საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უილიამ ჯულიუს უილსონი (1935) არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ურბანული სოციოლოგიის პროფესორი, რომელიც იკვლევს კლასისა და რასის საკითხებს. დღემდე ის ჰარვარდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე მკვლევრად მიიჩნევა. თავის ნაშრომებში უილსონი ააშკარავებს იმ სხვადასხვა უხილავ სტრუქტურულ მიზეზს, რომელიც ქალაქის შიდა უბნების მაცხოვრებლებს მრავალ შესაძლებლობას უზღუდავს.
მეტი, ვიდრე რასა: რას ნიშნავს იყო შავკანიანი და ღარიბი ქალაქის შიდა უბანში
მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი
კონცენტრირებული სიღარიბის განმაპირობებელი ფაქტორები
(თავი 2)
1990-იანი წლების მეორე ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებში გაჭირვებული და ღარიბი შავკანიანი ამერიკელების მიმართ საჯარო ყურადღებამ შესამჩნევად მოიკლო. მედიის ყურადღება იშვიათად კონცენტრირდებოდა ურბანულ სიღარიბეზე (იგულისხმება ისეთი უბნები, რომლის მაცხოვრებლების დიდი პროცენტიც ფედერალური მთავრობის მიერ დადგენილ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს), პოპულარული პოლიტიკური ლიდერები საკმაოდ იშვიათად ან საერთოდ არ განიხილავდნენ ქალაქის შუაგულში არსებულ გამოწვევებს და გეტოს მაცხოვრებლებშიც აშკარად შეიმჩნეოდა სიჩუმე. ეს სიტუაცია 1960-იანი წლებისგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდა, როცა სამართლებრივი სეგრეგაციიდან რასობრივად უფრო გახსნილ საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში სოციალური მოუსვენრობის შემთხვევები მრავლად შეიმჩნეოდა და ხანდახან ძალადობრივი ფორმებითაც კი იყო გამოხატული, მაგალითად ეს ჩანდა იმ აჯანყებებში, რომლებიც დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას მოჰყვა.
თუმცა 2005 წელს ქარიშხალმა კატრინამ ნიუ ორლეანის შუაგულში კონცენტრირებული სიღარიბე ცხადად გააშიშვლა. როდესაც სატელევიზიო კამერები მიპყრობილი იყო წყალდიდობაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიან სახლებსა და ბინებში იყვნენ გამომწყვდეულები და მასობრივ ტრაგედიაზე, ბევრი ამერიკელი გაოგნებით აკვირდებოდა ღარიბების უკიდურესი სიდუხჭირის მანიშნებელ საცხოვრებელ პირობებს. რა თქმა უნდა, კატრინამ უბედურება მოუტანა მთლიანად ნიუ ორლეანს - შავკანიანებსა და თეთრკანიანებს, მდიდრებსა და ღარიბებს, მათაც შეეხო, ვისაც უძრავი ქონება ჰქონდა და მათაც, რომლებიც საერთო საცხოვრებლების მდგმურები იყვნენ. ამის მიუხედავად, ბევრმა მაცხოვრებელმა წყალდიდობიდან თავის დაღწევა კი შეძლო, მაგრამ უკან დარჩნენ ყველაზე ღარიბები, რომლებსაც არც ავტომობილები ჰყავდათ და არც ფული - ტრანსპორტისთვის ან დროებითი საცხოვრებლებისთვის რომ გაეღოთ. ისინი ქარიშხლის გადავლას დაელოდნენ, რაც ტრაგიკული შედეგებით დასრულდა. კატრინას დროს მთელი სახელმწიფოს ყურადღება მიქცეული იყო ღარიბი ურბანული უბნებისკენ.
ზოგი ადამიანი ამტკიცებდა, რომ კატრინა წარმოაჩენდა, თუ როგორი ბრიყვობაა ყველა ასპექტში სახელმწიფოს ანაბარა დარჩე და შენს ბედზე კონტროლი თავად არ აიღო ხელში. თუმცა, უსამართლობაა და ნამდვილად გაუმართლებელია, დაადანაშაულო შეზღუდული რესურსების მქონე პირები იმაში, რომ ისინი საკუთარ უბნებში გაიჭედნენ და ბუნებრივი კატასტროფის წინაშე მოწყვლადები აღმოჩნდნენ. ადამიანები, რომლებიც ღატაკ, გეტო სამეზობლოებში ცხოვრობენ მხოლოდ მათ არ მოიცავს, ვინც სახელმწიფო პროგრამების დახმარების პროგრამის საშუალებით ახერხებს არსებობას, ის მოიცავს დასაქმებულ ღატაკ ადამიანებსაც, რომელთა უმეტესობაც სოციალური დახმარების პროგრამაზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა.
