საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის სხდომაზე მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, განაცხადა, რომ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე დემოკრატიული მართვის პრინციპებს. ამგვარი ინიციატივა მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საბჭოში განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნები. კერძოდ, კანონის თანახმად, საბჭო ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები. საბჭოს მოსამართლე წევრის ინიციატივა საბჭოს სხდომების დახურულად წარმართვის შესახებ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, კოლეგიური ორგანოს ბუნებას და საჯაროობის პრინციპს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. აღნიშნულს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საბჭოს სხდომათა საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპები ემსახურება. ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მე-10 დასკვნის თანახმად, „უზრუნველყოფილი უნდა იყოს მართლმსაჯულების საბჭოს მიერ განხორციელებული მოქმედებების გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის ძირითადი ფაქტორი იმ ნდობაში, რომელიც მოქალაქეებს აქვთ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისადმი და წარმოადგენს გარანტიას პოლიტიკური გავლენის საფრთხის ან მართლმსაჯულების შიგნით პირადი ინტერესების გატარების, პირადი პროტექციისა და ქრონიზმის წინააღმდეგ.“
სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის არსებობა და მისი მოქმედებები, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, სწორედ საბჭოს საჯარო სხდომებზე დაკვირვების შედეგად იქნა გამოვლენილი. ასევე, საბჭოს საჯარო სხდომებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი იქნა არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი მართლმსაჯულების სისტემაში, საბჭოს საქმიანობაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და კონკრეტული მიმართულებებით რეფორმების განხორციელების საჭიროება. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ინიციატივა მხოლოდ საბჭოს საქმიანობაში არსებული სიღრმისეული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის დამალვის და საბჭოში კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზანს შეიძლება მოემსახუროს.
გარდა ამისა, სასამართლოს რეპუტაციისთვის დამაზიანებელია საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ საჯაროობის პრინციპისადმი უპატივცემლობის გამოხატვა და სურვილი, რომ საბჭოს სხდომები დახურულ კარს მიღმა წარიმართოს. მოსამართლე, რომელიც თავად უნდა იყოს სასამართლოში საჯარო განხილვის უფლების უმთავრესი დამცველი, საბჭოს სხდომების ღიად და საჯაროდ წარმართვის წინააღმდეგ გამოდის, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და მის მიმართ ნდობას.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ შეაფასოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ინიციატივის დამაზიანებელი ეფექტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის მიმართ ნდობის, სასამართლოს რეპუტაციის და დემოკრატიული მართვის პრინციპებისათვის. საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პატივისცემა სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვისადმი და არ დაუშვას მათი ხელყოფა.
ინსტრუქცია