ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური პოლიტიკური საჭიროებები. ეს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დღემდე არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა აწარმოონ რეალური, საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.
საზოგადოებამ, სხვადასხვა ჯგუფისა და პროფესიული კავშირების ხელშეწყობით, თავად მოახდინა პრობლემებისა და გადასაჭრელი საკითხების იდენტიფიცირება. ჩვენ მოგმართავთ, რომ დღის წესრიგში დააყენოთ შემდგომი საკითხები:
- მშრომელზე არაორიენტირებული შრომის პოლიტიკის შედეგად მხოლოდ 2011-2015 წლებში, ოფიციალური მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 212 და დაშავდა 691 ადამიანი; ამავდროულად, აღურიცხავი დარჩა მძიმე საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების უამრავი სხვა შემთხვევა. ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საჭიროება მშრომელთა უკიდურესი უუფლებობითა და მათი ოჯახების უმძიმესი ყოფითაა განპირობებული. მშრომელების, გაერთიანებული პროფკავშირების, აქტივისტური ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა, 2017 წელი იყოს ის გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მთელ რიგ რეფორმებს, ფუნქციურად სრულყოფილი და ეფექტიანად მოქმედი შრომის ინსპექციის შექმნისათვის.
- 2005-2006 წლებში გატარებული დერეგულაციის პოლიტიკის შედეგად, მოსახლეობისა და მშრომელების ყურადღების მიღმა დარჩა ინფორმაცია გარემოსა და რესურსების მოხმარება-ათვისების შესახებ და პროცესებმა სახელმწიფოსა და ბიზნესის ხელში გადაინაცვლა. ამან გამოიწვია გარემოს დაზიანების მასშტაბური ზრდა, ჰაერის, ნიადაგისა და მდინარეების დაბინძურება. მწვანე პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფები მოვითხოვთ, აღდგეს გარემოსდაცვით სფეროზე სახელმწიფოს კონტროლის ინსტრუმენტები, მათ შორის, წიაღის მოპოვებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმი, რომელიც მშრომელსა და ადგილობრივ მოსახლეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემოიყვანს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის/ინვესტორის თანასწორად.
- სტუდენტებმა ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს განათლების სისტემის მანკიერი და ცოდნის წარმოებისგან დაცლილი სტრუქტურის მხილება. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს განათლების ფუნდამენტური რეფორმა _ განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა დაფიქსირდეს კონსტიტუციაში ჩანაწერით, რომელიც განსაზღვრავს დარგის დაფინანსებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. დღის წესრიგში დადგეს უნივერსიტეტის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი. მოვითხოვთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სტუდენტური თვითმმართველობის მოდელის რეფორმირებას, სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდასა და კეთილმოწყობას, სტაჟირებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შექმნას.
- სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი შრომის, დასაქმებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებისას ქალთა საბაზისო საჭიროებები ადეკვატურად უნდა იყოს აღიარებული. საყოველთაო ჯანდაცვა, ისევე, როგორც შრომის და დასაქმების პოლიტიკა, უნდა გახდეს გენდერულად სენსიტიური და სათანადოდ გაითვალისწინოს ქალთა საჭიროებები.
მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოდელის ალტერნატიული, არანეოლიბერალური ხედვების განხილვა, რომელიც ორიენტირებული იქნება კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს პროგრესულ გადასახადებზე ფიქრით, დაურეგულირებელი ფინანსური სექტორის რეგულაციით და ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმებით.
- ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა 10-წლიანი უმოწყალო დევნის შედეგად საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა ფუნდამენტურადაა შესაცვლელი. უმკაცრესმა საპოლიციო მიდგომამ მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ეკონომიკური და სოციალური სტატუსი კატასტროფის წინაშე დააყენა. დროა, ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ნაწილად იქცეს; დროა, დასჯის ნაცვლად ზრუნვის პარადიგმით ჩანაცვლდეს, რადგან წამალდამოკიდებულება ჯანმრთელობის პრობლემაა და არა კრიმინალური ქმედება.
შესაბამისად, მანიფესტის _ „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ ძირითადი მოთხოვნებია:
- შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია;
- დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები;
- გატარდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა;
- დაიწყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება;
- დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.
აქტივისტური ჯგუფები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარვადგენთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ხალხში დაგროვილ უკმაყოფილებებსა და გარდაუვალ საჭიროებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან დმყისიერი პასუხი სჭირდება.
შემოგვიერთდით, თემათა ერთიანი ჯაჭვით ვაჩვენოთ უფლებამოსილ ორგანოებს, რომ რეალური ცვლილებების დროა.
მანიფესტს ხელს აწერს:
- ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
- მწვანე მუშტი
- ქალთა მზერა
- თვითორგანიზების ქსელი
- აუდიტორია 115
- თბილისის სოლიდარობის ქსელი
- თეთრი ხმაურის მოძრაობა
- ახალგაზრდა მწვანეები