[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაუყოვნებელ დაცვას საჭიროებს

ზვარეს ისტორიული მეჩეთი, წყარო: ბათუმელები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ბოლო პერიოდში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების უმძიმეს შემთხვევებს და სახელმწიფოს ქართული მრავალფეროვანი კულტურის განუხრელი დაცვისა და პატივისცემისკენ მოუწოდებს.

6 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში, სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის ერთი მხარე მთლიანად ჩამოინგრა.1 10 აპრილს მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ზვარეს 189 წლის ხის ქართული მეჩეთი ინგრევა.2

ჩვენ მიერ ამ მეჩეთების ისტორიის და მდგომარეობის მოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ

ხევაშენის მეჩეთს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ 2006 წელს მიენიჭა. თუმცა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ საკულტო ნაგებობას წვიმამ საძირკველი მთლიანად გამოაცალა და შენობის დარჩენილი ნაწილი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ხევაშენის მეჩეთის მძიმე და ავარიული მდგომარეობის თაობაზე ჯერ კიდევ 2016 წელს წერდნენ.3 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაზიანების და განადგურების რისკის წინაშე დგას ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც, მათ შორის, სოფლების - ვალე, წყორძა, ღობიეთი, ენთელი, კახარეთი, კლდე, სმადა, ვარხანი, ბოლაჯური, ფერსა, ზიკილია, საყუნეთი, ქიქინეთი, ხარჯამი, წახანი, ოთა, ხოსპიო, - მეჩეთები. აღნიშნულ ძეგლებს დამატებითი კულტურულ-ისტორიული ღირებულება აქვს, რადგან ის დაკარგული მესხური კულტურის ნაწილია.

სოფელ ზვარეს მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა. მეჩეთი 1834 წლით თარიღდება და აშენებულია ლაზი ოსტატების მიერ, ისევე როგორც ქართული მეჩეთების უდიდესი ნაწილი. დღეს, მეჩეთის შიგა კედლები და იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ იქ გავლაც კი საშიშია. ზვარეს მეჩეთის სახურავი წლების განმავლობაში იყო დაზიანებული6 2018 წელს ქარმა სრულად გადახადა და თვეების განმავლობაში სახურავის გარეშე იყო მიტოვებული ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა, რამაც შიდა ინტერიერი და განსაკუთრებით ჭერი მძიმედ დააზიანა.7 ადგილობრივი მაცხოვრებლები 10-12 წლის განმავლობაში მიმართავდნენ პასუხისმგებელ უწყებებს გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა უშედეგოდ. აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2021 წელს შეისყიდა ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციის პროექტები, თუმცა რეაბილიტაციის განხორციელების ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც მეჩეთის მდგომარეობის თაობაზე მედიაში მწვავედ გაშუქდა.5 ზვარეს მეჩეთის გარდა საფრთხეშია აჭარის სხვა სოფლებში მდებარე მეჩეთები. უფრო ზუსტად კი ჭვანის, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ნენიის, ფურტიოს, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, დღვანის, გოგაძეების, კვიახიძეების, გოგინაურის, მაწყვალთის, მახალაკიძეების, შუბნის, დარჩიძეების, აბუ ქედას, დოლოგანის, ვარჯანისის, ზედა ბზუბზუს, კვაშტას, ქვედა მახუნცეთის, ძენწმანის, სონიარისის, გულების, წყავროკას, ღაღაიშვილების მეჩეთები. განსაკუთრებული სავალალო მდგომარეობაა ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეჩეთებში.8 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე აბუქედას, დოლოგნის, ვარჯანისის, კვაშტისა და წონიარისის მეჩეთებს, რომლებიც ხით იყო ნაგები, დაინგრა და დღეისთვის შემორჩენილი აღარ არის.9 აღნიშნულ ფაქტებს კი რაიმე გამოხმაურება, ან სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ აჭარაში მოქმედმა ორგანიზაციამსოლიდარობის თემმააჭარის უმაღლეს საბჭოში ხის მეჩეთების დაცვასთან დაკავშირებით პეტიცია წარადგინა.

