[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა შრომითი დავა მოიგო

გუშინ, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი და უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ნათელა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ნათელა მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. ქალბატონი ნათელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ანგარიშგება-აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კი, მასობრივად დათხოვნილთა შორის აღმოჩნდა.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა ნათელა მუმლაძის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დავას კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონო გათავისუფლების საქმეებზე და მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“