ის ფაქტი, რომ ქარიშხალ კატრინას თავზე დატყდომის დროს ნიუ ორლეანის შუაგულში ამდენი ოჯახი იყო მანქანებისა და ტრანსპორტირების სხვა საშუალებების გარეშე გამომწყვდეული, მხოლოდ ნიუ ორლეანის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად, ჩიკაგოს შუაგულში არსებულ გეტოებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაცხოვრებლების მხოლოდ 19 პროცენტს აქვს ავტომობილზე წვდომა.[i] ამ უზომოდ სეგრეგირებულ და სიღარიბის დიდი კონცენტრაციის ადგილებში ადამიანი შეიძლება ძალიან დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი იყოს, მთელი დღის მანძილზე საარსებო მინიმუმზე მუშაობდეს და ამასთან ძლივს გაიტანოს თვიდან თვემდე თავი ან არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ იყიდოს და შეინახოს ავტომობილი. დაბალი შემოსავლის გამო ასეთი ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამ პირობებში მყოფ ნებისმიერ პირს არ ძალუძს ოჯახის მყისიერად სხვა ადგილას გადაყვანა.
სატელევიზიო კამერები რომ ქარიშხალ კატრინას დატრიალებამდე ყოფილიყო მიპყრობილი ნიუ ორლეანის, ან რომელიმე სხვა ქალაქის ცენტრში მდებარე გეტოებისკენ, დარწმუნებული ვარ, იქ აღწერილ სიღარიბესა და სიღარიბის მაღალ კონცენტრაციაზე თავდაპირველი რეაქცია სულაც არ იქნებოდა თანაგრძნობის გამომხატველი. როგორც ამას მალე ვნახავთ, ამერიკაში ზოგადი შეხედულებების შესახებ ჩატარებული გამოკითხვები მუდმივად აირეკლავს იმ აზრს, რომ ადამიანები ღარიბები და უმუშევრები საკუთარი ნაკლოვანებებისა და არასრულფასოვნების გამო არიან. სხვა სიტყვებით, ძალიან ცოტა ადამიანი დაფიქრდებოდა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ქალაქის შუაგულში მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობაზე სოციუმის მამოძრავებელი უფრო დიდი ფაქტორები - სეგრეგაცია, დისკრიმინაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების სიმწირე, სუსტი საჯარო სკოლები. თუმცა რადგან ცხადი იყო, რომ კატრინა იყო ბუნებრივი კატაკლიზმა, რომელზე კონტროლიც ქალაქის ცენტრში მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას არ ჰქონდა, ამერიკელები უფრო კეთილგანწყობილები იყვნენ ღარიბების მიმართ. გარკვეული აზრით, კატრინა იყო ის ულმობელი ბუნებრივი ექსპერიმენტი, რომლის მეშვეობითაც უკეთ მცხოვრებ ამერიკელებს ცხადად შეეძლოთ ეხილათ რასობრივი იზოლაციისა და ქრონიკული ეკონომიკური დაქვემდებარების შედეგები.
იმის მიუხედავად, რომ კატრინას დატრიალებამდე სახელმწიფოს საჯარო ცნობიერებაში ურბანულ სივრცეებში მაცხოვრებლების პრობლემები ნაკლებად იყო აღქმული, სოციალური მეცნიერები სამართლიანად უთმობდნენ საკმაო დროს კონცენტრირებულ სიღარიბეს, რადგან ეს ფაქტორი ზოგად სიღარიბესთან არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს: უმუშევრობას, კრიმინალის დონეს, სამართალდარღვევებს, ნარკოტიკის კონტრაბანდას, დანგრეულ ოჯახებს, დაბალი ხარისხის სკოლებს. ის უბნები, სადაც კონცენტრირებულია სიღარიბე, აღიქმება როგორც საშიში, ამიტომაც ეს უბნები სოციალურადაც და ეკონომიკურადაც იზოლირებული ხდება, რადგან ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ უბნებთან ნებისმიერი სახის კავშირი აირიდონ.[ii]
თუ სოციალურ მეცნიერებს სურთ, ეფექტურად და ამომწურავად აუხსნან დიდ აუდიტორიას შიდა ქალაქის მაცხოვრებლების გამოცდილებები და იქ ცხოვრების სოციალური შედეგები, მათ მხოლოდ აშკარა რასობრივ სტრუქტურულ ფაქტორებზე კი არ უნდა ისაუბრონ, რომლებსაც უშუალოდ შეაქვთ წვლილი უთანასწორობისა და კონცენტრირებული სიღარიბის ჩამოყალიბებაში, არამედ ასევე უნდა ახსენონ, თუ როგორი არაპირდაპირი გავლენა აქვს პოლიტიკურ საქმიანობას და ზოგად ეკონომიკურ ფაქტორებს ქალაქის შიდა ნაწილის მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ რასაზე ეროვნული რწმენები და კულტურული ბარიერები, რომლებიც ხანგრძლივი რასობრივი იზოლაციიდან და მუდმივი ეკონომიკური დაქვემდებარებიდან არის ამოზრდილი.
თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია