[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / თვალსაზრისი

კაპიტალიზმის „მიღწევები“ პოსტსაბჭოურ საქართველოში

თორნიკე ჩივაძე 

შესავალი

განვითარებადი ეკონომიკების ტიპური პრობლემა შეზღუდული კაპიტალის აკუმულაციის დინამიკური ურთიერთობაა, რაც მოგებას მშრომელების სამუშაო ძალის ხარჯზე ზრდის. მაშინ, როდესაც განვითრებული კაპიტალისტური ეკონომიკის ცენტრალური პრობლემაა გადალახოს აკუმულირებული კაპიტალის მოგების ნორმის დაცემა და კაპიტალის ინტენსივობის მეშვეობით, მოახდინოს შრომის პროდუქტიულობის ექსპლუატაცია[1]. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ასევე მოიაზრებს შრომის ხარჯზე (სამუშაო ძალის ცხოვრების სოციალურად და ისტორიულად განსაზღვრული სტანდარტის შემცირებით) მოგების ნორმის აწევას, როგორიცაა, მაგალითად, დღეს, ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რაც ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ ურტყამს ხელფასებს ანდა არაპირდაპირ ე.წ. სოციალურ ხელფასებს (სახელმწიფო სოციალურ სუბსიდიებს). 1970-იან წლების შუისთვის ILO-ს მონაცემებით, 16 განვითარებულ ეკონომიკაში, შრომას ეკავა ნაციონალური შემოსავლის 75%-იანი წილი. კრიზისის წინ, ის 65%-მდე დაეცა. 2008-2009 წლებში ის გაიზარდა, თუმცა ზრდა თავად ეროვნული შემოსავლის ფონზე მოხდა და შემდეგ კვლავ განაგრძო დაცემა.

Screenshot_5

მას შემდეგ, რაც განვითარებული ეკონომიკებში უთანასწორობა საშუალო ფენებსაც მტკივნეულად შეეხო, ჩვეულებრივი ამბავი გახდა ეკონომიკურ უთანასწორობაზე საუბარი მეინსტრიმული მედიისა და ეკონომისტების მხრიდან. მაგალითად, პოლ კრუგმანი ერთ-ერთ წერილში აღმოაჩენს, რომ ეკონომიკური უთანასწორობის გასაგებად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ მოგების და საკუთრების ფომებს[2] და ნაკლები ვისაუბროთ კვალიფიკაციის სხვაობაზე. ხშირად შევხვდებით ამ საკითხის განხილვას ისეთ გამოცემებში, როგორიცაა გაზეთი “ ეკონომისტი” ,”Forbes” “Financial Times” და სხვა. ამ და სხვა მოვლენებმა, რომლებმაც “სოციალური სახელმწიფოების” დაცემა და ე.წ. ნეოლიბერალური გარდაქმნა გამოიწვია, მნიშვნელოვნად შეცვალა საჯარო დისკურსი როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაში და გააჩინა რადიკალური თემების გაჟღერების შესაძლებლობა .

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადგილობრივი ელიტა ცდილობს ამ თემების მარგინალიზაციას, ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად საუბრობენ კლასობრივი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე. როგორც არ უნდა ცდილობდეს ძალაუფლება საჯარო პოლიტიკაში ახალი ხმების გაჩენა დემოკრატიის და პლურარიზმის განვითარებით ახსნას, აშკარაა, რომ პოლიტიკური სუბიექტები აღმოცენდებიან ობიექტური პირობების განვითარების შედეგად. შესაბამისად, რაც უფრო მოძლიერდება საქართველოში კაპიტალისტური წარმოება, მით უფრო ინტენსიური და მწყობრი იქნება კლასობრივი დაპირისპირება. თუკი ვისაუბრებთ მცირე ქვეყნების თვითგამორკვევის კუთხიდან, ამ საკითხებზე ორიენტირება გაგვიყვანს ნაციონალური ბურჟუაზიის და მსოფლიო იმპერიალისტების ელიტებისთვის საკმაოდ უხერხულ საკითხამდე - აღმოვაჩენთ, რომ ისტორიულად მონოპოლიური კაპიტალიზმი შეუძლებელს ხდის განვითარებადი ქვეყნებისთვის კაპიტალისტური განვითარების ტრადიციულ გზას[3]. ამ საკითხის წინ წამოწევა იდეოლოგიურ გარე საყრდენს აცლის შიდა ელიტას (მაგალითად, ჩვენში მუდმივი აპელირება დასავლეთის მიღწევებზე, საქართველოს დასავლური ტელეოლოგია) და გარე ელიტებისთვის მათი ეკონომიკურ პოლიტიკას განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში (რომელსაც წარმატებით ატარებს კომპრადორი ბურჟუაზია). ეჭქვეშ დგება ზოგიერთი საკითხი დასავლური პარტნიორობის და განვითარების შესახებ. ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს თავად ევროპულ პოლიტიკაშიც. იკვეთება ახალი ტიპის სოციალისტური პარტიები, რომლებიც დისტანცირდებიან კლასიკური სოციალ-დემოკრატიული პარტიებისგან - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები იყო. საბერძნეთის არგუმენტი მარტივი ეკონომიკური ლოგიკიდან გამოდიოდა - მაღალი უმუშევრობის, დეპრესიის და ზრდის შეჩერებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ვალების დაბრუნება და ითხოვდა ინსტრუმენტებს, რათა ეფექტურად წარმართულიყო ვალების დაბრუნების პროცესი, რაც შეუძლებელია დეპრესიის დროს. ერთი შეხედვით, მსგავსი არგუმენტი წმინდად რაციონალური თვალსაზრისით მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცენტრს უფრო მეტი სურს, ვიდრე ვალების დაბრუნებაა. ეს მეტი კი, ცენტრის და პერიფერიის კლასიკური ურთიერთობაა - საბერძნეთს სურს, საკუთარი ეკონომიკის ზრდა, პროდუქტიული სექტორის წინ წამოწევა, რომელიც ასევე ვალების დაბრუნების ერთადერთი გარანტიაა. ხოლო ცენტრს საბერძნეთში “დაგროვების ისეთი რეჟიმის” შენარჩუნება სურს, რომელიც ცენტრის ინტერესებშია და წინააღმდეგობაშია “პერიფერიის” (ამ სიტყვის არა ტრადიციული გაგებით) ინტერესებთან. ევროზონასა და საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაასამარა დემოკრატიის და გლობალური კაპიტალიზმის თანაარსებობის მოჩვენებითი შესაძლებლობა.

