[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

“ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას. ჩვენი შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ “ქართული ოცნება” თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში სრულად უგულებელყოფს დაკავებულების საპროცესო უფლებებს.

გუშინ, 18 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა იძულებით ჩასვეს ავტომობილში. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ გამტაცებელი ძალოვნები არ არიან იდენტიფიცირებადები, მათ არ განუმარტავთ ოპერატორის დაკავების საფუძველი და არც თავი წარუდგენიათ მისთვის. ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს განყოფილებაში მიყვანამდე ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს, სამართალდამცავები მას ემუქრებოდნენ და იყენებდნენ არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას მის მიმართ, რის გამოც მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები. საათების განმავლობაში, დაკავებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო როგორც ადვოკატისა და ოჯახის წევრების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის.[1]

18 თებერვლის აქციაზე ლაშა ჯიოშვილს ჰქონდა ბანერი, რომელიც სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გამართულ მასშტაბურ პროტესტსა და პერფორმანსს მიემართებოდა.  სავარაუდოდ, სწორედ ამ ბანერის შემდეგ იქცა ოპერატორი ნიღბიანების სამიზნედ.

საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ლაშა ჯიოშვილის დაკავებას ასახავს, ისმის მისი ხმა - „რაღაცას მიდებენ ჯიბეში“. [2] შესაძლოა, სამართალდამცავები ახორციელებდნენ რომელიმე საპოლიციო მოქმედებას, მაგალითად ზედაპირულ დათვალიერებას ან ჩხრეკას, რაც დაკავებულის მხრიდან აღქმული იყო უკანონო ნივთის ჩადების მცდელობად, რადგან როგორც ჩანს, იგი ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. საფუძვლის გაცნობისა და ოქმის შედგენის გარეშე დათვალიერების ჩატარება კი უკანონო და თვითნებურია.

ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ლაშა ჯიოშვილს ათამდე პირი აკავებდა. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ არცერთი დამკავებელი პირის სამართალდამცავებად იდენტიფიცირება ვიზუალურად შესაძლებელი არ ყოფილა; ვიდეოჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ხმა - “პოლიციიდან ვარ”, თუმცა უცნობია დანარჩენი პირების ვინაობა. შესაძლოა, დაკავებულს შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ მას კერძო პირები აიძულებდნენ მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში „ტიტუშკების” მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. ზოგადად, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და დაკავების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ორგანოებსაც, რომელთა წარმომადგენლებიც სამოქალაქო ფორმას ატარებენ, თუმცა ამ ჯგუფებს შსს, სავარაუდოდ, საჭიროების გარეშე და დამსჯელობითი მიზნით იყენებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია, ცხადია, არსებობს საპატრულო პოლიციის (ფორმიანი სამართალდამცავების) მობილიზების შესაძლებლობა. დემონსტრანტების დაკავებისთვის საპატრულო პოლიციის ფორმიანი წარმომადგენლების ნაცვლად,   კრიმინალური პოლიციის ჯგუფის გამოყენება შესაძლოა, დემონსტრანტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და დასჯის მიზანს ემსახურებოდეს.

ბოლო პერიოდია, ქართული ოცნება ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმს აქტიურად იყენებს პროტესტის ჩახშობისა და განსაკუთრებულად აქტიური დემონსტრანტების დაშინების მიზნით. კანონმდებლობით, პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების საფუძველი და უფლებები, აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან დაკავშირებისა და დაკავების ფაქტის ახლობლებისთვის შეტყობინების შესაძლებლობა. ამ მოთხოვნების საპირისპიროდ, დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა არაიდენტიფიცირებადი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავება გატაცებით და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, არამედ დემონსტრანტებზე ზეწოლის გაძლიერების მოტივით აიხსნება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ლაშა ჯიოშვილი;
  • შეისწავლოს მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მოახდინოს მასზე ოპერატიული რეაგირება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რადიო თავისუფლება - "ტვ პირველი": ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გაიტაცეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/SrwOpTOe

[2] ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/frwOhWz6

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“