განხილვას სოციალური დიალოგის ფარგლებში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების გავლენის შეფასების საფუძველზე, დაეგეგმა შესაბამისი აქტივობები.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას დაკისრებული ფუნქციები სავარაუდოდ არ შეუსრულებია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ მოიპოვება და არ გაიცემა არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხად.
მინიმალური ხელფასის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე უპირველესად პასუხისმგებელ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. შესაბამისად, მან უნდა განახორციელოს მინიმალური ხელფასის სათანადო დონის დადგენის პროცესის კოორდინაცია. ამ პროცესში აუცილებელია სოციალური პარტნიორების, მათ შორის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების ფართო ჩართულობა, რომლებსაც ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა საჭირო ოფიციალურ ინფორმაციაზე, რათა მიეცეთ სათანადო წვლილის შეტანის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს მთავრობასთან ამჟამად არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, რომლის ფუნქციებშიც შედის მინიმალური ხელფასის საკითხების განხილვა, უნდა გაფართოვდეს და მოიცვას დამატებით დარგობრივი პროფკავშირები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია რეალურად უნდა ამოქმედდეს და გამართოს განხილვები მინიმალური ხელფასის საკითხებზე განახლებული შემადგენლობით.
ინსტრუქცია