კაპიტალისტური განვითარება, ზემოთ დასახელებულ ორივე შემთხვევაში, წინააღმდეგობრივია, თუმცა, სუსტად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში პირდაპირი სოციალური ზიანი უფრო მეტია, რადგან საქმე გვაქვს მძიმე სამუშაო პირობებთან, მასობრივ უმუშევრობასთან, სიკვდილიანობის ზრდასთან, სოციალურ დაუცველობასთან, პაუპერიზიაციასთან და სხვა. განვითარებულ, მომწიფებულ კაპიტალიზმში ფულადი კაპიტალის მიგრაცია პროდუქტიული სექტორიდან გაედინება ფინანსურ სექტორში (მოგების მეტი შესაძლებლობის გამო), რომელშიც აკუმულირდება ვალების და ფიქტიური კაპიტალის სახით, რომელიც, ადრე თუ გვიან, კრიზისს იწვევს და ეს კრიზისი კვლავ ბრუნდება რეალურ სექტორში. თუმცა, ამის განხვილვა ჩვენი წერილის მიზანი არაა.

ბოლო წლების აზრიური გამოცდილება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ასპექტებს შრომის და კაპიტალის აკუმულაცია წარმოადგენს (ზრდის კლასიკური თეორია). ეს კი წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთში გაბატონებულ ფაქტორების მთლიანი მწარმოებლურობის თეორიასთან, როგორც ეკონომიკური ზრდის საკვანძო ასპექტთან[4]. აზიური გამოცდილება კიდევ ერთხელ სვამს საკმაოდ საფუძვლიან კითხვას თუ რატომ უნდა მიიღონ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა დასავლური რჩევები და მოახდინონ სახელმწიფოს როლის შემცირება. მაშინ, როცა თავად ამას არ აკეთებენ და ისტორიულად მათი სიმდიდრეც ე.წ. კაპიტალიზმის ოქროს ხანაში პიკს აღწევდა (პერიოდი, როცა ეკონომიკებში გადამწყვეტ როლს კეინზიანური მოთხოვნის მენეჯმენტი თამაშობდა). ანდა, რატომ ითვლება ინფლაცია ცენტრალურ, პოპულარულ პრობლემად, როდესაც ქვეყანაში “ეფექტური მოთხოვნა” დაბალია და მოსახლეობის უმრავლესობა გაღატაკებულია.