ეს ძეგლები ქართული მრავალფეროვანი კულტურის ნაწილია და მისი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. საქართველოში არსებული ქართული ისლამური ძეგლების არქიტექტურა უნიკალურია და ის ქართველი მუსლიმი თემის უნიკალურ გამოცდილებას და თვითმყოფადობას აჩვენებს. ისტორიული უსამართლობების შედეგად განადგურებული მესხური კულტურის დაცვას კი დამატებითი სოციალური და კულტურული ღირებულება აქვს. კულტურული მემკვიდრეობის ჯეროვანი დაცვა ქვეყანაში ზოგადი გამოწვევაა. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი სხვა რელიგიური და კულტურული ძეგლი, მათ შორის, გელათისა და ჯვრის უნიკალური ტაძრები, დაზიანების პირასაა. თუმცა, არადომინანტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესი წლების განმავლობაში ორმაგად სუსტი და იგნორირებულია სახელმწიფოს მიერ. ხშირად ამ ძეგლების არ აღიარებისა და სუსტი დაცვის პოლიტიკა აჩვენებს თავად არადომინანტური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკასაც.

არადომინანტური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მათი საერთო მრავალფეროვანი კულტურის ნაწილად წარმოჩინებას არსებითი მნიშვნელობა აქვს რელიგიური, ეთნიკური და ლინგვისტური მრავალფეროვნების სამართლიანი და თანასწორი მართვისთვის. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს ინტერკულტურული გარემოს შექმნას, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს შორის პატივისცემაზე, სოლიდარობაზე და ურთიერთტრანსფორმაციაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს გულისხმობს და უფრო შორს მიდის ვიდრე ტოლერანტობის პასიური კულტურაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტები აღიარებულია იუნესკოს და ევროპის საბჭოს არა ერთი კონვენციის მიერ. უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მიმართულ კონვენციებს შორის მნიშვნელოვანია იუნესკოს 2005 წლის კონვენცია კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ (კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს მიერ), რომლის სახელმძღვანელო პრინციპიაყველა კულტურის თანაბარი ღირსებისა და პატივისცემის პრინციპი“, რადგან კულტურული გამოხატულებების მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა გულისხმობს ყველა კულტურის თანაბარი ღირსების და პატივისცემის აღიარებას, მათ შორის უმცირესობებისა და მკვიდრი ხალხების კულტურების.“ 2001 წლის იუნესკოს საყოველთაო დეკლარაცია კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას კულტურულ მრავალფეროვნებაში. დეკლარაციის მე-7 მუხლში ნათქვამია: „[…] მემკვიდრეობა ყველა მისი ფორმით უნდა შენარჩუნდეს, გაძლიერდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს, როგორც ადამიანური გამოცდილების და მისწრაფებების ჩანაწერი, რათა ხელი შეუწყოს შემოქმედებითობას მთელი თავისი მრავალფეროვნებით და გააჩინოს ნამდვილი დიალოგი. იმავდროულად, მე-7 მუხლი აკავშირებს ადამიანის უფლებებსა და კულტურულ მრავალფეროვნებას: კულტურული მრავალფეროვნების დაცვა არის ეთიკური იმპერატივი, განუყოფელი ადამიანის ღირსების პატივისცემისგან. იგი გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, კერძოდ, უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისადმი ერთგულებას.“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ასევე ადგენს, რომ მხარეები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მათ კულტურას, შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი იდენტობის ძირითადი ელემენტები, კერძოდ, რელიგია, ენა, ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (აჭარის . ტერიტორიაზე მდებარე ძეგლების შემთხვევაში ადგილობრივ მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით)

  • დაუყოვნებლივ შექმნას საქართველოს ისლამური კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ერთიანი რეესტრი, დეტალურად შეისწავლოს თითოეული ნაგებობა და მოახდინოს მათი სრულყოფილი ფიქსაცია;
  • მოამზადოს მათი გადარჩენის, რეაბილიტაციის, მოვლა-პატრონობის, კოსერვაციის კონკრეტული სამოქემდო გეგმა;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს მრავალფეროვანი კულტურულის პოპულარიზების და მათ შესახებ საზოგადოებრივი ინტერესის და პატივისცემის გაზრდას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“