საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება „თბილისი პრაიდის” განცხადებას, სადაც ორგანიზაცია ფესტივალის ღონისძიებების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს[1]. დახურულ სივრცეებში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დარბევით ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები კვირეულის დაანონსებიდან მოყოლებული იმუქრებიან. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, პოლიციამ ზედმიწევნით უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და მათი მონაწილეების უსაფრთხოება და ამ მიზნით ეფექტიანი და რეალური პრევენციული ზომების მიღება.
27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების შესაბამისად, სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდეს. ამასთან ერთად, ულტრამემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფის „ალტ-ინფოს” ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე „თბილისი პრაიდის” მიმართ გავრცელებულ მუქარებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გამოკითხვის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დაგეგმილი აქციის ცვლილებას არ აპირებენ და ექსცესებს არ გამორიცხავენ. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად მიიღოს ქმედითი პრევენციული ზომები და უზრუნველყოს ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება.
2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ უპრეცედენტო ძალადობით დასრულდა[2]. ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, დააკავეს და გაასამართლეს რამდენიმე პირი, რომელთა უმრავლესობას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, პროკურატურას კვლავ არ გამოუკვეთია 5 ივლისს მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და პირი/პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ[3]. არაერთი მედია გამოცემისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებულია ამ მოწოდებათა შედეგად მობილიზებული ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ლგბტქ+ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის უფლების შელახვა, ღირსების მარშის ორგანიზატორთა ოფისებზე თავდასხმა და მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ჩარევა. თუმცა, „ალტ-ინფოსა” და „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერების ქმედებაში აშკარა დანაშაულის ნიშნების მიუხედავად, მათ ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.
ცალკე უნდა აღინიშნოს ამ პროცესების პოლიტიკური შეწყნარების ნეგატიური ტენდენციის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა წელს ღიად გამორიცხა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ლგბტქი ადამიანების მშვიდობიანი შეკრების უფლება[4]. მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთი წლის შემდეგაც, მომხდარზე პასუხისმგებლობას „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს აკისრებს[5]. ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც[6].
უფრო მეტიც, მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დანაშაულების შეწყნარებისა და პოლიტიკურ ენაში გამოხატული ლოიალობის მიღმა, რჩება დასაბუთებული ეჭვები ამ ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების შესახებ, რასაც მათ შორის აჩვენებს მონიტორინგისა და ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელიც „ალტ-ინფოს” ლიდერების ხელისუფლებასთან კავშირებს ავლენს[7][8].
მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციის და სიძულვილით მოტივირებულ ჯგუფურ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ამგვარი შეფასებები აღვივებს დაუსჯელობას და ახალისებს ძალადობის განმეორებით ჩადენას. შედეგად, პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში, აგრძელებენ მობილიზებას ამჟამად უკვე „თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული ფესტივალის ორგანიზატორთა და მონაწილეთა წინააღმდეგ[9]. კერძოდ, „TV პირველის“ ეთერში „ალტ-ინფოს” ლიდერმა „პრაიდის კვირეულის” ფესტივალის წინააღმდეგ მობილიზება გამოაცხადა და განაცხადა: „იმდენი ვიქნებით, რომ უბრალოდ აზრი არ ექნება არაფრის დაცვას, არ მოვლენ …. გეუბნები ღიად, მეტი როგორ გითხრა ანუ იმდენი ვიქნებით, ვერავინ მათ ფესტივალს ვერ დაიცავს”[10]. ამასთანავე, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” მესტიის ოფისმა სოციალურ ქსელში მოუწოდა ადგილობრივ მოქალაქეებს, რომლებსაც სურდათ „პრაიდის კვირეულის” საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა, დაკავშირებოდნენ ოფისს მითითებულ ნომერზე. როგორც აღნიშნული განცხადებები აჩვენებს „ალტ-ინფოსა” და „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერების ენაში უკვე ჩანს ძალადობის რეალური და აშკარა მუქარის ნიშნები, რომელიც თავისთავად უკვე წარმოადგენს დანაშაულს და ამ ეპიზოდზე გამოძიების დაწყების საფუძველია.