ბარანის მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკის შემთხვევაში, ჩვენ ყურადღება უნდა მივაპყროთ რესურსებს, რომლებიც გამოუყენებელია ანდა არასაკმარისად ეფექტურადაა უტილიზებული, რაც საჭიროებს “ეკონომიკური ნამეტის” (economic surplus) მობილიზებას პროდუქტიული ძალების განვითარებისთვის[5] - ამ პროცესს კი განვითარებად კაპიტალისტურ ქვეყნებში მრავალი წინააღმდეგობა ხვდება, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ასევე, საინტერესოა ბარანის და სვიზის მიერ შემოტანილი ოპერატიული ცნება “პოტენციური ნამეტი”, რომელიც ერთი მხრივ, გვაჩვენებს გაბატონებული წარმოების წესის ლიმიტებს (კაპიტალისტურ წარმოებაში ინვესტიციების საფუძველმდებარე მიზეზი მოგებაა და არა პროდუქტიულობა ან სახმარი ღირებულებების, როგორც ასეთის, წარმოება) და მეორე მხრივ, იმ პოტენციურ ნამეტს, რომელის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუკი აღმოვფხვრიდით შემდეგ მოვლენებს: 1- საშუალო და მაღალი ფენების ზედმეტ მოხმარებას; 2- არაპრდუქტიულ დასაქმებას; 3- არარაციონალურ და მფლანგველურ ეკონომიკას; 4- უმუშევრობას. ბარანი შემდეგ განიხილავს ეკონომიკური ნამეტის აპროპრიაციის ფორმებს, რაშიც შემოდის სახელმწიფოს როლი, რათა მოახდინოს “ეკონომიკური ნამეტის გეგმიური” კაპიტალიზაცია, რაც შეიძლება, ნაწილობრივ, მივიჩნიოთ როგორც თანამედროვე ეფექტური ინდუსტრიული პოლიტიკა (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარანისთვის და სვიზისთვის შესაძლებელია მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებაში, სადაც “ეკონომიკური ნამეტის” დაგეგმვა ხდება და არა მონოპოლისტურ კაპიტალიზმში). მნიშვნელოვანია, ქართველ მემარცხენე წრეებში აქტიურად განიხილებოდეს ზრდის პოლიტიკური ეკონომია, რადგან გაბატონებული დისკურსი მუდმივად ცდილობს ეკონომიკური ზრდის თეორიიდან გარიყოს სოციალური საკითხები.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის კაპიტალისტურ სამყაროსთან ინტეგრირება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ამას ბევრი ლიბერალი მოაზროვნე და ადგილობრივი “დისიდენტი” ფიქრობდა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, შოკური თერაპიის გაკვეთილები მხოლოდ შოკით დასრულდა და თერაპია დღემდე არ ჩანს ბევრი აღმოსავლურ-ევროპული და პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის. საჭიროა ძველი პოლიტიკების რადიკალური გადახედვა და ახალი მიმართულებების დასახვა, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების 25-წლიანი საქმიანობა, გამონაკლისის გარეშე, გაბანკროტებულია.

პოსტსაბჭოური “ტრანსისტოლოგია[6]

საქართველოში, როგორც იდეოლოგიურ, ისე პოლიტიკურ დონეზე, გაბატონებულია გარდამავალი ტელეოლოგია, რომელიც ემყარება ნეოკლასიკურ და ნეოლიბერალურ ეკონომიკურ თეორიებს. ამ თეორიის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარეობს მეტნაკლებად არაპრობლემური გადასვლა მბრძანებლური ეკონომიკიდან, საბაზრო ეკონომიკაზე; კომუნიზმიდან დემოკრატიაზე. ამ დისკურსში თუკი რაიმე ისე ვერ მიდის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ჩავარდნით აიხსნება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბაზრისთვის (სპონტანური ძალებისთვის) შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობას. 90-იანი წლებიდან, საქართველოში იწყება მასობრივი პრივატიზაცია[7] და დერეგულაციური პოლიტიკა (განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას), რომლის შედეგებსაც ჩვენ ახლაღა ვიაზრებთ. შოკური თერაპიის მიხედვით, გარდამავალი პროცესი ჰარმონიულად განვითარდება, როდესაც ჩამოიშლება ტოტალიტარული წარსულის ნაშთები და დაუბრუნდება ბუნებრივი განვითარებას. ამ მხრივ რეფორმები 90-იან წლებში აქტიურად გატარდა.

მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე ასპექტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან, რომელიც გვაჩვენებს, რომ ეკონომიკური ელიტა და კურსი ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებაში პროგრესული როლის თამაშს:

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა საქართველოში, 1998 წლიდან მოყოლებული, მცირე ცვლილებების მიუხედავად, 2014 წელს კვლავ 12.4 %-ია.umushevroba saqarTvelo

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელები რეალურ მდგომომარეობას ვერ ასახავს, რადგან ამ მონაცემებში შესულია თვითდასაქმებულითა კატეგორიაც. ამ კატეგორიაში კი საქართველოში ზოგადი ეკონომიკური სურათიდან გამომდიანრე, ვერანაირად ვერ შევიდოდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალა. ამ კატეგორიაში, ძირითადად, წვრილი გლეხობა და სხვა საარსებო მინიმუმზე მომუშავეები შედიან.Screenshot_3

ამ ნაწილის ძირითადი საარსებო წყარო სოფლის მცირე მეურნეობა და ისეთი სახის შრომაა, რომელიც ემსახურება არა კაპიტალის ზრდას, არამედ საკუთარ ფიზიკურ კვლავწარმოებას. ამას აჩვენებს ისიც, რომ სოფლად უმუშევრობის დონე ბევრად დაბალია (5%), ქალაქთან (22%) შედარებით. ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ერთიან შიდა პროდუქტში საკმაოდ დაბალია (შესაბამისად, საკმაოდ დაბალია პროდუქტიულობა). ერთი სიტყვით, ეს ფენა დასაქმების აქტიურ მაძებელი უფროა, ვიდრე დასაქმებული. ამის აღწერა კი, სამწუხაროდ, არ ტარდება.Screenshot_9

მთლიანი შიდა პროდუქტი 2014 წელი - საქსტატი

Screenshot_6

წყარო: ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2013 წ.

