[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვების შემოღების უფლებამოსილება მთავრობას 2023 წლამდე უგრძელდება

დღეს პარლამენტმა განიხილა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონით, პანდემიის მართვის მიზნით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების ვადის გახანგრძლივების საკითხი. დროებითი ღონისძიებები, რომელიც პირველად 2020 წლის 22 მაისს ამოქმედდა, ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობაზე დელეგირებას. ღონისძიებების მოქმედების ვადა თავდაპირველად 2020 წლის 15 ივლისამდე განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ ოთხჯერ გაგრძელდა და ამჯერად 2023 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს.

ეჭქვეშ არ დგება, რომ პანდემიის რეჟიმში სპეციალურ რეგულირებას მოითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი სფერო. თუმცა, არსებითად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ასეთი რეგულირების შემოღებისას სათანადოდ შეფასდეს, რამდენად სწორადაა დაცული ბალანსი ერთის მხრივ, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებსა და მეორეს მხრივ ადამიანის სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასეთი ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი კი ითვალისწინებს ამ უფლებამოსილების მთლიანად მთავრობაზე გადანდობას, რაც პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმასა და ქვეყანაში დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობის დაკანონებას უტოლდება.[1]

სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ვერ შეასრულა ვერც საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით,[2] კონსტიტუციურად მიიჩნია მთავრობაზე უფლებამოსილების ამგვარი დელეგირება. საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამდა პანდემიით გამოწვეულ არაპროგნოზირებად სიტუაციას, სწრაფი რეაგირების საჭიროებასა და ღონისძიებების დროებით ხასიათს, რაც, თითქოს ამსუბუქებდა ადამიანის უფლებებში ჩარევის სიმძიმეს.[3]

დღევანდელი გადმოსახედიდან, ნათელია, რომ პანდემია თითქმის ორი წელია გახდა ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიღებულ ღონისძიებებს არ აქვს დროებითი ხასიათი. ამასთან, განვლილი წლები იძლევა პანდემიის მართვის გამოცდილების ანალიზისა და უფრო გრძელვადიანი ხედვის შემუშავების შესაძლებლობას. ამ პირობებში, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი ხდება იმაზე მითითება, თითქოს პარლამენტი ვერ შეასრულებს პანდემიის მართვის დროს უფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების ფუნქციას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საზოგადოების მხრიდან მუდმივად ისმოდა კრიტიკა და მსჯელობა პანდემიის რეჟიმში მთავრობის მიერ შემზღუდველი ზომების შემოღებისა და გაუქმების დროულობაზე, ეფექტურობასა და მიზანშეწონილობაზე. სწორედ ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ ამ საკითხებზე დისკუსია არ შემოიფარგლოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირების ვადის ავტომატური გაგრძელებით და დეტალურად მოწესრიგდეს პანდემიის მართვის პროცესში მთავრობის უფლებამოსილების ფარგლები.

[1] https://socialjustice.org.ge/ka/products/sagangebo-mdgomareobis-samartlebrivi-da-politikuri-shinaarsi-arsebuli-gamotsdilebis-analizi

[2] https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10658

[3] https://socialjustice.org.ge/ka/products/pandemia-da-shesustebuli-konstitutsiuri-kontroli-sakonstitutsio-sasamartlos-gadatsqvetilebis-kritikuli-shefaseba

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“