[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს პარლამენტს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების კანონპროექტის მიღება

‘კოალიცია თანასწორობისთვის’ ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სათანადო გულისხმიერებით დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და არ დაუშვას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუარესება. 

მიგვაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრის, დეპუტატის ე. კვიციანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა სრულად უგულველყოფს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ამ ინციატივის პრინციპული მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ღია გამოხატვის კიდევ ერთი მცდელობაა.   

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯასთან (სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდრღვევის წესით) დაკავშირებით თანამედროვე ადამიანის უფლებათა სამართლის მიდგომები ცალსახაა,  ის დაცვის ობიექტებს შორის არ მოიაზრებს რელიგიასა და რელიგიურ გრძნობებს და მხოლოდ რელიგიური სიძულვილისგან დაცვის ადამიანის უფლებას აღიარებს.[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და მას საჯარო დებატების დაუშვებელ შეზღუდვად განიხილავს.[2] ევროპული სასამართლოს უთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები  მოიცავს ისეთი ინფორმაციისა და იდეის დაცვას, რომელიც შოკისმომგვრელი, შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსათვის თუ მოსახლეობის ნებისმიერი ნაწილისათვის.[3] სასამართლოს თქმით,  ის, ვინც საკუთარ რელიგიას გამოხატავს, ვალდებულია ითმინოს დამიიღოს სხვების მხრიდან მისი რელიგიური რწმენის უარყოფა და მეტიც მისი რწმენისთვის მტრული დოქტრინის პროპაგანდა.[4] სასამართლო უარყოფითად აფასებს სახელმწიფოს როლს ‘აღმოფხვრას დაძაბულობის მიზეზი სახელმწიფოში პლურალიზმისათვის გამოწვეული ზიანის ხარჯზე’ და ამის საწინააღმდეგოდ აცხადებს, რომ მან ‘უნდა უზრუნველყოს მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის ჩამოყალიბება’. [5] 2011 წელს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა  პირდაპირ მიუთითა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე გამოხატვის დასჯადობის დაუშვებლობაზე.[6]  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და  ვენეციის კომისიაც ასევე აღნიშნავენ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადად გამოცხადება წარსულში ხშირად ‘დომინანტი’ რელიგიის პოზიციას გამოხატავდა, დღეს კი რელიგიური მრავალფეროვნებისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პირობებში აუცილებელია ასეთი საკანონმდებლო აქტების გადასინჯვა.[7]

საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ძალადობის ან მის რეალურ და მყისიერ საფრთხეს უკავშირებს და უთითებს, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“[8]

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა  ასევე არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას, რადგან მკვეთრად სუბიექტურ შეფასებებს შეიცავს და თვითნებობის მაღალ რისკებს ქმნის. ცხადია, რომ სისხლის სამართლებრივი აკრძალვა საჯარო დებატებში კრიტიკის ფარგლებისა და სეკულარული საჯარო სივრცის მკვეთრ შეზღუდვას განაპირობებს და გამყინავი ეფექტი ექნება კრიტიკული საჯარო დისკუსიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას/სანქცირებას ეწინააღმდეგება საქართველოში მოღვაწე არადომინანტი რელიგიური ორგანზიაციების დიდი ნაწილი.

ცხადია, ჩვენ ვიზიარებთ რელიგიების განსაკუთრებულ როლს საჯარო ცოდნის წარმოების, სოციალური სამართლიანობისა და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრების პროცესში. საჯარო სივრცე ღიაა რელიგიური გამოხატვისთვის. მათ შორის, რელიგიური დიალოგი არის საჯარო დისკუსიების გამორჩეულად ღირებული ნაწილი და ის პატივისცემისა და სოლიდარობის მაღალ კულტურას ითხოვს.  ჩვენ ასევე გვესმის, რომ ხშირად  რელიგიური შინაარსის და გრძნობების ქვეშ გარიყული ჯგუფების სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილებაა გამოხატული და ჩვენ რელიგიური სენტიმენტების მიღმა რეალური წუხილების გააზრების და მათზე  მეტი პასუხისმგებლობით მსჯელობის ვალდებულება გვეკისრება. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ღია, სამართლიანი, სოლიდარული და თანასწორი საზოგადოების მშენებლობა შეუძლებელია კრიტიკული აზრის, მათ შორის, გაბატონებული რელიგიური და კულტურული სისტემების კრიტიკის გარეშე, მსგავსმა საკანონმდებლო ინიციატივებმა კი შესაძლოა დისკუსიის და პლურალური საჯარო სივრცის განვითარების ეს მნიშვნელოვანი პროცესი ჩაახშოს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან რელიგიური საკითხები ხშირად პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საგანი ხდება, რაც დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ ლოიალობის და ამ გზით ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობაა.  

იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი მისი წევრების მხრიდან სიძულვილის ენის გამოხატვას ყველაზე რბილი ინსტუმენტებითაც არ ზღუდავს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების რეტროგრადული ინიციატივის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია, რომ მსგავს ინიციატივას ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებებზე მომუშავე კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, რომელიც თავად უნდა იყოს ადამიანის უფლებების და თანასწორობის იდეების დაცვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პარლამენტში. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ‘კოალიცია თანასწორობისთვის’ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაურესება და უარი თქვას წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Silvio Ferrari, Rinaldo Cristofori, and International Consortium for Law and Religion Studies, eds., Law and Religion in the 21st Century: Relations between States and Religious Communities (Farnham, Surrey ; Burlington, VT: Ashgate Pub, 2010), 221. Ross v. Canada U.N. Doc. CCPR/C/70/D/736/1997 (2000), at  11.5

[2] Aydin Tatlav v. Turkey (ECtHR 2006): 28;  I.A v. Turkey (ECtHR 2005): 28; Klein v. Slovakia; Giniewski v. France; Choudhury v. the United Kingdom (ECommHR 1991), admissibility decision; bowska & Skup v. Poland (ECommHR 1997), admissibility decision;

[3] Handyside v. the United Kingdom, (ECtHR 1976): 49; Murphy v. Ireland (ECtHR 2003): 72;

[4] I.A v. Turkey (ECtHR 2005): 28

[5] Metropolitan Church of Bessarabia and others v. Moldova, (ECtHR 2001): 116.

[6] გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი #34, პარაგრაფი 48 U.N. Doc. CCPR/C/GC/34/CRP.2 (2010): 48

[7] http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-STD(2010)047-e, პარაგრაფი, პარა 62- 63

[8] საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“