2013 წლის მონაცმებით, სამუშაო ძალის დასაქმებული 85%-დან 52% თვითდასაქმებულია და თვითდასაქმებულთა რაოდენობაში თითქმის აბსულუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მაშინ, როდესაც არასასოფლო მეურნებაში დასაქმებული სამუშაო ძალა მხოლოდ 32%-ს შეადგენს. აქაედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი დასკვნა დღევანდელი საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა მალავს რეალურ უმუშევრობას, რადგან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სამუშაოს აქტიურ მძებლენთა სიაში უნდა შედიოდეს, აქცევს დასაქმებულთა კატეგორიაში.Screenshot_1

2003 წლიდან მოყოლებული, საშუალოდ 6-%იანი ეკონომიკური ზრდა იყო, 10 წლის განმავლობაში. თუმცა, უმუშებრობის ოფიციალური მაჩვენებელი 2003 წელს 11.5%-ს შეადგენდა. 2014 წლის მონაცემებით კი 12.4%-ია. ასევე საინტერესო იქნება ჯინის ინდექსის შემოყვანა, რათა გავაანალიზოთ უმუშევრობის და ეკონომიკური ზრდის ანტისოციალური ხასიათი.

Gini

წყარო მსოფლიო ბანკი: ჯინის ინდექსი[8].

როგორც ხედავთ, საქართველო საშემოსავლო უთანასწორობის მაჩვენებლით რუსეთს ეცილება.

ამ და სხვა სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს ეკონომიკური ზრდის ძირითადი ხასიათი, რომელსაც კარგად აღწერს ტერმნინი “jobless growth”: 2003 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკურმა ზრდამ არ გამოიწვია დასაქმების ზრდა და დასაქმებულთა უმეტესობა კვლავ დაბალანაზღაურებად სექტორშია (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სოფლის მეურნებაში დასაქმებულთა შემოსავალი ურბანულ ნაწილში დასაქმებულ მშრომელთა 20%-ია)[9], 2007 წელს, ბუმის პიკის დროს, უმუშევრობამ იკლო მხოლოდ 0.5 %-ით. სწორედ ზრდის ამგვარი ხასიათიდან გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული უთანასწორობის ხარისხიც.

ზემოთ მოყვანილი და სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: 25 წლის განმავლობაში, კერძო სექტორი და საბაზრო ძალები ძირითადად მიემართებიან ისეთი სექტორებისკენ, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივის მოცემა; ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან მოგებაზე; არ შეუძლიათ დასაქმების და შრომის დანაწილების ზრდა; არ ზრდიან ეფექტურ მოთხოვნას; გამოირჩევიან სპეკულაციური საქმიანობით და ცხელი ფულის დაბანდებით. ისეთ სექტორებს, როგორიც არის მრეწველობა (რომელიც რეალურად ეკონომიკის გამწევი ძალაა როგორც დამატებული ღირებულების, ისე მშპ-ში წილით) არ ექცევა ყურადღება და სამაგიეროდ ხდებოდა ტურიზმის და საბინაო მშენებლობის წახალისება, რომელიც ასევე არ გამოირჩევა ზემოთ დასახელებული კომპონენტებით. მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს ნაწარმის მაჩვნებელი 2007 წლისთვის, 1991 წლის დონის 70 %-საც ვერ აღწევდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დსთ-ის ქვეყნებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ინტეგრირება საბაზრო ეკონომიკაში მოხდა ნეო-კოლონიური განვითარების ფორმით, შიდა აგენტების მეშვეობით (ახალი ქართველი კაპიტალისტები), რომლებიც ორიენტირდნენ იაფი ნედლი მასალის გატანაზე და ახდენენ მანუფაქტურული და საკვები პროდუქტების იმპორტს. როდესაც შიდა წარმოება ჩამკვდარია და არ შეუძლია კონკურენციაში ჩაბმა, შეგნებულად მივიწყებულია განათლების სისტემა და მოსახლეობის უმრავლესობა მოსროლილია “მუშათა სარეზერვო არმიაში”. როგორც კლასიკურ ნეო-კოლონიალიზმის შემთხვევაში ხდება, მოგება განაწილებულია საერთაშორისო კორპორაციებს და კომპრადორი ბურჟუაზიის მიერ. რეინვესტირების, ადგილობრივი წარმოების და ეფექტური მოთხოვნის დონე საკმაოდ დაბალია და მისი ზრდის პერსპექტივა არ ჩანს.

უცხოური ინვესტიციები, ინვესტორთა ინტერესები და უცხოური დახმარებები.

“უნდა გვახსოვდეს ამერიკის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი არა სხვა ქვეყნების, არამედ საკუთარი თავის დახმარებაა”.