ლგბტქ+ აქტივისტების დევნა, მათ მიმართ ჰომოფობიური სიძულვილის ენა და სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა მუდმივად თან სდევს საჯარო შეკრებებს თუ შეკრების მცდელობებს. 2012 წლის შემდეგ ლგბტქ+ ადამიანები ძალადობისა და დევნის მსხვერპლები არიან კლერიკალური, ულტრამემარჯვენე თუ ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, რომელიც 10 წლის შემდეგაც, ხელისუფლების დემონსტრაციული გულგრილობით არის დაშვებული და ნორმალიზებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის, არ გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის აზრს[11] და მათი ერთადერთი ფუნქცია სამოქალაქო დაპირისპირების გაჩენა და საჯარო სივრციდან კონკრეტულ ჯგუფთა დევნაა.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები, ვითვალისწინებთ რა მოსალოდნელ საფრთხეს, მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გაატაროს ქმედითი პრევენციული ღონისძიებები იმ პირების, მათ შორის ძალადობის ორგანიზატორების, მიმართ, რომლებიც ემუქრებიან „თბილისი პრაიდის” ღონისძიებების მონაწილეებს;
დროულად დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა შესაძლო ფაქტზე, მათ შორის, ბოლო დღეებში გაჟღერებული მუქარის ფაქტებზე და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი წარმოება;
უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ყველა აქტივობის უსაფრთხო გარემოში ჩატარება;
საქართველოს პროკურატურას
დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ;
საქართველოს მთავრობას და პარლამენტს
შეწყვიტოს საზოგადოებრივი ჯგუფების დადანაშაულება მათ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის გამო და თავი შეიკავოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებებისგან.
[1] პუბლიკა, „თბილისი პრაიდი“: მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, რომ დაიცავს სამივე ღონისძიებას და მის მონაწილეებს” https://tinyurl.com/3a9ec82y
[2] ფორმულა, “TI: სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაზე მიიღო” https://formulanews.ge/News/73036
[3] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება”, გვ: 36 https://tinyurl.com/3z6zcvk9
[4] ON.ge, “30 კაცი როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ, მაშინ უნდა გადაუაროს უმრავლესობას — ღარიბაშვილი 5 ივლისზე” t.ly/oKhv
[5] ფორმულა, “ღარიბაშვილმა 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, პროვოცირებაში კი დღესაც აქტივისტებს ადანაშაულებს” https://formulanews.ge/News/73023
[6] ფორმულა, “კობახიძე: რა სტანდარტითაც გინდათ მორგოშიას დასჯა, ოპოზიციის ნახევარი იქნება დასაჭერი”https://formulanews.ge/News/73174
[7] ფლანგვის დეტექტორი, “ალტ-ინფოს პარტიის ჩხოროწყუსა და ხონის ოფისის ხელმძღვანელები ამავე რაიონების მერიის ა(ა)იპებში მუშაობენ” https://gmc.org.ge/ka/news/93?fbclid=IwAR1VF8Ge2ue5fq0ZxiorYfg6ttmBpwAlzWTOGHEJmZBPQFe_JYl5W2Jw_IA
[8] მთის ამბები, „ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში”. https://mtisambebi.ge/news/item/1460-%E2%80%9Ealt-inpos%E2%80%9C-partia-77-opisit-rogor-izrdeba-ruseti-saqartveloshi
[9] ფორმულა, "ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - მორგოშია თბილისი პრაიდის დაანონონსებულ ფესტივალს ემუქრება” https://formulanews.ge/News/71730
[10] პუბლიკა, „დარწმუნებული ვარ, ახლაც პრემიერი ხალხის გვერდით დადგება“ - მორგოშია https://bit.ly/3u6F5QR
[11] რაც ასევე დადასტურდა მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xVNwPW
ინსტრუქცია