[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თარგმანი

მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის შესავალი

წინათქმა

შოთა კინწურაშვილი

ჩვენი საზოგადოებისათვის ქრისტიანული სოციალური ეთიკა  საერო თუ სასულიერო წრეებში, მათ შორის აკადემიურ სივრცეში სრულიად უცნობი და ახალი დისციპლინაა. ქრისტიანული ეკლესიებს, განსაკუთრებით დასავლეთის ეკლესიებს  სოციალური სწავლებისა და სოციალური ეთიკის თითქმის  ასორმოცდაათწლიანი უწყვეტი ტრადიცია გააჩნია. დაგვიანებით, თუმცა მსგავსი მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც. ამის პირველი მაგალითი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წელს გამოქვეყნებული სოციალური კონცეფცია, შემდგომ 2016 წელს შემდგარი კრეტის საერთომართლმადიდებლური კრების რიგი დოკუმენტები სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე და ბოლოს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის დოკუმენტი „მსოფლიოს სიცოცხლისათვის“, რომელმაც დღის სინათლე 2020 წელს იხილა. დასავლეთის საღვთისმეტყველო სკოლებში აღმოცენებული ახალგაზრდა საღვთისმეტყველო საგანი - ქრისტიანული სოციალური ეთიკა ნაბიჯნაბიჯ მართლმადიდებელი ეკლესიის, საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს ინტერესის სივრცეშიც შემოდის. თუმცა საქართველოს მაგალითზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მწირია როგორც ეკლესიის სოციალური დოკუმენტების ქართული თარგმანები, ასევე ქრისტიანული გადმოსახედიდან რიგ სოციალურ და ეთიკურ თემებზე შექმნილი ტექსტები.[1]

სწორედ ამ დიდი ნაპრალის ნაწილობრივ ამოვსების ემსახურება არსებული ტექსტის ქართული თარგმანის შესრულება და გამოცემა. აღნიშნული ტექსტი  მართლმადიდებელი ეკლესიის მდიდარ სოციალურ ხედვებსა და პრაქტიკებს გვაცნობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა ფორმასაც და შინაარსს, პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების შესაბამისად. აღნიშნული თარგმანი დაინტერესებულ მკითხველს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა: მშვიდობა, სოლიდარობა, სოციალური მსახურება, სამართლიანობა თუ სხვა ყოველდღიური საზოგადოებრივი გამოწვევები  მართლმადიდებლური თეოლოგიისა და მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკაზე დაფუძნებული სოციალურ თეორიებითა და ხედვების თანახმად იყოს გააზრებული.  სამომავლოდ შესაძლებელია აღნიშნული წიგნი ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცეს  საერო ასევე სასულიერო სასწავლებლების სტუდენტების, პედაგოგების და ასევე მკითხველის ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქრისტიანული ეთიკით და ქრისტიანული ეკლესიების სოციალური სწავლებით.

წიგნის ავტორია ალექსანდრე პაპადეროსი, ბერძენი მართლმადიდებელი თეოლოგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სხვადასხვა სამუშაო კომისიების აქტიური მონაწილე იყო. ის აგრეთვე თანადამფუძნებელია კრეტის მართლმადიდებლური აკადემიის, რომელსაც თავად წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მართლმადიდებლური_სოციალური_ეთიკის_შესავალი_1703450258.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აღნიშნულ თემებზე დაკავშირებით ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია  1. კათოლიკე ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი; მთარგ. ა. ჭელიძე, ი. ჯავახიშვილი (2019), 2. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი: შეხვედრა საიდუმლოსთან - მართლმადიდებლობა მესამე ათასწლეულში; მთარგ. შ. კინწურაშვილი (2019) 3. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტი: მსოფლიოს სიცოცხლისათვის – მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ; მთარგ. გ. ლურსმანაშვილი (2020).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“