საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში შექმნილ კრიზისზე თბილისის რეაგირების არარსებობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოყენებული რიტორიკა კი შინაარსისგან და რეალობისგან დაცლილი, შიშველი პროპაგანდა იყო. ქვეყანაში შექმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სრულად ექცევა „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაში, კიდევ ერთხელ აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ახალ ეტაპზე აიყვანოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აფხაზეთი ბოლო თვეებში ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა და ეკონომიკურმა რყევებმა მოიცვა. უფრო ზუსტად, 2024 წლის ნოემბერში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს უკავშირდებოდა, აფხაზურმა საზოგადოებამ მიაღწია იმას, რომ სარატიფიკაციო პროცესი შეჩერდა, ხოლო დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. 15 თებერვალს დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. აფხაზურ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული რუსეთთან იმ სახის საინვესტიციო ხელშეკრულების დამღუპველი ხასიათი, რასაც მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმი მას სთავაზობდა, თუმცა აფხაზური ოპოზიცია აცხადებს რომ ზოგადად საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგი არ არიან, და მზად არიან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეუთანხმდნენ რუსეთს, რომელიც აფხაზურ ინტერესებსაც გაითვალისწინებს.
პოლიტიკური მარცხის შემდეგ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს აფხაზეთის დასჯის სტრატეგია და იყენებს რა რეგიონის ჭარბ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, მას პრაქტიკულად შეუწყვიტა დაფინანსება და შეზღუდვებს აწესებს ექსპორტის პროცესზე. მედიაში და სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების განმავლობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მანდარინის ექსპორტი შეიზღუდა, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენი წყაროებით, ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რეჟიმმა ასევე შეზღუდა მანქანების მიმოსვლა ენგურის ხიდზე, რაც გულისხმობს, რომ აფხაზები ვერ შეძლებენ მანდარინის გაყიდვას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა საბიუჯეტო დაფინანსების დიდი ნაწილი, რის გამოც საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები ვეღარ აიღებენ ხელფასებს. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ბადრა გუნბას თქმით: “ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს, ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“.
კრიზისის ფონზე აფხაზეთში დაწესდა ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი, 9 დეკემბრიდან, მოქალაქეებს ელექტროენერგია ექნებათ მხოლოდ ღამის საათებში 9-დან დილის 7-მდე, და დღის მანძილზე 2საათის განმავლობაში. დე-ფაქტო ხელისუფლების თქმით, თუ რუსეთიდან კომერციული ნაკადებიც შეჩერდა, მაშინ მხოლოდ 7 საათი ექნებათ ელექტროენერგია დღის მანძილზე. აფხაზეთში ასევე განიხილავენ ინტერნეტის შეზღუდვის საკითხსაც ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე.
რუსეთის მხრიდან ამ წნეხის მიუხედავად, აფხაზური საზოგადოება აგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რა გრძელვადიანი გავლენები ექნება აღნიშნულ შეზღუდვებს ადგილობრივ პოლიტიკაზე და კომპრომისებისა და უიმედობის რა რეალობაში ჩააგდებს პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს.
ამ კონტექსტში აშკარაა, რომ თბილისს, ევროკავშირის დახმარებით, შეეძლო აფხაზეთისთვის შეეთავაზებინა ახალი სოციალური და ეკონომიკური ალტერნატივები და ამ გზით შეემსუბუქებინა მოსალოდნელი უმძიმესი სოციალური კრიზისი და საბოლოოდ, შეემცირებინა რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე. ცხადია, რომ ამგვარი მცდელობები თბილისის მხრიდან შექმნიდა ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან წინაპირობებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ისე ევროკავშირის მიმართ.
თუმცა, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" თავად უხვევს ევროინტეგრაციის გზიდან და პრაქტიკულად უარს აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მას არ რჩება ლეგიტიმაცია, ნდობა და რესურსები შექმნას ხელშესახები პროცესი კონფლიქტების დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების" მხრიდან ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციებიდან ქვეყნის მიზანმიმართული იზოლაცია თავად ჩვენს ქვეყანას ხდის სრულიად მოწყვლადს და მარტოს გვტოვებს რუსეთის გავლენებისა და ინტერვენციების მიმართ.
საერთაშორისო იზოლაციის, ავტორიტარიზმის, პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი ეკონომიკური სირთულეების პირობებში მყოფ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს და ვერ ექნება რაიმე რესურსი, იყოს ქმედითი ალტერნატიული სამშვიდობო ინიციატივების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აშკარაა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა ეწინააღმდეგება, მათ შორის, ისეთ გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს, როგორიცაა კონფლიქტების გრძელვადიანი დარეგულირება. ჩვენი რწმენით, მხოლოდ დემოკრატიული, სამართლიანი და ევროპული ტიპის სახელმწიფო, მის პარტნიორებთან ერთად, შეიძლება გახდეს საიმედო და სამართლიანი ალტერნატივა კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები საზოგადოებებისა და ელიტებისთვის. ამ გზიდან გადახვევა კი ძირს უთხრის გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ნდობის შენების ისტორიულ ამოცანებს.
ინსტრუქცია