საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და მოითხოს 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული დაკავების ოპერაციის კანონიერების და მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე ძალის გადამეტებისა და უფლებების დარღვევის რისკების მინიმიზაციის გეგმის, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის შეფასებას. ამასთან EMC მიიჩნევს, რომ არსებითია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების პროცესში პროკურატურამ სათანადოდ შეისწავლოს არა მხოლოდ უშუალოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დაკავების ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებას ხელმძღვანელობდნენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) კრძალავს სახელმწიფოს აგენტების მიერ სიცოცხლის მოსპობას, როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით და ასეთ შედეგს დასაშვებად მიიჩნევს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს, პირის სიცოცხლის ან მართლსაწინააღმდეგო ძალადობისგან დაცვისთვის. მე-2 მუხლის ქვეშ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემოწმების დროს, ევროპული სასამართლო მსჯელობს ოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების დროს სიცოცხლის დაცვის ვალდებულებაზე. სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-2 მუხლთან შესაბამისობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლეტალური ძალის გამოყენების ან “შემთხვევითი“ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისთვის.[1] ამისთვის ოპერაციის დროს სამართალდამცავებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ალტერნატიული გამანეიტრალებელი საშუალებები (მაგ. წყლის ზარბაზნები ან რეზინის ტყვიები), რაც ავტომატურად ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობას დააზღვევს.[2] ამასთან, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ოპერაციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ჩართული სამართალდამცველების უფლება-მოვალეობები, ასევე მათ შესაბამისი გადამზადება უნდა ჰქონდეთ გავლილი. [3]
სიცოცხლის დაცვის ვალდებულებებზე მსჯელობისას ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სპეცოპერაციის შედეგად დაშავებული პირებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობაზე. სასამართლო აუცილებელ წინაპირობად არ მიიჩნევს სამედიცინო დახმარების შედეგად პირის გადარჩენის შესაძლებლობას და ამის მიუხედავად ამოწმებს სამართალდამცავების შესაძლო გაუფრთხილებლობას პირის სიცოცხლის დაცვასთან მიმართებით, მაგალითად სასწრაფო დახმარების დაგვიანებული გამოძახების შემთხვევაში.[4]
მსგავს საქმეებში ევროპული სასამართლო მტკიცების ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს და სთხოვს, რომ მან წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება სროლის აუცილებლობის შესახებ, მას შემდგომ, რაც განმცხადებელი შეძლებს prima facie მტკიცებულებებით ძალის გადამეტების ჩვენებას. სასამართლო, მათ შორის, დასაბუთების დამაჯერებლობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობაზე, მთავარი გარემოებების, მათ შორის, გარდაცვლილი პირის მხრიდან შექმნილი საფრთხის დადგენის კონტექსტში.[5] გამოძიების ‘სერიოზულობის’ შესახებ დასკვნებს ძალის გამოყენების ‘აბსოლუტური აუცილებლობის’ დასადგენად სასამართლო იყენებს მაგალითად მაშინ, როდესაც გამოძიების ხარვეზები ეხება სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი კონკრეტული სამართალდამცავის იდენტიფიცირებას, ასევე ექსპერტთა დასკვნების არარსებობას, გამოძიების გაჭიანურებას.[6] სახელმწიფოს მიერ მტკიცებულებების წარმოუდგენლობა, მაგალითად ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ნაწილში, სასამართლოსთვის სიცოცხლის დაცვასთან მიმართებით სამსახურების ღონისძიებების ხარვეზიანობის ნიშანია, შესაბამისად სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენება.[7] აღნიშვნის ღირსია ასევე ისიც, რომ სასამართლო კრიტიკულად უყურებს სამართალდამცავების მიერ სიცოცხლის მოსპობის საქმეების გამოძიების ეტაპზე თავად სამართალდამცავების მიერ წარმოდგენილი ვერსიის ავტომატურ გაზიარებას. [8] პოლიციელების ჩვენებებს ზოგადად საეჭვო მტკიცებულებით ღირებულებას ანიჭებს სასამართლო, როდესაც საკითხი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას ეხება.[9]
აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, EMC პროკურატურის წინაშე წარდგენილ ვრცელ განცხადებაში უთითებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დიუსში განხორციელებული დაკავების ოპერაციაზე ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვული ზოგადი სამართლებრივი რეჟიმი და არა კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებისთვის გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი. შესაბამისად, დაკავებამდე პერიოდში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმიანობისა და ცხოვრების ჩვეულებრივი წესის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მისი დაკავებისთვის ძალის დემონსტრაციაზე ორიენტირებული, მასშტაბური შეაიარაღებული ოპერაციის ჩატარება, რომელიც იმთავითვე შეიცავდა უფლების დარღვევის მაღალ რისკებს. მეტიც, იმ პირობებში, თუ დაკავებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა აღნიშნული პირების დაკავების სასამართლო განჩინება, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში მათ დაკავებას, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ განხორციელდა დაკავების ოპერაცია დღისით კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით. აღნიშნული პრობლემა პირდაპირ უკავშირდება დაკავების ოპერაციის დროს საფრთხეების მინიმიზაციის საკითხს, რომელიც როგორც ზემოთ ითქვა სიცოცხლის უფლებსი დაცვის ვალდებულების ქვეშ მკაცრად მოწმდება ევროპული სასამართლოს მიერ.
წინამდებარე საქმეზე EMC გამოძიებას ასევე სთხოვს სუს-ის მიერ სოფელ დუისში თ. მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების, მათ შორის, ლეტალური ძალის გამოყენების მინიმიზაციის გეგმის მკაცრ შემოწმებას:
ამასთან EMC უთითებს, რომ იმის გამო, რომ თ. მაჩალიკაშვილის დაჭრის მომენტში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სრული კონტროლი მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და სწორედ მათ მიერ მოხდა თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილი ხელყუმბარის ამოღება, აღნიშნული მტკიცებულების ვალიდურება იმთავითვე სადავო ხდება საქმეზე. მეტიც, საქმისთვის არსებითი და პირდაპირი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ამ ფორმით და პირობებით სუს-ის თანამშრომლების მიერ ამოღების ფაქტი თავის მხრივ სერიოზულ კითხვებს აჩენს სწორედ სუს-ის თანამშრომლების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.
EMC თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიების წინაშე. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც ჩვენს მიერ გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის არ არსებობის პირობებში, პროკურატურა უზრუნველყოფს საქმის მასალების ნაწილზე (საიდუმლო მასალების გარდა) EMC-ის ადვოკატის წვდომას, გამოძიების პროცესში სრულყოფილი მონაწილეობისა და საქმის სწორი შეფასებითვის, არსებითია ოჯახს დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.
საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოძიებაზე საჯარო კონტროლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, EMC მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირების გამოძიების პროცესისა და საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
ინსტრუქცია