რიჩარდ ნიქსონი 1968

პოსტსაბჭოური გარდაქმნის შედეგად, დასავლური კაპიტალიზმისთვის გამოთავისუფლდა საკმაოდ დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო კაპიტალის დაბანდება. ლოკალური ელიტებიც მუდმივად ინვესტიციების საჭიროებაზე და მათთვის პირობების ხელსშეწყობაზე, შრომის, სატარიფო და ფისკალური პოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად, განვითარებად ქვეყნებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი გადაჭარბებულია, როგორც ეკონომიკური ზრდის საფუძველი. რეალურად, განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია კეთდება, ვიდრე განვითარებულიდან განვითარებადში. არავისთვისაა გასაკვირი თუ ვიტყვით, უცხოური კაპიტალი არ იქნება ინვესტირებული, სანამ გარკვეული პერიოდის მერე, არ მოიტანს ინვესტირებულზე მეტ მოგებას. საერთო მოგება უცხოურ ინვესტიციებზე ყოველთვის (ინვესტიციების ბუმის პერიოდის გარეშე) უფრო მეტია, ვიდრე საერთო ინვესტიციები იმავე პერიოდში. ისევე, როგორც საერთო მოგება კაპიტალზე თითქმის ყოველთვის მეტია, ვიდრე ინვესტიციები იმავე დროში. New York Times-ის მიხედვით, 2006 წლისთვის, კაპიტალის საერთო ტრანსფერი ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში 784 ბილიონს აღწევს, რაც 2002 წლისთვის 229 ბილიონი იყო. უღარიბესი ქვეყნებიც კი, მაგალითად სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები, წარმოადგენენ ფულის “ექსპორტიორებს” მდიდარ ქვეყნებში”[10]. რა თქმა უნდა, აქ წარმოების გლობალიზაციაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, საქართველოში, პოლიტიკურ დონეზე საკმარისად არაა გაცნობიერებული ქვეყნის სოციალისტურიდან კაპიტალისტურ სამყაროში გადასვლის შედეგები[11]. როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ დახმარებაზე ან ინვესტიციებზე, მუდმივად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ მოგების ნორმა კაპიტალზე განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ მაღალია და ფასების ტრანსფერების, შრომის ღირებულებაზე დაბლა ყიდვით, გადასახადებისგან თავის არიდებით, თაღლითობით და სხვა მექანიზმებით მანიპულირება გაცილებით მარტივია სახელმწიფოს უუნარობის გამო, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ კაპიტალის მოძრაობას განსაზღვრავს კაპიტალისტური ფირმების ინტერესები, რაც აუცილებლად არ გულისხმობს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ინტერესებს და ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც[12].

სახელმწიფო ვალების და დახმარებების უმრავლესობა მიდის ისეთი სფეროებისკენ (დიდი წილი ინფრასტრუქტურაში), რომლებიც არ შედის კონკურენციაში განვითარებული კაპიტალისური ქვეყნების პროდუქციასთან და ხშირად, მათ მომგებიან ცირკულაციას ემსახურება. ეს პროცესი კი აძლიერებს ადგილობრივ ვაჭრების საშინაო ფენას, რომლის ინტერესებშიც სტატუს ქვოს შენარჩუნებაა და საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გავლენებიც გააჩნია.

ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში არც უცხოურ ინვესტიციებსა და დასაქმების ზრდაში გვაქვს ძლიერი კორელაცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოს ჩარევის და განსხვავებული ინდუსტრიული პოლიტიკის შექმნის აუცილებლობას და წარსული პრაქტიკებისგან რადიკალურ გამიჯვნას.

ინდუსტრიული ურთერთობები

თუკი ვინმე დაზარალდა პოსტსაბჭოური გარდაქმნით ეს, პირველ რიგში, მშრომელთა კლასია. კაპიტალისტური წარმოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მშრომელების წარმოების საშუალებების და სამუშაო პირობებისგან ჩამოცილება (ეს პროცესი სხვადასხვა დროის და ადგილის მიხედვით სხვადასხვა ფორმით ხდება). გარდაქმნის პირველ ეტაპზე მოხდა მშრომელების წარმოების საშუალებებისგან “განთავისუფლება” [პრივატიზაციის მეშვეობით], რასაც თავისთავად მოჰყვა ინდუსტრიულ ურთიერთობებში იურიდიული ცვლილებები. შრომის კოდექსი მკვეთრად ორიენტირებულია კაპიტალის ინტერესებზე, რაც ნოყიერ ბაზისს ქმნიდა მშრომელთა ექსპლუატაციისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ასევე აისახა შრომის უსაფრთხოების პირობებზეც.

