[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ქობულეთში მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობა მყისიერ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება პროპუტინისტული, ექსტრემისტული პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და ალტ-ინფოს მხარდამჭერების მიერ ქობულეთში უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და დევნის ფაქტებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს დაზარალებულების ინტერესებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომხდარის დროული გამოძიება, თავდამსხმელების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

22 მარტს ქობულეთში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ქობულეთში მდებარე პროპუტინისტული ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიის - კონსერვატიული მოძრაობის - ოფისთან და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მათი საქმიანობა. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პარტიის ოფისთან კონსერვატიული მოძრაობის დაახლოებით 40 წევრი/მხარდამჭერი დახვდათ, რომლებმაც მისვლისთანავე, აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ სამომავლო ანგარიშსწორებით. კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა სცემეს აქციის 4 მონაწილე, რომელთაგან ერთი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას. უნდა აღინიშნოს, რომ აქციის ორგანიზატორების განმარტებით, კონსერვატიული პარტიის წევრები აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მათ აგრეთვე ემუქრებოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელებში.

22 მარტს, აქციის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა მათ ვერ შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილება. მომხდარი ინციდენტის შემდგომ, პოლიციის თანამშრომლებმა კონსერვატიული მოძრაობის დაახლოებით 11 წევრი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებული პირები სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო და მათგან ერთს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენებს - 2000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 22 მარტს მომხდარი შემთხვევის დროს, კონსერვატიული მოძრაობის არაერთი წევრის ქმედებაში აგრეთვე ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც საჭიროებს დროულ გამოძიებას, დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და დასჯას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს დაზარალებულები, აქციის სხვა მონაწილეები და ჩაატარეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არცერთი პირი არ არის და დაზარალებული პირების შეფასებით, კვლავ არსებობს მათ მიმართ ძალადობის გაგრძელების და ანგარიშსწორების საფრთხე.

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის ინციდენტი არ ყოფილა კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს მხარდამჭერების მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა. უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს არაერთ რეგიონში, სადაც მოქალაქეებმა კონსერვატორული მოძრაობის ოფისების გახსნა გააპროტესტეს, აღნიშული პარტიის წარმომადგენლები მშვიდობიან პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არცერთი შემთხვევის ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა.

ხელისუფლების მხრიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფის მიმართ გამოხატული ამგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ქმნის ახალი ძალადობრივი შემთხვევების, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების რისკებს.

5-6 ივლისის ძალადობის დაშვებისა და შეწყნარების ამ უმძიმესი გამოცდილების ფონზეც, როცა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყოფს მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება, დღეს პროპუტინისტული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა ქალაქებში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობა და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მასობრივად გრძელდება. სახიფათო და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ უკრაინის მხარდამჭერი აქციების მშვიდობიან აქტივისტებს თბილისში რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით პატიმრობა შეუფარდა, პრორუსული მოძალადე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილეების მიმართ კი მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლება. მსგავსი სანქციებით აღნიშნული ჯგუფების სამართლებრივი შეწყნარება დაუსჯელობის გარემოს ქმნის, ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და სოციალურ მშვიდობას ანგრევს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ გამოიძიოს ქობულეთში სამოქალაქო აქტივისტების ცემის, ძალადობის, შეკრებისთვის ხელშეშლისა და დევნის ფაქტები და უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გაიაზროს აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ამ დრომდე არსებული ძალადობის რისკები და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზარალებული პირების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება;
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს უკანასკნელ პერიოდში კონსერვატიული მოძრაობის წევრების მხრიდან სხვადასხვა რეგიონში ჩადენილი ძალადობის ფაქტები, ასევე მათი სატელევიზიო ეთერებიდან ძალადობისა და შუღლის გაღვივებისკენ მიმართული საჯარო მოწოდებების შინაარსი მთლიანობაში და მას სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ქობულეთის საქმეზე დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დაცვას და პროცესის კვალდაკვალ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“