[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თვალსაზრისი

მამა და დედა ჩხუბობენ ხანჯლებით: პანდემიის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით[1], ბოლო 12 თვის მანძილზე, მსოფლიოში 243 მილიონი ქალი (15-დან 49 წლამდე) პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნებში, სადაც ძალადობის შეტყობინების პროცედურები არსებობს, 25-დან 50 პროცენტამდე გაიზარდა რეგისტრირებულ შემთხვევათა მაჩვენებელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი საგრძნობლად მოიმატებს.

საქართველოში, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო დამძიმდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული სისტემური ხასიათის გამოწვევები. გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერება, მიმოსვლის შეზღუდვა, ყველაზე მძიმედ ქალებზე აისახა. გაიზარდა ქალების ზრუნვის ტვირთი ოჯახებში, გართულდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა და მოძალადეებთან ხანგრძლივი დროით ყოფნის პირობებში გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები.

აღნიშნულის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაზრდილა, რაც მსოფლიო ტენდენციების ფონზე კიდევ უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს აჩენს. ეს გარემოება ნათლად მიუთითებს, რომ სტანდარტული ოპერაციული პროცედურები მსგავსი კრიზის დროს არაეფექტურია და სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

რა შეცვალა პანდემიამ ქალებისთვის? რატომ არ მიმართავენ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს? რატომ უჭირთ ძალადობრივი გარემოს დატოვება? ამ კითხვებზე პასუხი, გამოწვევებზე დროული რეაგირება და ეფექტური ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება, დღეს, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი ამოცანაა, რომელსაც ბლოგში მიმოვიხილავ.

 

პანდემიის დროს გაზრდილი რისკები

6 წლის გიორგი ნახატს მაჩვენებს, დედა და მამა ჩხუბობენ ხანჯლებით - ამბობს და მიყურებს. დედა მომსახურების სფეროში მუშაობდა და პანდემიის პირობებში სამსახურიდან ხელფასის გარეშე დაითხოვეს. მამაც. ოჯახური კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდა. ბავშვი საბავშვო ბაღში აღარ დადის და ოჯახის წევრებს უფრო მეტი დროის გატარება უწევთ ერთად. ეს დრო გიორგისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ნახატს მართმევს და მამას შავად აფერადებს, დედა ისევ ვარდისფერ ფერებშია.

საგანგებო რეჟიმი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები ოჯახში ძალადობის რისკებს არსებითად ზრდის. სოციალური ინტერაქციის არარსებობა, გადაადგილების შეზღუდვა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ემოციური ფონი ნეგატიურად აისახება ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ზრდის დაძაბულობას და ამწვავებს ძალადობას. ამას ემატება შეზღუდული წვდომა არსებულ დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე, რაც, რიგ შემთხვევებში, ქალების საკომუნიკაციო საშუალებებთან დაბალი წვდომით, ხოლო სხვა შემთხვევებში დაცული შეტყობინების გაკეთების შეუძლებლობითაა განპირობებული. გართულდა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ოპერირებაც, დაწესებული შეზღუდვები მათ საქმიანობას უფრო ართულებს.

„ერთი წუთით, მგონი ვიღაც მოდის“ - ჩურჩულით ამბობს და ყურს უგდებს ნაბიჯების ხმას. „არა, ბავშვი ყოფილა, ხვალამდე ხომ არ მოვიცადო?“. უკვე სამი დღეა მე და თამუნა ვსაუბრობთ და ერთად ვცდილობთ ძალადობრივი გარემოდან გამოსავალი მისი გადაწყვეტილება იყოს. ვსაუბრობთ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა აქვს, საგანგებო რეჟიმის გამო მოძალადე ქმარი და ოჯახის სხვა წევრები სულ სახლში არიან. ერთ საათში დაგირეკავთ და გამოვიძახოთ, ამბობს და ტელეფონს აღარ პასუხობს. პოლიციას ვიძახებ, რადგან მაშინებს ფემიციდის მაჩვენებელი, ისიც, რომ როცა ვსაუბრობთ მისი მოძალადე ქმარი შორიახლოს ტრიალებს. ცოტა ხანში პოლიციიდან მირეკავენ, თამუნა განყოფილებაშია ბავშვებთან ერთად. ამჯერად გადავრჩით.  

პანდემიის მიღმა თამუნას ისტორია სხვაგვარი იქნებოდა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადებამდე მოძალადე მუშაობდა და მთელი დღის განმავლობაში სახლში არ იყო. მეტი დრო გვექნებოდა მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მისაწოდებლად, არ შეგვეშინდებოდა რომ ვერ მოასწრებდა შეტყობინების წაშლას. დრო, სანამ პოლიცია მივიდოდა და დავრწმუნდებოდით, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია ალბათ ასეთი ხანგრძლივიც არ იქნებოდა.