დღესაც, აქტიური დავა მიმდინარეობს „საქართველო პროფკავშირსა“ და სახელმწიფოს შორის, რათა დაინერგოს ეფექტური „შრომის ინსპექცია“, რომლის შექმნასაც საქართველოს მთავრობას ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ამ მხრივ, ჩვენთვის მეტად გასათვალისწინებელია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გაზიარება, რათა მოხდეს საწარმოო ტრავმების მინიმუმადე დაყვანა. მაგალითად, 1998 წელს, სლოვაკეთმა მოახდინა ILO C176-ის რატიფიცირება. ამ დროისათვის, მას წლიურად სამთომოპოვებით სექტორში სამსახურებრივი ტრავმის 1000-ზე მეტი შემთხვევა ჰქონდა. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საწარმოო ტრავმების მაჩვენებელმა იკლო. 2006 წელს, შრომის უსაფრთხოებაზე ახალი კანონის მიღების შემდეგ, ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიკლო. ერთობლივად, ამ ზომებმა ხელი შეუწყო იმას, რომ სლოვაკეთში 2012 წელს 12 000 დასაქმებულზე მხოლოდ 2 ტრავმა აღირიცხა[13].

Screenshot_2

Screenshot_4

შრომის უსაფრთხოების დაცვა, რა თქმა უნდა, უფრო ფართო საკითხს უკავშირდება. ეს არის ზოგადად კაპიტალის ტენდენცია, ერთი მხრივ, მოახდინოს უკვე გასაგნებული შრომის მაქსიმალური დაზოგვა (სამუშაო დანადგარები, შენობები, ვენტილაცია და ა.შ.) და მეორე მხრივ, მოახდინოს ადამიანის სამუშაო ძალის, სიცოცხლის მაქსიმალური გაფლანგვა, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. შრომის უსაფრთხოების საკითხი ასევე ეჭქვეშ აყენებს კაპიტალის ინოვატორულ ბუნებას (რადგანაც ის უკავშირდება არამხოლოდ უშუალოდ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს, არამედ ზოგადად “მუდმივი კაპიტალის” გამოყენებას). ჩვენს რეალობაში ვხედავთ, რომ როდესაც ფირმას არ გააჩნია რაიმე გარე იძულება, ის არ ახდენს ინოვაციების დანერგვას, რადგან ეს შეამცირებდა მოგების ნორმას (მიუხედავად იმისა, რომ გაზრდიდა ზედმეტი ღირებულების ნორმას). მაგრამ როდესაც სხვა ფირმა აიაფებს საქონელს ტექნოლოგიური მეთოდებით, მასაც უწევს გაიაფების ტენდენციაში ჩაებას. გაიაფება შესაძლებელია მიიღწეს ორი საშუალებით: 1- შრომის დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა; 2- სამუშაო ძალის ფასის დაპრესვა. როგორც ვხედავთ, სუსტი პროფკავშირული მოძრაობის, უმუშევრობის მაღალი ხარისხის, სახელმწიფოს მიერ მუშათა მოძრაობის რეპრესიის და სხვა ფაქტორების გამო, განვითრებად ქვეყნებში მეორე საშუალებაა გაბატონებული. კაპიტალის მოძრაობა, რომელიც ათანასწორებს მოგების ნორმას სექტორების გარშემო, იწვევს არათანაბარი განვითარების პროცესს: გათანაბრება გაცვლაში (ერთი ფასი ბაზარზე) მალავს არათანაბარი განვითარების წყებას წარმოების სფეროში - საქონლის გაიაფება ხდება ან “ცივილიზებული” ან ბარბაროსული ფომით. რა თქმა უნდა, ამ საკითხის გაშლა უფრო ფართოდაც შეიძლება, თუმცა აქ, ამის ადგილი არაა (იხილეთ: მარქსი კაპიტალი 3-ე ტომი). ისე კი უნდა ითქვას, რომ ამ საკითხშიც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. თუნდაც ძლიერი შრომის ინსპექციის შექმნამ, გარდა იმისა რომ შეამცირებს საწარმოო მკვლელობების რიცხვს, შეიძლება აიძულოს მეწარმეები, დანერგონ ინოვაციები.

უმუშევრობა და ხელფასების დაპრესვა

“სახელმწიფო ჩვენს დასაქმებას იმისთვის იყენებს, რომ ხალხი ჩუმად იყოს. თანაც ალტერნატიული დასაქმების საშუალებას არ გვაძლევენ, რომ მუდმივად ვიყოთ მიმაგრებული მაღაროს.”

