საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოქალაქეები
ქვ. ქართლში, სოფელ ხულდარაში, ლეილას ვკითხე, თუ რატომ არ წავიდა არჩევნებზე. მიპასუხა, რომ როცა მისი შვილი საქართველოში იყო, მასთან ერთად მიდიოდა სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, მაგრამ რაც ის წავიდა, აღარ აინტერესებს ეს ყველაფერი. ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იმ ქალაქის ამბებია, სადაც მისი შვილი მუშაობს, რადგან მათი ოჯახის ბედი იქ წყდება. ამ სოფელში ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ლეილამ მითხრა, რომ წყალს მხოლოდ ღმერთი აძლევს და ცისკენ მიმითითა.
***
ჭიათურელი მაღაროელების ხელფასი მიზერულია. ისინი იძულებულნი არიან ვახტურ რეჟიმში იმუშაონ. ეს გულისხმობს ორკვირიან უწყვეტ მორიგეობას, როცა ოჯახის წევრებს ვერ ნახულობ და 12 საათიან სამუშაო დღეს. ზოგიერთი მაღაროელი ერთი თვე გადაბმულად ვახტურ რეჟიმში მუშაობს, რათა ხელფასი ელემენტარულ საჭირობებეს გასწვდეს. გაფიცულ ჭიათურელებს, სოლიდარობა ტყიბულელმა მეშახტეებმა პოლონეთიდან გამოუცხადეს. ისინი 2016 წელს გაიფიცნენ, მთავარი ბრძოლის გადატანა სწორედ გაფიცვის დასრულების შემდეგ მოუხდათ. მალევე იძულებულნი გახდნენ სამუშაო უცხოეთში ეძებნათ.
***
მარიამი ხულოდან არის და თბილისში მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. არჩევნებისთვის თავის სოფელში წასვლას არ აპირებდა, რადგან სამსახურსა და უნივერსიტეტზე დროის გადანაწილება რთულია, ხოლო ძალების - თითქმის შეუძლებელი.
***
რამაზი ზესტაფონში ერთ-ერთი პარტიის კოორდინატორია, პენსიონერი მშობლები ჰყავს, ამბობს, რომ სამუშაოდ ევროპაში წასვლა უნდოდა, მაგრამ ოჯახის წევრებს მარტო ვერ დატოვებს. ზუსტად ვერ მიხსნის რა ევალება საარჩევნოდ, მაგრამ მისი ხელფასი თითქმის იმდენივეა, რამდენსაც ნათიას უხდიან.
***
ზუგდიდში ცირა ლოცულობს, რომ არჩევნები მშვიდობით დასრულდეს, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება მისთვის არც ისე უსაფრთხოა.
მენეჯერეული და მორალისტური სტარტეგია
მაისში ჭიათურაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ხულოსა და მარნეულში მერის არჩევნები ჩატარდა, ხოლო თბილისში ამომრჩეველი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში ზუგდიდი აღმოჩნდა, საიდანაც ნაციონალური მოძრაობა ,,რევოლუციურ’’ სცენარს აანონსებდა. მედია აქტიურად აშუქებდა მთაწმინდაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიცია დაუპირისპირდა. პარალელურად, მთაწმინდაზე ,,მესამე ძალების’’ გრძელი რიგი დადგა. სხვა ქალაქებში არჩევნებმა მეტწილად უფერულად ჩაიარა და მმართველმა პარტიამ ყველგან უპრობლემოდ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატებს თუ მოვუსმენთ, მათ სიტყვებს გამოვაკლებთ საარჩევნო კამპანისათვის შექმნილ კოლორიტულ იმიჯს და მორალისტურ გამოსვლებს, ისინი ძირითადად მხოლოდ ინფრანსტრუქტურულ საკითხებზე ლაპარაკობენ.
ქვეყნებში, სადაც პოლიტიკურ სცენაზე არ არსებობენ ტრადიციული პარტიები, ხალხი უფრო ხშირად იძულებულია პოლიტიკურ სკანდალებს მიჰყვეს კუდში. ამგვარი რეალობა დამახასიათებელია ყოფილი საბჭოთა და პოსტ-სოციალისტური ქვეყნებისთვის. აქ პარტიების ადგილი დაიკავეს ახალმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც თავიანთ კამპანიებს აგებდნენ პოლიტიკის მენეჯერიზაციის მეშვეობით. პოლიტიკური თეორიების, მეცნიერული ცოდნის ადგილს იკავებს პოლიტოკოსთა იმიჯები, მათი პერსონები.
