საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თბილისის მეტროს მემანქანეებს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ-მატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ „ერთობა 2013“) და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო. პროფესიული გაერთიანება, რომელიც უმეტესად მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს წარმოადგენს და 250 დასაქმებულს აერთიანებს, პროფესიული კავშირის წევრთა შრომის ანაზღაურების გადახედვას მოითხოვს. EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს კოლექტიური შრომითი დავის პროცესში.
მეტროს მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. თუმცა, მისი მიმდინარეობის პარალელურად გავრცელდა ქ. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადება, რაც მეტროს მემანქანეთა არსებულ ანაზღაურებაზე მითითებით გამორიცხავდა მათთვის ხელფასის გაზრდის საკითხს, რაც იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაციის პროცესის ეფექტიანობას და მხარეებს შორის სათანადო მოლაპარაკების წარმართვის შესაძლებლობას.
ხელფასის და სისტემაში არსებული დანამატების გათვალისწინებით, მეტროს მემანქანის საშუალო თვიური ანაზღაურება (საშემოსავლოს გარეშე) 1150 ლარს შეადგენს. მემანქანეები მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც მეტროს მემანქანეები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, თავად მემანქანეთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემანქანეთა დიდ ნაწილში ფართოდ გავრცელებულია ადრეული სიკვდილი (მემანქანეთა თქმით საპენსიო 65 წლის ასაკს მეტროს მემანქანეთა 60% ვერ აღწევს) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ქვეყანაში მაღალი ინფლაციის დონისა თუ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად, მემანქანებების ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა, შედეგად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მათი ოჯახებისათვის ცხოვრების საშუალო სტანდარტს. მათი სამუშაოს სპეციფიკა კი ასევე გამორიცხავს სხვა შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას. თუ დავაკვირდებით მეტროს მემანქანეთა ხელფასის დინამიკას ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის დინამიკასთან მიმართებაში, აღმოვაჩენთ, რომ წლების განმავლობაში მემანქანეთა ანაზღაურება საშუალოდ 30% მაინც აღემატებოდა საშუალო ხელფასის ნიშნულს, თუმცა 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მემანქანეთა ხელფასი ერთ ნიშნულზე შეჩერდა, მაშინ როდესაც საშუალო ხელფასმა ზრდა გააგრძელა. შესაბამისად თუ 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საშუალო ხელფასის ნიშნული დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, მეტროს მემანქანეთა ხელფასები უცვლელი დარჩა. 2017 წლის მდგომარეობით კი სხვაობა მეტროს მემანქანეთა და საშუალო ხელფასის ოდენობას შორის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა.
თბილისის მეტროპოლიტენში არსებული შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით „ერთობა 2013“-ის მიერ ინიცირებული კოლექტიური დავა მხარეებს შორის 2016 წლის მარტის თვეში დაიწყო, რომლის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პროფესიულმა კავშირმა საგაფიცვო მოქმედება დაანონსა, რაც სასამართლომ დაუყოვნებივ გადაავადა. გაფიცვის გადავადების შემდეგ გამართული მოლაპარაკებისას შედგა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავდა ანაზღაურების გადახედვის საკითხს. თუმცა, ეს პირობა დღემდე არ არის შესრულებული კომპანიის მხრიდან არაერთი დაპირებისა და შიდა მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, რამაც მიმდინარე კოლექტიური დავა წარმოშვა.
მნიშვნელოვანია რომ, „ერთობა 2013“-ის მხრიდან მედიაციის პროცესის დაწყებისთანავე, კომპანიაში რამდენიმე თვის წინ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესს მეტროპოლიტენის მოძრაობის სამსახური (სამსახური რომელიც მოიცავს მეტროპოლიტენის მემანქანეებს) მოულოდნელად დაემატა, რაც მანამდე არ ხვდებოდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში. ამასთან, პროფესიული კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მედიაციის პროცესის დაწყებისთანავე, იმავე დღეს საწარმოს ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო კომპანიის თანამშრომლების და პროფკავშირის წევრების ინტენსიური კონტროლი, მათ შორის, საწარმოში არსებული სათვალთვალო კამერებისა და GPS მოწყობილობების აქტიური გამოყენება დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისათვის.
პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ მხრიდან, საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან მათი სამსახურის შესაძლო რეორგანიზაციის თაობაზე მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება, აღქმულია როგორც ზეწოლის და დაშინების მცდელობა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დაწყებული წინააღმდეგობის საპასუხოდ.
EMC სამართლებრივ დამხარებას უწევს „ერთობა 2013“-ს მედიაციის პროცესში და აქტიურად დააკვირდება კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციისა თუ დისციპლინური წარმოების პროცესების მიმდინარეობას. ამასთან, EMC მოუწოდებს:
ინსტრუქცია