ჭიათურის მაღაროს მუშა

მიხალ კალეცკი თავის, 1943 წელს გამოქვეყნებულ, ცნობილ სტატიაში - “სრული დასაქმების პოლიტიკური ასპექტები” - აღწერს იმ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება კაპიტალისტების კლასი ეწინააღმდეგებოდეს სრული დასაქმების პოლიტიკას, იმ შემთხვევაშიც კი, სრული დასაქმების დანერგვა მათთვის სასარგებლო შედეგებს რომ იძლეოდეს. კალეცკის ამტკიცებს, რომ სრული დასაქმება, მშომრელებს მაღალი ხელფასების მიღების ძალას ანიჭებს კოლექტიური მოლაპარაკების და საერთო საზოგადოებრივი წონის გაძლიერების საშუალებით. შრომის დაუცველობა კი, დამსაქმებელთა ფენისთვის დისციპლინის პოლიტიკური მექანიზმია. როდესაც სამუშაო ბაზარზე კონკურენცია მეტია, რა თქმა უნდა ,კაპიტალისტს შეუძლია მარტივად ჩაანაცვლოს სამუშაო ძალა და მაქსიმალურად დაპრესოს მისი ღირებულება. როდესაც არსებობს ასეთი მდგომარეობა, ნებისმიერი მოთხოვნა სამუშაო პირობებზე, ხელფასების ზრდაზე და ა.შ. მარტივად იგნორირებადია დამსაქმებლებისგან და ამიტომაც, მიუხედავად მოგების ინტერესისა, ისინი არ თმობენ ამ დისციპლინის და პოლიტიკური კონტროლის საშუალებას. ამის გამო, სახელმწიფოს უწევს არჩევნის გაკეთება მიმართოს პოლიტიკა მოხმარების სტიმულირებაზე თუ გაატაროს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. როგორც ვხედავთ, დღეს მსოფლიოში ეს საკითხი მწვავედ დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პრობლემა სხვა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებში, ამ საკითხების წინ წამოწევა გადამწყვეტია ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური განვითრებისთვის, რადგან აღარ დავუშვათ მავნებლური ნეოლიბრელური პოლიტიკის გატარება, რომელსაც საფუძველი 90-იანებში ჩაეყარა.

დასკვნის ნაცვლად

შემოსავლების არათანაბარი განაწილება განმსაზღვრელი ფაქტორია მოხმარებასა და ინვესტიციებში. რამდენს დახარჯავენ მშრომელები მოხმარებაში, ეს განსიზღვრება მათი საერთო შემოსავლის მიხედვით. როგორც წესი, მათი საერთო შემოსავლის უდიდესი წილი მოდის მოხმარებაზე და არა დანაზოგზე ან ინვესტიციებზე. კაპიტალისტების კი პირიქით. აქედან გამომდიანრე, როდესაც შემოსავლების უთანასწორობა მზარდია, თავს იჩენს კაპიტალიზმის კლასიკური წინააღმდეგობა: შეფეხებული სამომხმარებლო მოთხოვნა აფერხებს საქონლის გაყიდვას, რაც კაპიტალისთვის საჭიროა. მეორე მხრივ კი, მომგებიანი ინვესტიციების შესაძლებლობა განისაზღვრება სამომხმარებლოს საქონელზე ეფექტური მოთხოვნის ზრდით. როგორც მარქსმა აღნიშნა, "ყველა კაპიტალისტმა იცის საკუთარ მშრომელზე, რომ ის მას არ განიხილავს როგორც მწარმოებელი მომხმარებელს, და (აქედან გამომდინარე) სურს, შეზღუდოს მისი მოხმარება, ანუ მისი გაცვლის შესაძლებლობა, მისი ხელფასი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ სხვა კაპიტალისტების მშრომელებს მისი საქონლის მოხმარების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუმცა, ყველა კაპიტალისტის საკუთარ მშრომელებთან ურთიერთობა, როგორც ასეთი, შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობაა, რაც საფუძველმდებარე ურთიერთობაა. წარმოიშვება ილუზია - სწორი ცალკეული კაპიტალისტისთვის, მცდარი სხვა დანარჩენისთვის - რომ მისი მშრომელების გარდა, მთელი მუშათა კლასი მის წინაშე წარმოდგება როგორც მომხმარებელი და გაცვლაში მონაწილი, როგორც ფულის მხარჯველი და არა როგორც მუშები...“ ეს აჩენს მუდმივ წინააღმდეგობას წარმოების და განაწილების პროცესში, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი წყობისთვის, რომელშიც კაპიტალისტური წარმოების წესი ბატონობს.

მაღალი დასაქმება მიიღწევა მხოლოდ შედარებით მაღალი ხელფასებით და მაღალი ინვესტიციების მაჩვენებლით. ამას, როგორც ვხედავთ, კერძო სექტორი არ უზრუნველყოფს. იგი უფრო და უფრო მეტ საჭიროებას ქმნის სახელმწიფოს მოქმედებისთვის. ისევე, როგორც ეს ხდება ჩინეთში, სადაც უმუშევრობა მკვეთრად ეცემა და ხელფასების მატების ტენდნეციაა. განხვავებით ამერიკისა, სადაც რეალური ხელფასების 30-წლიანი სტაგნაციაა. ჩვენ გვესაჭიროება განვლილი პოლიტიკების რადიკალური გადააზრება, რომელიც არ იქნება ნეოლიბერალურ, დოგმატურ იდეებზე აგებული. რა თქმა უნდა, კაპიტალისტურ განვითარებას წინააღმდეგობრივი ბუნება გააჩნია და ის არ იქნება ჰარმონიული, თუმცა ჩვენი ვალია, ამ პროცესების დამანგრეველი გავლენის მაქსიმალურად არიდება მშრომელებისთვის და ფართო მოსახლეობისთვის.