ამგვარი მიდგომით პოლიტიკა გაგებულია, როგორც ბიზნესი და, შესაბამისად, ქვეყანა იმართება, როგორც კერძო ფირმა. პარალელურად, იწყება პოლიტიკის მორალიზაცა. მისი განახლება ახალი მორალური სტანდარტებით. მენეჯერ-პოლიტიკოსების გამოგონილი მორალური სტანდარტები მყიფეა და პლასტიკური, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთგვარი შანტაჟის საშუალებაა მოქალაქეების წინააღმდეგ. პოლიტიკოსები ერთმანთეს ეჯიბრებიან პროდასავლურობის დასამტკიცებლად, ასევე სპეკულირებენ რელიგიური და ცრუ კონსერვატორული თემებით. ეს ყველაფერი იკავებს ნამდვილი პოლიტიკის ადგილს. მორალისტური შანტაჟის გამოყენება მაშინაც კი არის მიღებული, როცა საქმე კერძო კაპიტალის ინტერესებს ეხება. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს ბრალად ედებათ, რომ ისინი სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან. ამ ყველაფრის კარგი ილუსტრაცია იყო ,,ევროპული საქართველოს’’ ლიდერის გიგა ბოკერიას და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დიალოგი პარლამენტში. სადაც ერთხმად განაცხადეს, რომ ყველა, ვინც ჰესების წინააღდმეგ გამოდის, ზიანს აყენებს ქვეყანას.
ცენტრალური ევროპის პოსტ-სოციალისტური ქვეყნებისგან (ჩეხეთი, სლოვაკეთი) განსხვავებით, საქართველოში მენეჯერ-პოლიტიკოსები აშკარა ჩიხში არიან გაჭედილნი, ქვეყანას არ გააჩნია ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა. პოლიტიკოსები მხოლოდ პოლიტიკის მორალიზაციით შემოიფარგლებიან. მოქმედი და წინა მთავრობებს ერთადერთი ეკონომიკური სტრატეგია ეფუძნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას (ე.წ. ცხელი ფული), ტურიზმის და მომსახურეობის სფეროს განვითარებას. ასეთ დღის წესრიგში უცხოელი ინვესტორი და ტურისტი ერთგვარ მითოლოგიურ ფიგურებად წარმოჩინდებიან ჩინოვნიკთა გამოსვლებში, ხოლო ,,ბიზნესის თავისუფლება’’ და ,,ბიზნესის მეტი თავისუფლება’’ მათ ენაში თეოლოგიურ შეფერილობას იღებს. ამ კუთხით, საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის 2015 წლის გამოსვლა ,,ვირის 2030’’-ში.
,,თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ’’ - განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და იქვე დაამატა, რომ ევროპაში ვიზიტისას, ევროპელებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც შრომის კოდექსზე დაიწყო საუბარი. ეს გამოსვლა კარგად ასახავს, თუ როგორ უყურებს პოლიტიკოსი შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობას. კაპიტალის მფლობელის მხარდაჭერა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, ხოლო მშრომელის მინიმალური უფლებების დაცვა - იმიჯის ნაწილი.
განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია აქტიურად საუბრობენ პოლიტიკის მენეჯერიზაციის საფრთხეებზე და ეს საკითხი სიღრმისეულ კვლევას და კრიტიკას საჭიროებს, თუმცა ჩვენ გაცილებით უფრო მანკიერი პრაქტიკის მომსწრენი ვართ. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ეს მენეჯერ-პოლიტიკოსები რჩებიან ქვეყნის განვითარების ძრავად. აქ კი, მენეჯერებად გვევლინებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან ჩართულები საარჩევნო პროცესში, ასევე ხალხსა და ბიზნეს შორის შუამავლობის პროცესში. სხვა ფუნქცია მათ უბრალოდ არ გააჩნიათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჩანგი აღნიშნავს, რომ განვითარებული ქვეყნები უმეტესად კვლავ გეგმიურ ეკონომიკას იყენებენ. (ცხადია, უფრო შეზღუდულად, ვიდრე ეს საბჭოთა სოციალიზმში იყო). ეს ქვეყნები სამეცნიერო კვლევებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განკუთვნილ კაპიტალდაბანდების უდიდეს ნაწილს აფინანსებენ, ამსათან, სახელმწიფო ამენეჯმენტებს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო საქმიანობის დაგეგმვის გზით, ინდუსტრიული პოლიტიკის საშუალებით, გეგმავს სამრეწველო სექტორის მომავალ მოდელს ან ინდიკატური დაგეგმვის გზით, მთლიანი ნაციონალური ეკონომიკის მოდელს განსაზღვრავს. თანამედროვე კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკას შეადგენენ რთული იერარქიის მქონე კორპორაციები, რომლებიც ზედმიწევნით გეგმავენ თავიანთ სამოქმედო გეგმას, რაც ზოგჯერ ერთი ქვეყნის საზღვრებსაც სცდება.
საქართველოში მთავრობისა და ჩინოვნიკების პოლიტიკა, რომელიც სრულ უპასუხისმგებლობასა და უმოქმედობას გულისხმობს, აიხსნება მხოლოდ მათი დაქვემდებარებულობით კაპიტალის წინაშე და, ამავდროულად, უცოდინრობით. მათ არ გააჩნიათ ნება და არც ცოდნა, რათა რეალური ნაბიჯები გადადგან. შესაბამისად, გვევლინებიან შუამავლებად ბიზნესმენებსა და ხალხს შორის.
ამ პრობლემური გარემოების გადასაფარად, ისინი ხშირად საუბრობენ, რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვით შეუძლიათ უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, აღმშენებლობის დაწყება, მაგრამ გამოცდილებამ უჩვენა, რომ თითოეული ასეთი საზეიმოდ დაანონსებული უტოპიური პროექტი არც კი დაწყებულა, რადგან ,,ცხელი ფული’’, რომელიც ძირითადად ბანკების კრედიტების გზით შემოაქვთ უცხოელ ინვესტორებს, გულისხმობს მოკლე ვადაში მოგების მიღებას. ამგვარი საქმოსნები არ არიან დაინტერესებულნი გრძელვადიანი პროექტებით. ასეთ ვითარებაში მთავრობა მხოლოდ წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით იწონებს თავს.
სახელმწიფოს არ გააჩნია გენერალური გეგმა გზების, საირიგაციო და სარწყავი სისტემების მოსაწყობად. ეს პროცესი ქაოტურად, მეცნიერული ცოდნის გარეშე, სახელდახელოდ შექმნილი კომპანიების ხელით კეთდება. სწორედ აქ ებმებიან თამაშში შუამავალ- მენეჯერები, რომლებიც პარალელურად სახელმწიფო თანამდეობებს იკავებენ.
ყველასათვის გასაგებია, რომ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას ან გენერალური გეგმის შედგენას ქალაქის მერს ან ცალკეულ პოლიტიკოსს ვერ დავუსახავთ, მაგრამ თითეული მათგანი წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ასეთი ხედვა უნდა გააჩნდეს და სწორედ მისი განმახროციელებელი უნდა იყოს. ახლა ქალაქის მერი მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.
მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც წარმოდგენს პოლიტიკურ პარტიას გვევლინება ერთგვარ აპოლიტიკურ მენეჯერად. თითოეულ ასეთ ჩინოვნიკს ზურგს უმაგრებს (საარჩევნო პროცესიდან მოყოლებული) და მხრებზე აწვება საქმოსნების მთელი ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინფრანსტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები თავიანთ კომპანიებში მიმართონ.
ამგვარი პრაქტიკის უვარგისობა კარგად ჩანს ქვემო ქართლში. გენერალური გეგმის გარეშე, ბიზნესის და მიწათმფლობელების ინტერესებით დაგეგმილი ინფრასტრუქტრული პროექტები აქ უწყლოდ ტოვებს უამრავ სოფელს. მეცნიერული ცოდნის გარეშე დაგეგმილი ინფრასტრუქტურა უფრო დამანგრეველ შედეგებსაც იწვევს, ერთმა არასწორად განხორციელებულმა პროექტმა, წყლის რესურსის არაგონივრულმა გამოყენებამ, შესაძლოა, ერთი სოფელი ან კერძო მიწათმფლობელი წყლით მოამარაგოს, მაგრამ სხვა სოფელს მოუსპოს საშუალება, ოდესმე მაინც ჰქონდეს წყალი. ამავდროულად, საკუთრივ ერთი სოფლის საზღრებშიც ყველას არ აქვს თანაბარი წვდომა წყალზე.
