საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანი იხ. მიმაგრებულ ფაილში
2022 წლის 28 ივნისს მარნეულში წყალმომარაგების და წყალანირების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული მშრომელების სასამართლო დავა წარმატებით დასრულდა. 9 (ცხრა) მშრომელის ინტერესებს სასამართლოსა და შრომის ინსპექციის წინაშე სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
ნიშანდობლივია, რომ უცხოურ საწარმოს ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპი და ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალი ხანგრძლივი დროის მანძილზე უხეშად არღვევდნენ ასობით დასაქმებულის შრომით უფლებებს. მძიმე სოციალური ყოფითა და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული მშრომელები თვეების მანძილზე უშედეგოდ ელოდნენ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას.
2021 წლის 25 ნოემბერს ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მშრომელთა სამართლიანი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სრულად დააყადაღა კომპანიის უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღსანიშნავია, რომ მშრომელების უფლებების დასაცავად სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციასაც მიმართა. კომპანიის ინსპექტირების ფარგლებში დამატებით დადგინდა შრომითი კანონმდებლობის დარღვევა, რაც გამოხატა შრომითი ხელშეკრულებების ფორმის, შინაარსის შრომის კოდექსთან შეუსაბამობაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, სამუშაო დროის აღრიცხვასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დარღვევებში. ინსპექციის გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და მიეცა შესაბამისი მითითებები დარღვევების აღმოსაფხვრელად.
საბოლოოდ, მხარეთა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შრომითი ინსპექციის სანქციები, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის მექანიზმების მყისიერი გამოყენება შედეგიანი აღმოჩნდა და ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალმა მშრომელებს შეთანხმებული თანხა ჩაურიცხა.
ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის და ადამიანების და ოჯახების ღირსეული ცხოვრებისთვის. შრომის უფლება მოიცავს შესაძლებლობას მოიპოვო საარსებო სახსრები შრომით, მიიღო შრომის სამართლიანი, თანასწორი პირობები, სამართლიანი გასამრჯელო, როგორც ღირსეული არსებობის ერთ-ერთი წინაპირობა. მარნეულის მშრომელების დავა აჩვენებს, რომ შრომის თავისუფლების დაცვის საქმეში სასამართლოს და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების დროული ჩართულობა და ეფექტიან რეაგირება არსებითია. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მშრომელები ეთნიკური უმცირესობების თემებიდან ხშირად ორმაგად ჩაგრულ მდგომარეობაში არიან და ენის უსამართლო პოლიტიკის, პროფესიულ კავშირებში გაერთიანების ტრადიციის არ ქონის, მართლმსაჯულებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო, მათ ხელი არ მიუწვდებათ მათი ინტერესების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს ყველა მშრომელის სამართლიან მოთხოვნას და აგრძელებს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის ხელშეწყობას. ჩვენ მნიშვნელოვანი გვგონია, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესში სხვადასხვა სოციალური ჯგუფები მოვიცვათ და მათ შორის სოლიდარობა ვაშენოთ.
ინსტრუქცია