[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თარგმანი

მედეგი რეგიონები არასტაბილურ სამყაროში - ოცნება თუ რეალობა

ია ერაძე 

პროექტის „სამთომოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუ წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმაების მნიშვნელობა და მათი კავშირიქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები.

გთავაზობთ რეი ჰადსონის სტატიას "მედეგი რეგიონები არასტაბილურ სამყაროში - ოცნება თუ რეალობა?"

სტატიისთვის სინთეზური შესავალი მოამზადა ია ერაძემ.

კრიზისი კაპიტალისტური განვითარების თანმდევი პროცესია. თუმცა, კაპიტალიზმს შესწევს უნარი დასძლიოს კრიზისებს და შეინარჩუნოს სტაბილურობა. კაპიტალისტური (და არა მაინცდამაინც კაპიტალიზმის) კრიზისები არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური სახისაა, არამედ ბოლო დროს მკვეთრად იხატება ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისების კვეთა. ეს მრავალგანზომილებიანი კრიზისი კი პირდაპირ კავშირშია, განსაკუთრებით 1970-იანი წლებიდან, კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმის ცვლილებასთან - ყველაფერი უფრო სწრაფად, უფრო გლობალურად, უფრო იაფად, რაც შეიძლება ნაკლები წესებისა და რეგულაციების ფონზე. კაპიტალის ამგვარმა თავისუფალმა დინებამ (ბევრ სიკეთესთან ერთად) ბევრი სოციალური და ეკოლოგიური პრობლემა წარმოქმნა, რადგან ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული ლოგიკა არ ერიდება ბუნების და ადამიანის ექსპლუატაციას. ეს ცვლილებები განსაკუთრებული სიმძაფრით შეეხო ცალკეულ რეგიონებს (განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში), რომლებიც გახდნენ გლობალური წარმოების ჯაჭვის და შრომის გადანაწილების პატარა, უმნიშვნელო რგოლები და ამ მხრივ დამოკიდებული გლობალურ ბაზარზე. ნეოლიბერალური იდეების ჰეგემონიის ფონზე, რეგიონები განსაკუთრებით განიცდიან კონკურენტუნარიანობის წნეხს, რომ მიიზიდონ ინვესტიციები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონები გადაჯაჭვული არიან გლობალურ ეკონომიკასთან, მათი გავლენა მსოფლიო ბაზარზე მიმიდნარე პროცესებზე შეზღუდულია.

სწორედ ამ პრობლემებს ეხება რეი ჰუდსონის 2009 წელს გამოქვეყნებული წინამდებარე სტატია და სვამს კითხვას: როგორ უნდა გაუმკლავდნენ რეგიონები ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს და გახდნენ უფრო მედეგი მოულოდნელი საფრთხეების მიმართ? ამრიგად, მთავარი ყურადღება მედეგობის კონცეპტის განხილვას ეთმობა. ავტორი გვთავაზობს, ერთის მხრივ, ზემოთ აღნიშნული კრიზისის ისტორიულ-თეორიული კონტექსტის მიმოხილვას და მეორეს მხრივ, გვაცნობს მედეგობის იდეას, როგორც ფიქრის ახალ გზას გამოსავლის ძიებაში. მიუხედვად იმისა, რომ მედეგობა მულტიდისციპლინარული ტერმინია და სხვადსხვა დატვირთვა აქვს, მისი ზოგადი იდეა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ეკოსისტემების, ინდივიდების თუ ორგანიზაციების უნარი გაუძლონ ზეწოლას, სტრესს ისე, რომ შეინარჩუნონ ფორმა და ფუნქცია. ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მოწყვლად რეგიონებთან მიმართებაში, ჰუდსონი მედეგობის სამ განზომილებას გვთავაზობს: ეკოლოგიური ეფციენტურობა, რეგიონული ჩაკეტილობა და ნაკლები დამოკიდებულება რეგიონის მიღმა მიღებულ გადაწვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორისთვისაც ნათელია ამ პრინციპების განხორცილების შეზღუდვები, იგი შესაძლებლად მიიჩნევს დადებითი შედეგების მიღწევას. ამისათვის საჭიროა ეკონომიის განსაზღვრების გადააზრება (ეკონომიის უფრო ფართო გაგებისთვის), რეგიონული ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რეგულატორული ცვლილებები და ეკოლოგიური ეფიციენტურობა. რეგიონები უნდა შეეცადონ შეამცირონ მათი დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზარზე და დაიბრუნონ ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მოხდეს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ სახელმწიფო და გლობალურ დონეებზეც. ასევე, საჭიროა განვითარების და ეკონომიკური ზრდის დომინანტური ნარატივების გადააზრება, რომ აბსოლუტური პრიორიტეტი მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას არ მიენიჭოს და გათვალისწინებული იქნას სოციალური სამართლიანობა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა. ამ პროცესებში კი აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, რომელიც მზად უნდა იყოს რადიკალურ და უპრეცედენტო კრიზისებს რადიკალური გარდაქმნების პოლიტიკებით უპასუხოს.

ჰუდსონის განხილული სტატია მნიშვნელოვანი და რელევანტურია ქართული კონტექსტისთვის. სტატია სთავაზობს მკითხველს კაპიტალიზმის განვითარების ბოლო პერიოდის ისტორიულ და თეორიულ კონტექსტს, აცნობს კაპიტალის აკუმულაციის მთავარ მექანიზმებს და ხსნის აკუმულაციის რეჟიმის კრიზისის მიზეზებს. გლობალური სურათის ფონზე, მკითხველს შეუძლია შეაფასოს საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და დააკავშიროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გლობალურ მოვლენებთან. ფართო კონტექსტის გააზრება კი ცხადყოფს ძალაუფლების ასიმეტრიულობას გლობალურ ბაზარზე და ხაზს უსვამს განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების (და მათი რეგიონების) დამოკიდებულებას გლობალურ სტრუქტურაზე, როგორიც საქართველოა. თუმცა, ამგვარი დამოკიდებულება და საქართველოს ძალაუფლების შეზღუდულობა გლობალურ სტრუქტურაში, ქვეყნის სრულ უძლურებად არ უნდა იქნას აღქმული. ნიშანდობლივია, რომ ჰუდსონის მიერ წინწამოწეული საკითხი ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კრიზისთან მიმართებაში, თანხმობაშია საქართველოს რეალობასთან; აქ გავრცელებული განვითარების ხედვა უმეტესად უგულებელყოფს სოციალური და ეკოლოგიური საკითხების მნიშვნელობას. საქართველო, როგორც ნეოლიბერალიზმის კონკურენტუნარიანობის იმპერატივს წამოგებული თევზი, ბოლო ათწლეულზე მეტია მონდომებით იბრძვის ინვესტიციების მოზიდვისთვის იაფი სამუშაო ძალის და დერეგულაციის ხარჯზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ გავრცელებული დისკურსი სწორედ პირდპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდავს აღიქვამს ეკონომიკური ხსნის მთავარ გზად, რაც ცალსახად ცუდი არ არის. თუმცა, ამ მიზნისთვის (მაგალითად) შრომითი კოდექსის დამსაქმებლის ინტერესებზე მორგება და ბიზნესისთვის რეგულაციების შემცირება, ნამდვილად ქმნის პრობლემებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, დავსვათ კითხვები: ინვესტიცია რისთვის და რა პირობებით? განვითარება ვისთვის და რის ხარჯზე? სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია და იქ განვითარებული მოვლენები ცხადყოფენ, რომ წარმოება მშრომელების სიცოცხლის ხარჯზე ან ეკონომიკური ზრდა გარემოს უგულებელყოფის ფონზე კრიზისულ მდგომარეობას ქმნის. კრიზისი კი არა მარტო საფრთხეებს წარმოაჩენს მთელი სიცხადით, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარების საშუალებასაც ქმნის (როგორც ამას ჰუდსონიც ამტკიცებს). სწორედ აქ გვთვაზობს ჰუდსონის სტატია საჭირო კონცეპტს, რეგიონების მედეგობის ხელშეწყობის და განვითარების მიზნით. წორედ აქ არის აუცილებელი გადავაფასოთ განვითარების იდეა საქართველოს კონტექსტიდან და საჭიროებებიდან გამომიდნარე, ვიფიქროთ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიების რეგიონების ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, ეკოლოგიურ ეფიციენტურობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, და მოვითხოვოთ ამ პროცესებში სახელმწიფოს მხრიდან რადიკალური გარდაქმნებისთვის მზაობა.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითიინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

მედეგი-რეგიონები_1560155753.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“