მენეჯერები
ჟურნალ ინდიგოსთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში სანდრო ჯეჯელვა, რომელიც ამ საუბრიდან მალევე განათლების მინისტრი გახდა, საინტერესო საკითხებზე ლაპარაკობს. მომავალი მინისტრი ამბობს, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მოპოვებას აპირებს, ხოლო მოტივაციას ამგვარად განმარტავს: ,,ჩემი ავტორიტეტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართულია. საერთაშორისო ავტორიტეტს 5 წელიწადში კავშირებით ვერ მოიპოვებ და, საერთო ჯამში, ეს 5 წელიწადიც არ გეხარჯება, თუ სტენფორდის დოქტორანტი ხდები. რა წამსაც ეს მოხდება, იმ წამს შეიძლება დააკაკუნო, მაგალითად, არაბული კომპანიის კარზე''.
მენეჯერები და ჩინოვნიკ-მენეჯერები მეცნიერებას და განათლების მიღებას სწორედ ამ კუთხით უყურებენ. ,,განათლება გაგამდიდრებს'' წერია ერთ-ერთი უნივერსიტეტის სარეკლამო ბანერზე და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ინტერვიუდან ძალიან მალე სანდრო ჯეჯელავა განათლების მინისტრად დაინიშნა. არც ის იყო მოულოდნელი, რომ საზოგადოებას თავი მხოლოდ ეპატაჟური განცხადებებით დაამახსოვრა და ისევ კერძო ბიზნესში დაბრუნდა. სამაგიეროდ, საერთაშორისო ავტორიტეტი მიიღო, ამ მხრივ, განათლების მინისტრად მუშაობა შესანიშნავი ტრამპლინია.
გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა; შემდეგ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი; 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის ივნისამდე კი, საქართველოს მთავრობას მეთაურობდა, თანამდეობა დატოვა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან გააფორმა კონტრაქტი. მისი თქმით, თანამშრომლობა მოიცავს ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევას საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში. ამგვარი მაგალითები ქართულ პოლიტიკაში მრავლად მოიძებნება, იგივე გზა გაიარა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ზოგიერთმა მინისტრმაც.
საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ წარმატებას და ფინანსურ ანაზღაურებას ჰპირდება მენეჯერებს, ხოლო კერძო სექტორში გაცილებით დიდი ხელფასები გაიცემა, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში. შესაბამისად, ბაზარი წარმატებულ მენეჯერებს საერთაშორისო კორპორაციებში და კერძო ბიზნესში ამისამართებს, ხოლო სახელმწოფო სამსახურში მეორე ხარისხის მენეჯერები რჩებიან, რომლებიც არ გამორჩევიან პროფესინალიზმით და, უმრავლეს შემთხვევაში, პარტიული ან კლანური ნიშნით არიან შერჩეულნი. მათ კარიერის ამ ეტაპზე არ სურთ და, ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ არ შეუძლიათ წარმართონ რეალური პოლიტიკა. ისინი კმაყოფილდებიან შუამავლის მოკრძალებული ფუნქციებით. მხოლოდ კეკლუცობენ და თავს გვაცნობენ საარჩევნოდ შექმნილი იმიჯით, რომელიც არც ისე იაფად იყიდეს საქმის სპეციალისტებისგან.
ქვეყანაში, სადაც გზები დანგრეულია, ხოლო ზოგიერთ დასახლებას სასმელი წყალი არ აქვს, პრობლემად რჩება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა... ამომრჩეველიც ხშირად სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ყველაზე მეტს. შესაბამისად, აპოლიტიკური შუამავლები უპრობლემოდ ახერხებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვან.