ჩემ მიერ ჩამოყრილი თემები წარმოადგენს ერთგვარ მონიშვნას იმ საკითხებისას, რომლებსაც სჭირდება გაღრმავება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მემარცხენე ძალების განვითარებისთვის, ისე პოზიტიური პროექტის ჩამოყალიბებისთვის, რომელზეც უნდა აიგოს პოლიტიკური ბრძოლა.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

------------------------------------------------------------------------------------------------

[1] შრომის საერთო პროდუქტიულობის ზრდა (კაპიტალის ორგანული შემადგენლობა) და მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია განხილულია მარქსის კაპიტალის მესამე ტომში. ისტორიული თვალსაზრისით ამ თეზისის ყველაზე თვალნათელ მაგალითად სამოცდაათიანებში მოგების ნორმის საერთო დაცემას მოაზრებენ (მომწიფებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში).

[2] ხშირად ვარსკვლავი ეკონომისტები აღმოაჩენენ და შემდეგ ჩვენც გვაცნობენ იმას რაც დეკადების წინ უკვე აღმოჩენილია- http://krugman.blogs.nytimes.com/2012/12/11/human-versus-physical-capital/?_r=0

საუბარია იმაზე, რომ როდესაც ეკონომისტები შემოსავლების უთანასწორობაზე საუბრობენ ისინი ძირითადად ამას ხსნიან კვალიფიკაციის სხვაობის საფუძველზე ანდაც ნეოკლასიკური განაწილების ზღვრული პროდუქტიულობის თეორიით რომელიც მიიჩნევს რომ წარმოების ყველა ფაქტორი ანაზღაურებულია მის მიერ ნაწარმში შეტანილი წვლილის მიხედვით. იხილეთ ფრედ მოსლის კრიტიკა : http://www.paecon.net/PAEReview/issue59/Moseley59.pdf და http://www.paecon.net/PAEReview/issue61/Moseley61.pdf

[3] შეიძლება ჩემ თავს შენიშვნა მივცე იმის შესახებ რომ კაპიტალიზმის განვითრების ტრადიციული მშვიდობიანი გზა იდეოლოგიური სურათია, რომელსაც თანამედროვე კაპიტალიზმი ქმნის რის უკანაც იმპერიალიზმი, კლასობრივი ბრძოლა და უაღრესად დაძაბული სოციალური დინამიკა დგას თავად ამ ქვეყნებში..

[4] The Dynamics of Economic Growth: Policy Insights from Comparative Analyses in Asia Hardcover – 29 Nov 2013

by Vu Minh Khuong. ასევე იხილეთ ჯონ როსის სტატიები : http://ablog.typepad.com/keytrendsinglobalisation/2010/08/capital_intensive_growth.html

http://ablog.typepad.com/keytrendsinglobalisation/2011/06/adam_smith.html

[5] ეკონომიკური ნამატი ბარანთან და სვიზისთან თითქმის იგივეა რაც მარქსთან აგრეგირებული საერთო ნაწარმსა და შრომის რეალურ შემოსავალს შორის სხვაობა.

[6] იხ - Michael Burawoy, “The End of Sovietology and the Renaissance of Modernization Theory,” Contemporary Sociology 21:6

[7] ვლადიმერ პაპავა ნაშრომში “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართელოს ეკონომიკა”2002 .წ. ასკვნის რომ საბჭოური საწარმოო საშუალებები და ინფრასტრუქტურა ყოვლად უვარგისი იყო. ნაწილობრივ ეს მართალია თუმცა კვლევა არც ავტორს მოყავს და არც მე შევხვედრივარ სადმე, თანაც უნდა ითქვას ისიც რომ საწარმოების მნიშვნელობანი ნაწილი დღესაც საბჭოური ინფრასტრუქტურით სარგებლობს, ეს რათქმაუნდა პრობლემური საკითხია რომელსაც ცალკე განხილვა ესაჭიროება. პრივატიზაციის პროცესის განხილვა შეუძლებელია წმინდად ტექნიკური თვალსაზრისიდან, როდესაც რეალურად საქმე ქონების დატაცებას ეხება, რამაც დღევანდელი ეკონომიკური ელიტა მოგვცა საქართველოში.

[8] იხ - http://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI

[9] იხ - http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881_20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf

[10] New York Times(March 25, 2007)

[11] იხილეთ ჯონ სმიტის შესანიშნავი სადოქტორო - https://thenextrecession.files.wordpress.com/2012/12/imperialism-the-globalisation-of-production.pdf და მისი ახალგამოსული წიგნი - http://monthlyreview.org/product/imperialism_in_the_twenty-first_century/

[12] იხილეთ პოლ ბარანის წიგნი - The Political Economy of Growth. განსაკუთრებით ვენესუელას და ამერიკის „თანამშრომლობის“ ანალიზი.

[13] (Promoting Environmental and Social Accountability in the Mining Sector in the Caucasus NGO Eco Renaissance 2014 Annex 1.1 Study of the trends and dynamics of the mining industry development in Georgia and Azerbaijan)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“