ვიდეო: სოფო აფციაური
მაღალმთიან აჭარაში ქალები გამოირჩევიან ტრადიციული ცოდნით სამკურნალო ბალახების, მათი მომზადების და გამოყენების შესახებ. ამ ცოდნას ქალები თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემენ და მას ყოველდღიურობაში აქტიურად იყენებენ.
ამ კუთხის გეოგრაფიისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ადგილზე შექმნილი ეს ცოდნა თემისთვის ერთმანეთზე ზრუნვის და მხარდაჭერის გზა იყო. აჭარაში სოფლის მეურნეობაში ქალები ასევე არიან ჩართულები და საკუთარ სოფელში თუ მემთვეურებად შრომის დროს მათ ბუნებასთან აქტიურად უწევთ შეხება.
სამკურნალო ბალახების შესახებ ეს ცოდნაც ბუნებასთან ქალების შეხებით და შრომით ამოზრდილი გამოცდილებაა, რომელსაც ისინი ოჯახის წევრების და მეზობლების სასიკეთოდ იყენებენ.
გაიცანით იზო ხოშორაძე, რომელიც სოფელ უჩხოში (ხულო) ცხოვრობს. იზო სამკურნალო ბალახების შეგროვებითა და საოჯახო მედიცინით ახალგაზრდობიდან არის დაინტერესებული და ეს გამოცდილება მის ყოველდღიურობაში დღემდეა ჩართული. მას სურს, რომ ეს ცოდნა სხვა ქალებს გადასცეს და არ დაიკარგოს.