შექმნილ ვითარებაში მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი ნამდვილი პოლიტიკური ინტერესი. სწორედ ეს საკითხები უნდა დააყენონ ქალაქის თუ მუნიცილიტეტის არჩეული მერების წინაშე. ამ შემთხვევაში მეორე ხარისხის მენეჯერებს უბრალოდ აღარაფერი ექნებათ სათქმელი, რადგან მათთვის პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკის უფლების მიცემას მათივე ბოსები ვერ გარისკავენ.
პოლიტიკისგან დაცლილი საარჩევნო პროცესი ერთგვარ კორპორაციად იქცა ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე კატასტროფულად მაღალია, საარჩევნო ინდუსტრია, ფაქტობრივად, ყველაზე მზარდ ბიზნესად ჩამოყალიბდა. მდიდარ პარტიებს არ უჭირთ რამდენიმე თვით დაასაქმონ ადამიანები, რომლებსაც ხმების განსაზღვრული რაოდენობის მოპოვება ევალებათ. ასევე პარტიები ასაქმებენ კოორდინატორებს, დამკვირევებლებს, აქტივისტებს, დამხარე პერსონალს... სწორედ ამ დასაქმებული ადამიანების რაოდენობით და მათი მოგროვებული ხმებით წყდება არჩევნების შედეგი, ხოლო უბრალო მოქალაქეებისთვის საარჩევნოდ დარიგებული სურსათი ააშკარავებს იმ სიღარიბესა და შიმშილს, რომელიც ქვეყანაშია.
ბევრი მიჩნევს, რომ არჩევნების ბიზნესად ქცევა და მოქალაქეების დიდი ნაწილის არჩევნებზე არ მისვლა, ისევ მოქალაქეების დემოკრატიული ცნობიერების ნაკლებობის ბრალია. საფიქრებელია, რომ პრობლემა უფრო სიღრმისეულია. მაგალითისთვის, ქვემო ქართლში ადამიანების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია უცხოეთში სამუშაოდ წასულ ოჯახის წევრებზე ან პურს მიწაზე შრომით შოულობს. არცერთი პოლიტიკური პარტია ამ ადამიანებს რეალურად არ ელაპარაკება, ვერ სთავაზობს განვითარების ახალ გეგმას, მაღალტექნოლოგიური შრომის ორგანიზებას, რათა მათი შვილები თურქეთში ან პოლონეთში არ გადაიხვეწონ.
შექმნილი ვითარების აბსურდულობა კარგად ჩანს ინდუსტრიულ ქალაქებში. ბოლო წლებში ტყიბულელი, ჭიათურელი, კაზრეთელი, აგარელი... მშრომელების გაფიცის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობა და მაჟორიტარი დეპუტატები მუშებთან საუბარში ხშირად ამბობდნენ, რომ მათ რეალურად არაფერი შეეძლოთ, რადგან საწარმოები კერძო კომპანიების მფლობელობაშია. მათ გაფიცულებისთვის მხოლოდ ცარიელი სიტყვების თქმა შეეძლოთ ან ჰპირდებოდნენ, რომ კერძო კომპანიას მოეპლარაკებოდნენ. ეს ქალაქები თუ დაბები დაარსებიდან დღემდე დამოკიდებულნი არიან კონკრეტული საწარმოს მუშაობაზე. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არჩეულ მერს, მაჟორიტარ დეპუტატს კი, ფაქტობრივად, არ შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ურთიერთობაზე, რადგან არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ.
ასეთივე სურათია მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ადამიანების ერთი ნაწილი არჩევნებს აღიქვამს, როგორც დროებითი დასაქმების საშუალებას, ხოლო მეორე ნაწილი დაღლილი და სრულიად გაუცხოვებულია, რადგან აქ მათი ბედი არ წყდება. თუ არ ჩავთვლით იმ საარჩევნო კამპანიებს, როცა მოქალაქეები უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. რისი მაგალითიც წელს ზუგდიდში ვიხილეთ.
თვითმართველობა და საკანონმდებლო ორგანოში არჩეული დეპუტატები ვერანაირად ვერ წარმოდგენენ მოქალაქეთა ნამდვილ ინტერესებს. ეს გარემოება მათი უნიათობით არ აიხსნება, როგორც ეს მათმა გამოსვლებმა შეიძლება გვაფიქრებინოს. ეს ადამიანები და მათ უკან მდგომი კაპიტალი წინააღმდეგობაშია მოქალაქეების ნამდვილ ინტერესებთან.
ინსტრუქცია