 

პრევენცია და შემთხვევათა გამოვლენა

საქართველოში სისტემურ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარება. პრობლემაზე მუშაობა თითქოს სამართალდამცავი უწყების ერთადერთ ფუნქციად განისაზღვრა და სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს განათლების, სოციალურ თუ ჯანდაცვის სისტემებში ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ინტეგრირებას. საგანგებო რეჟიმის პირობებში ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მსგავსი კრიზისების დროს, ინფორმაციის გავრცელებისთვის სტანდარტული მეთოდები აღარ მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, კერძო სექტორის ჩართულობა. შეჩერდა სხვადასხვა დაწესებულების ფუნქციონირება, აღარ მუშაობს ბაღები, სკოლები, სამსახურები. შესაბამისად ინფორმაციის მიღებისა თუ დაცული შეტყობინების გაკეთების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილს შესაძლოა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები წარმოადგენდეს. ბევრი ქვეყნის პრაქტიკა სწორედ ამ მიმართულებით გადაეწყო, თუმცა საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობის მწირი გამოცდილებაა, მსგავსი მიდგომის ჩამოყალიბებას მეტი დრო და მუშაობა სჭირდება.

 

დაცვის და დახმარების ღონისძიებები

მსხვერპლის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს ძალადობრივი გარემო არაერთი სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური გარემოება ახდენს გავლენას. მათ შორის, ინფორმაციაზე მისაწვდომობა, საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობები, დაურწმუნებლობა არსებული დაცვის და დახმარების სისტემის ეფექტურობაში, ნდობა სამართალდამცავი უწყებისადმი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის თავშესაფრები ფუნქციონირებს, ქალებისთვის, რომელთაც თავშესაფარში გადასვლა არ სურთ ან არ სჭირდებათ, პრობლემად რჩება მხარდაჭერის დისტანციური სერვისების მიღება. აღნიშნულს, ქალებისთვის კიდევ უფრო ართულებს, გაზრდილი საოჯახო ზრუნვის ტვირთი და პირად სივრცეზე წვდომის არარსებობა.

ნინო პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლია და ფსიქოლოგის სერვისით სარგებლობს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან აშინებს მომავალი სამ ბავშვთან ერთად. არ აქვს საცხოვრებელი, სამსახური და დამოუკიდებელი შემოსავალი. ამიტომ შიშობს, რომ მოძალადე პარტნიორი დაშორების შემთხვევაში ბავშვებს წაართმევს. ფსიქოლოგთან პანდემიამდე დაიწყო სიარული და ამბობს, რომ მოძლიერდა. ფსიქოლოგთან ვიზიტისას ის ბავშვების სკოლაში მიყვანის პერიოდს იყენებდა. დღეს სკოლები აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად ნინოს მიზეზი არ აქვს სახლი დატოვოს. ფსიქოლოგს მაშინ ურეკავს, როცა მისი ქმარი სახლიდან გადის, რაც იშვიათად ხდება.

პანდემიის პირობებში, შექმნილმა საგანგებო რეჟიმმა კიდევ უფრო გაზარდა არსებული ბარიერები და მათი გავლენა. ერთ-ერთი ფაქტორი, ეკონომიკური დამოუკიდებლობაა, რაც პირდაპირ კავშირშია მსხვერპლის გადაწყვეტილებასთან, დატოვოს ძალადობრივი გარემო. საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ხდება და ხშირად ადგილობრივი თვითმმართველობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დასაქმების შესაძლებლობები უკვე დასაქმებული ადამიანებისთვისაც შეიზღუდა. ცხადია, ამ ფონზე განსაკუთრებით გართულდა მსხვერპლთათვის სამსახურის პოვნა. მით უფრო, პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მომსახურების სფეროს მიაყენა, სადაც ისინი ყველაზე ხშირად პოულობდნენ სამსახურს.

 

სად არის გამოსავალი?

მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევები ტრანსფორმირდეს შესაძლებლობებად, რათა სახელმწიფოს მსგავსი კრიზისების დროს შეეძლოს როგორც შემთხვევათა მართვა, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გატარება. ყველაზე ეფექტური გზა კი დაცვისა და დახმარების მექანიზმების დახვეწა, კრიზისული ინტერვენციების გაძლიერება და კრიზისის შედეგად შექმნილ საჭიროებებზე მორგებაა.

მნიშვნელოვანია, დაუბრკოლებლად ფუნქციონირებდეს ყველა სერვისი და მოიძებნოს გზა, რათა დისტანციურად სერვისების მიწოდების შესაძლებლობების არარსებობის გამო მსხვერპლები არ დარჩნენ გადაუდებელი დახმარების გარეშე. შემუშავდეს ინფორმაციის დაცული შეტყობინების მეტი შესაძლებლობა, მათ შორის კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით. უფრო მეტად მოქნილი გახდეს სამართალდამცავი უწყების ინტერვენცია და უფრო აქტიურად გამოიყენებოდეს მოძალადის განრიდების პროცედურა.

ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოყოს სათანადო რესურსები ცხელი ხაზების, ონლაინ დახმარების სერვისების ფუნქციონირებისთვის. გაძლიერდეს მსხვერპლთა/დაზარალებულთა სამედიცინო, იურიდიული, ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური დახმარება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30d9YDe

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“