საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კამპანია ,,ეს შენ გეხება"-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტებს და ამ კადრებით არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟების მიზანმიმართულ მოქმედებებს. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კამპანია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემური პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2012 წლამდე, არ გამხდარა სახელმწიფოს მხრიდან არც სათანადო პოლიტიკური, არც სამართლებრივი შეფასების საგანი. იმ პირთა უდიდესი ნაწილი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უკვეთავდა და/ან ფარულად იღებდა და ინახავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს (და სავარაუდოდ აშანტაჟებდა მასალებში ასახულ პირებს) დღემდე დაუსჯელია, მეტიც - არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს პირები დღესაც სამართალდამცავ სისტემებში აგრძელებენ მუშაობას. აღნიშნული თანამდებობის პირების დაუსჯელობა და მოქმედი ხელისუფლების მიერ ამ პირებთან თანამშრომლობის გაგრძელება, ინარჩუნებს წარსულში არსებული მანკიერი სისტემას და ახალისებს შემდგომ დანაშაულს.
მაშინ როდესაც ფარული მასალების შემქმნელები ინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს სამართალდამცავ ორგანოებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ფარული ვიდეო და აუდიო მასალების დამზადების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ეფექტურობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. ძნელი დასაჯერებელია, რომ არსებული სამართალდამცავი სისტემა თავად გამოავლენს და დასჯის იმ პირებს, რომლებიც დღესაც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილია. მეტიც, ზემოაღნიშნული ფაქტორები, პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა, სახელმწიფოს შემწყნარებლური, არაეფექტური პოლიტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, ქმნის ეჭვებს, რომ ფარული თვალთვალი და მიყურადება დღესაც გრძელდება. ამ ეჭვებს ამყარებს არაერთი საჯარო პირის მიერ გაკეთებული განცხადებები ბოლო წლებში მათი პირადი ცხოვრების უფლებაში განხორციელებული უკანონო ჩარევების შესახებ.
კამპანია ,,ეს შენ გეხება"-ს მიაჩნია, რომ სამი წლის განმავლობაში ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების დამზადების და გავრცელების დანაშაულის გამოუძიებლებისათვის, ასევე იმ პირების სამართალდამცავ სისტემაში შენარჩუნებისათვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა უნდა დატოვოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ. სამართალდამცავი სისტემები უნდა დატოვონ ასევე იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კამპანია ,,ეს შენ გეხება"-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ სახელმწიფომ უსწრაფესად გადადგას ნაბიჯები შემდეგი ცვლილებების უზრუნველსაყოფად:
- განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) რეფორმა, სატელეფონო მოსმენების გასაღებისა და ინტერნეტის მონიტორინგის ფუნქციის გადაცემას დამოუკიდებელი ორგანოსათვის
დღეისათვის სუსის დაქვემდებარებაშია ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება სატელეფონო მოსმენების ერთი გასაღები, ხოლო ინტერნეტ მიყურადების შემთხვევაში ერთადერთი. სუსი წარმოადგენს საგამოძიებო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ ორგანოს. საგამოძიებო და სადაზვერვო ორგანოს აქვს ბუნებრივი ინტერესი, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მის ხელში არსებული სატელეფონო მოსმენის გასაღების და ინტერნეტკომუნიკაციაზე მიყურადების ტექნიკური საშუალების უკანონო გამოყენების გზითაც კი. აღნიშნული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სუსის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორცილებისას ჩამოერთვას მოსმენების გასაღები, რის შემდეგაც შეიქმნება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოკიდებელი ორგანო, რომელიც, სუსისაგან განსხვავებით, არ იქნება აღჭურვილი საგამოძიებო და კონტრდაზვერვის ფუნქციით. ეს დამოუკიდებელი ორგანო საგამოძიებო ორგანოების მიერ მხოლოდ სასამართლოს განჩინების წარდგენის შემდეგ ჩაიწერს სატელეფონო და დახურულ ინტერნეტკომუნიკაციას.
დამოუკიდებელი ორგანოს სუსის ნაცვლად გადაეცემა სატელეფონო მოსმენების გასაღები და პასუხისმგებელი იქნება ინტერნეტში წარმოებული დახურული კომუნიკაციების ჩაწერაზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახური დაექვემდებაროს ადეკვატურ კონტროლს სასამართლო ხელისუფლების და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხრიდან.
- შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს და ხელისუფლებას წარუდგინეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონპროექტი. ეს უკანასკნელი შეიქმნა ცალკეული დასავლური სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით. კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გამიჯნულია აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, ვინაიდან იძიებს სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ხელმძღვანელობს კომისარი, რომელსაც 3/5-ის უმრავლესობით, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის შესაძლებლობას, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
კანონპროექტის თანახმად, დამოკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს გააჩნია სრული უფლებამოსილება, გამოიძიოს ის დანაშაულები, რომელთა მიმართ ხელისუფლებას გააჩნია ინტერესები. ამავე დროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტური მუშაობისათვის, აუცილებელია მას ჰქონდეს კონკრეტული პირებისათვის ბრალის წაყენების და მათ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებისათვის მხარდაჭერის უფლებამოსილება. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭებას მხარს არ უჭერს საქართველოს მთავრობა. ასევე, ამ უკანასკნელის პოზიციით, მექანიზმის მანდატი შემოფარგლული უნდა იყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებით.
სამი წლის განმავლობაში პროკურატურის უმოქმედობა - პასუხისგებაში მიეცა ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ფარულად იღებდნენ ადამიანის პირად ცხოვრებას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციაც იქნება სწორედ იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც ჩადენილია საჯარო მოხელეების მიერ და რომლის ეფექტურად გამოძიების ინტერესიც ხელისუფლებას არ გააჩნია. ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიდინეს სამოხელეო დანაშაული, არ უნდა იძიებდნენ სავარაუდოდ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ეს ფუნქცია უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო მექანიზმმა.
წყარო:ეს შენ გეხება" ვებგვერდი
ინსტრუქცია