[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს

 

escape-metro

EMC ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულ მემანქანეთა გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების შესახებ, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირველი პრეცედენტი სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვის თაობაზე,  სხვა მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზნით და შესაძლოა იქონიოს გავლენა სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე.

2016 წლის 1 მარტს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულ მეტროს მემანქანეთა პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“, წერილობით მიმართა კომპანიას და შრომის პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, საათობრივი სატარიფო განაკვეთის მატება მოითხოვა. დასაქმებულთა მხრიდან შრომითი დავა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართა. პროცესში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რის გამოც, პროფესიულმა კავშირმა გადაწყვიტა გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება და 8 აპრილიდან გაფიცვის დაწყების თაობაზე, წერილობით აცნობა შესაბამის მხარეებს. საპასუხოდ, 2016 წლის 5 აპრილს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის დაწყების 30 დღით გადადება, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხის შექმნის გამო. სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და  დასაქმებულებს შეეზღუდათ გაფიცვის გამოყენების უფლება 30 დღის ვადით.

EMC მიიჩნევს, რომ გაფიცვის გადადების პროცედურა სასამართლოში არასწორი სამართალწარმოების გზით წარიმართა, რასაც შედეგად მოჰყვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, გაფიცვის უფლების მქონე პირთა გამორიცხვა პროცესიდან და სასამართლო გადაწყვეტილების დაფუძნება მხოლოდ დამსაქმებლის არგუმენტაციაზე. ამგვარმა პროცესმა თავის მხრივ ვერ უზრუნველყო უფლების რეალიზების მნიშვნელობისა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზნის სათანადო შეპირისპირება და მასზე სასამართლოს გადაწყვეტილების დაფუძნება.

მიუხედავად შრომითი ურთიერთობების სპეციფიურობისა და გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადასაწყვეტად აუცილებელი საპროცესო ნორმების საჭიროებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ მოიცავს ამგვარი დავების წარმართვის სპეციალურ რეგულირებას. შესაბამისად, არსებული ნორმატიული სივრცე სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას სამართალწარმოების ზოგადი პრინციპების დაცვით და სასარჩელო წარმოების გამოყენების გზით  უზრუნველეყო პროცესში იმ სუბიექტის მონაწილეობა, რომლის უფლების შეზღუდვა საქმეში მსჯელობის ცენტრალურ საგანს წარმოადგენდა.

განჩინება არ არის მიღებული სასამართლო  პროცესის შეჯიბრებითად წარმართვის გზით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს გაფიცვის შეჩერების საკითხებზე მსჯელობისას გამოსაყენებელი პროცედურული ნორმების შესახებ. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ხარვეზისა, კოდექსი დეტალურად არეგულირებს სასარჩელო წარმოების წესებს, რაც ზოგადად, არასაგამონაკლისო შემთხვევებში, გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. მიუხედავად სასარჩელო წარმოების გამოყენების შესაძლებლობისა, მოსამართლემ იხელმძღვანელა ანალოგიის პრინციპით და გაფიცვის გადადების საქმე სპეციალური, არასასარჩელო წარმოების წესით წარმართა, რამაც, პროცესიდან პროფესიული კავშირის გამორიცხვა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი წარმოების წესით განსახილველი საქმეები სპეციფიურია, მათი ჩამონათვალი კი ამომწურავი. განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, იმ აუცილებლობის შესახებ, რამაც განაპირობა წარმოების სპეციფიური წესის არჩევა და შედეგად წარმოებიდან გაფიცვის უფლების მქონე მხარის გამორიცხვა.  გაფიცვის უფლების შეზღუდვის ფარგლები კონსტიტუციითა და კანონითაა დადგენილი. შრომის კოდექსი ადგენს მოსამართლის შესაძლებლობას, ჩაერიოს გაფიცვის უფლებაში და დროებით შეზღუდოს იგი გადადებისა და შეჩერების გზით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ორივე მხარის არგუმენტების მოსმენა, მათი ურთიერთშეჯერება,  საჯარო ინტერესის კერძო პირის უფლებასთან შეპირისპირება და მხოლოდ  ამგვარი მონაწილეობითი პროცესის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანების არგუმენტების მოსმენის გარეშე განიხილა მიღებული განცხადება და საქმის შესახებ მხოლოდ დამსაქმებლის მიერ წარდგენილი არგუმენტებით ან/და მტკიცებულებებით იმსჯელა, უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ განჩინება ასაბუთებს მხოლოდ საჯარო ინტერესის არსებობას და არ განიხილავს მის მიმართებას დასაქმებულთა გაფიცვის ფუნდამენტურ უფლებასთან. აღნიშნული კიდევ უფრო დაუსაბუთებელი ჩანს იმ პირობებში, როდესაც, განცხადება სასამართლოში წარდგენილი იქნა დასაქმებულთა მიერ დაანონსებული გაფიცვის თარიღამდე სამი დღით ადრე. შესაბამისად, მოსამართლეს მიეცა გონივრული ვადა, უზრუნველეყო ყველა მხარის არგუმენტების მოსმენის გზით გადაწყვეტილების მიღება.

მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განჩინება მიექცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

სასამართლომ გამოტანილი განჩინება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რითაც სააღსრულებლო ფურცლის გამოცემისთანავე უზრუნველყო გაფიცვის გადადება, რისი უფლებამოსილებაც მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლეს არ ჰქონდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტულად ჩამოთვლის იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიქცევაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავია და არ მოიცავს გადაწყვეტილებას გაფიცვის გადადების თაობაზე. ხოლო ის ზოგადი საფუძველი, რომელიც აფართოვებს ამომწურავ ჩამონათვალს და შესაძლებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას (იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს განსაკუთრეული ზიანისა და მომავალში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის რისკი), შეჩერებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ გააჩნია ნორმატიული ძალა[1]. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიქცევინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, რამდენადაც არ არსებობდა მისი დაუყოვნებლივი აღსრულების სამართლებრივი საფუძველი.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება უფლებით სარგებლობასა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზანს შორის სათანადო შეპირისპირების საფუძველზე. თავის მხრივ, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. აღნიშნული შემთხვევა ასევე აჩვენებს საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ხარვეზებს, რამდენადაც გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობისა და შრომითი დავების სპეციალური მოწესრიგების საჭიროების მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს ასეთი დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიურ რეგულირებას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/6/675. (შეჩერდა სსკ-ის 268-ე მუხლის 1 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“