საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იმ ფონზე, როდესაც ყველა ვითხოვთ სამართალდამცავების გააქტიურებას რეალიზებული ძალადობის კულტურასთან საბრძოლველად, მიზანშეწონილი და კრიტიკულად მნიშვნელოვანიც კი არის, დავფიქრდეთ ძალაუფლების იმ მასშტაბებზე, რომელიც მათ ჩვენივე უსაფრთხოების დასაცავად გადავეცით.
მცირედით უტრირების შემთხვევაშიც კი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ძალაუფლების მოცულობა და სამართალდამცავების მხრიდან ლეგიტიმური თვითნებობის რისკები ერთმანეთის პროპორციულია.
კრიმინალური თუ ძალადობრივი გამოცდილება, სიცოცხლის, უსაფრთხოების, ფიზიკური და ემოციური ხელშეუხებლობის რღვევასთან დაკავშირებული ცოცხალი ემოციები, როგორც წესი, იშვიათად ტოვებს სივრცეს პოლიციელის ძალაუფლების მასშტაბის კრიტიკული გააზრებისთვის. თუმცა პირადი თავისუფლების მიზანმიმართული და შეუქცევადი დათმობა კოლექტიური უსაფრთხოების, ხშირად კი, უფრო ზოგადი და ბუნდოვანი მიზნებისთვის, ამ ემოციაზე უფრო მძაფრი და ტრაგიკული აღმოჩნდება ხოლმე. ყოველი ასეთი გააზრება გვაბრუნებს იმ კრიტიკულ საკითხთან, როგორიცაა ჩვენივე ნებით დათმობილი თავისუფლება, რომელიც ცუდი კანონმდებლობისა თუ ცუდი აღსრულების პირობებში, სახელმწიფოს თვითნებობად გვიბრუნდება.
ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიცია მიმართავს მასობრივ საპოლიციო ღონისძიებებს, მაგალითად, რეიდებს, ჩვენ ბუნებრივად ვიწყებთ ამგვარი ძალაუფლების ლეგიტიმურობაზე ფიქრს. თუმცა რეაქციულ რეჟიმში, როდესაც ჩვენ მხოლოდ პასუხის გაცემის პროცესში ვართ, გვიჭირს სისტემურად გავიაზროთ პოლიციის რეალური ძალაუფლება და მისი სარეზერვო ინსტრუმენტები.
ერთი წლის წინ პარლამენტმა პოლიციის შესახებ ახალი კანონი მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც კანონპროექტის ავტორი, მის მთავარ ღირსებად პოლიციის საქმიანობაში პრევენციული როლის გაზრდას ასახელებდა და ალბათ გულისხმობდა, რომ ამ გზით პოლიცია გახდებოდა უფრო მეტად საზოგადოებრივი ინსტიტუტი და უფრო ეფექტური იქნებოდა დანაშაულის თავიდან აცილების პროცესში.
ამდენად, პოლიციას მიენიჭა უფლება პრევენციულად მოახდინოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, პოლიციაში მოწვევა გასაუბრების მიზნით, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, ჩაატაროს სპეციალური საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდი და სხვა. ამას ემატება პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელიც რეალურად პოლიციის ხელში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და საიმედო ინსტრუმენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ღონისძიებას პოლიციის პრევენციული ფუნქციების სახელი აერთიანებს, რთული იქნება იმაზე შეთანხმება, რომ ეს ინსტრუმენტები მართლაც პრევენციულია. კანონის შემუშავების დროს კანონის ტექსტში შეიტანეს იმგვარი სიტყვათა შეთანხმებები, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მექანიზმებს აცლის პრევენციულ ხასიათს და, რაც უფრო მეტად სახიფათოა, პოლიციას აძლევს შესაძლებლობას ამ მექანიზმების გამოყენებით არა პრევენცია, არამედ უკვე ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. პრევენცია, დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის მიერ გარკვეული ღონისძიებების გამოყენებას გულისხმობს, მაშინ, როცა გამოძიება სამართალდარღვევაზე რეაგირების მექანიზმია და დანაშაულთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოგროვებას უკავშირდება.
ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება გამოძიების საქმეა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ნაწილში კანონმდებლობა საკმარისად ნათელი და მკაცრია. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს, ამბობს კანონი. ამავე კანონის მიხედვით, გამოძიების წარმართვას თავისი წესები აქვს: ჰყავს კონკრეტულად უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირები, ითვალისწინებს პირის უფლებების დაცვის მეტ გარანტიებს და ამცირებს თვითნებობის შესაძლებლობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორედ იმ წესების დაცვით ჩატარდეს, რაც გამოძიებისთვის არის დადგენილი.
პოლიციის შესახებ კანონის ყურადღებით წაკითხვის შემთხვევაში, თვალი აუცილებლად შეამჩნევს კანონში უადგილოდ მოხსენიებულ ფრაზებს,: “პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას”, “პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან”, “ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული”. ეს გარემოებები ზემოხსენებული ზოგიერთი პრევენციული მექანიზმის გამოყენების საფუძველია. ამგვარად, ნათელია, რომ პოლიციას აქვს შესაძლებლობა დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს საპოლიციო და არა საგამოძიებო მექანიზმებით. დანაშაულზე რეაგირებისას კანონით დაშვებული ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება თავისთავად გულისხმობს ნაკლებ გარანტიებს, კანონიერების კონტროლის შესუსტებულ მეთოდებს და თვითნებობის მაღალ რისკებს.
ნათელია, რომ ყველა ასეთმა დუბლირებამ შეიძლება შექმნას ცდუნება პოლიციისთვის, გამოყენებული იქნას ის წესები, რომლებიც უფრო მარტივი და კომფორტულია პოლიციისთვის, თუმცა სახიფათოა მოქალაქისთვის. ცხადია, ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან ეს იქნება თვითნებობა, თუმცა ის იქნება ლეგიტიმური, რამდენადაც ჩვენ დავუშვით კანონებს შორის ასეთი გადაფარვები ყოფილიყო. მეტიც, ვერ გავიაზრეთ, რომ სინამდვილეში, ყველა ასეთი დუბლირება სცილდება საკანონმდებლო აქტების პრობლემას და ჩვენივე უფლებების დაცვის თვალსაზრისით უფსკრულებს აჩენს.
ინსტრუქცია