საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ინტერვიუ ნინო ხელაიასთან
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის განვითარებისა თუ საზოგადოების უსაფრთხოების ჭრილში გამართული ჯანდაცვის სისტემისა და მისი ეფექტური ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგში დააყენა. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში არაერთი ჯანდაცვის სფეროს მკვლევარი და ექსპერტი მიუთითებდა ამ სფეროში არსებულ მრავალმხრივ გამოწვევებსა თუ ჩავარდნებზე. პირველ რიგში, ეს უკავშირდებოდა საავადმყოფოთა კერძო მესაკუთრეობის ფორმის სიჭარბეს, რომელიც გამოწვევებს ქმნიდა როგორც ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფოს ხარჯების მართვის მხრივ, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად გატარების მიმართულებითაც. კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისმა დღის შუქზე საქართველოს ჯანდაცვის სფეროს სხვა ნაკლოვანებებიც გამოიტანა. ჩვენ ვესაუბრეთ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს თენგიზ ვერულავას და მარკეტიზაციის პოლიტიკის მკვლევარს ნინო ხელაიას, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს ჩამოყალიბების თანამედროვე ისტორიაზე, მისი განვითარების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ინტერვიუს დროს ძირითადი აქცენტი კორონავირუსის შედეგად დამდგარ ახალ რეალობაზე და მასთან დაკავშირებით მიღებულ მნიშვნელოვან გაკვეთილებზე გაკეთდა. წარმოგიდგენთ პირველ ინტერვიუს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსთან, ნინო ხელაიასთან.
ცოტა გასაკვირია, რომ COVID 19-ის და პანდემიის ფონზე ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხი კიდევ უფრო ფართო განხილვის საკითხი არ გახდა, ვიდრე ჩვენ ეს ვიხილეთ. რეალურად, მთავარი საკითხი კრიზისის პირობებში უნდა გამხდარიყო ის, თუ როგორი ჯანდაცვის მენეჯმენტია საჭირო, ვინ უნდა ჩაერიოს, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული პასუხისმგებლობები კერძო, სახელმწიფო თუ საჯარო პარტნიორებს შორის. თითქოს თავიდან იყო ამაზე ვნებათაღელვა და გარკვეული განცხადებებიც გაკეთდა, თუმცა ფაქტია, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის მოწყობაზე დღეს განხილვები მინელდა. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის სფეროში საყურადღებო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ჰოსპიტალური სექტორის მფლობელობის ფორმის 95%-ს წარმოადგენს კერძო მესაკუთრეობა. ამის პრობლემატიზება მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ეპიდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისის შემთხვევაში, შესაძლოა სახელმწიფო აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მას არ გააჩნია გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც ბერკეტები.
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მასშტაბური პრივატიცაზია და სისტემის ინტენსიური რეფორმები 2005-2006 წლებში მოხდა. ამ პროცესებს ჰქონდა იდეოლოგიური საფუძვლები, როგორც აღნიშული პერიოდის სხვა ყველა რეფორმას. ამ იდეოლოგიას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ სახელმწიფო არის სუსტი, ის ვერ აკეთებს გონივრულ ინვესტირებას, მის მიერ შემოთავაზებული სერვისი ვერ იქნება ეფექტური და შესაბამისად უნდა ჩაერთოს კერძო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურობას. ანუ ეფექტურობის არგუმენტი იყო განმსაზღვრელი არგუმენტი, როგორც სხვა სფეროებში (შრომის ბაზრის ორგანიზება, ბუნებრივი რესურსების მართვა, უმაღლესი განათლება), ისე ჯანდაცვის მიმართულებითაც. იმ დროინდელი მმართველი პარტიისთვის ეს იყო ამოსავალი წერტილი, როდესაც საჯარო პოლიტიკის წარმოებაზე მიდგებოდა საქმე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ იდეოლოგიურ წახნაგებში კორუფციის არგუმენტი თან სდევს პრივატიზაციის გატარების აუცილებლობის არგუმენტს. ანტიკორუფციული დისკურსი, როგორც წესი, არის ამ მასშტაბური პრივატიზების იდეოლოგიური ხაზის ავანგარდში. ანტიკორუფციული დისკურსი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია ბუნებით არის მიდრეკილი კორუფციისკენ. სწორედ ამიტომაც მმართველობაში უნდა შევიდეს კერძო. იგივე პროცესები ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ანტიკორუფციული დისკურსი, ისევე როგორც საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. შესაბამისად, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისე საქართველოშიც ანტიკორუფციული დისკურსი გახდა ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარების ახალი სამეტყველო ენა.
დღეს, როგორც წესი, საჯარო სივრცეში ამ პროცესებზე გვესაუბრება ჯანდაცვის მენეჯმენტის მაღალი რგოლი ან გვესაუბრება ფინანსური სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლისთვის ჯანდაცვის სექტორის 40%-ის მფლობელი გახდა და სადაზღვეო კომპანიებით თუ ჰოსპიტალების ქსელების ფლობით ერთ-ერთ მთავარ აქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ფინანსური სექტორი და მათი წარმომადგენლები, თუ იგივე მენეჯერიალური კლასი, საკმაოდ აქტიურები არიან რაღაც ტიპის ნარატივის შექმნაში - როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს დაზღვევა, როგორია ეფექტიანი ჯანდაცვის სერვისი და ა.შ. ჯანდაცვის სექტორში წარმოდგენილი მაღალი მენეჯერიალური კლასი დღეს ამ სექტორის დომინანტ კლასს წარმოადგენს და ისინი არ ერიდებიან ისეთი პოზიციების გამოთქმას, რომელიც სახელმწიფოს მუდმივად კედელთან აყენებს, ხოლო მათ პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს. სწორედ ამიტომ, პრივატიზებაზე საუბრისას საინტერესოა ამ მოვლენების დანახვა თავად ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა პერსპექტივიდან. ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზებაზე როდესაც ვსაუბრობთ, საკითხი ეხება არა მხოლოდ საავადმყოფოების, არამედ არსებული ინფრასტრუქტურის და რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსების გადასვლას კერძო მფლობელობაში. დღეს სრულიად მიჩქმალულია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული, ე.წ. საშუალო და დაბალი რგოლის მუშაკების - ექიმების, ექთნების, მედდების - პოზიციიდან დანახული პროცესი, თუ როგორ ხედავდნენ ისინი პრივატიზაციას და როგორია მათი დამოკიდებულება. დღეს არ არსებობს კვლევა ან საჯარო ნარატივი იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ამ საშუალო რგოლს მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ზოგადი დაკვირვებითაც ადვილია აღმოვაჩინოთ, რომ მათი დამოკიდებულება არის კრიტიკული; უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში არ ასახულა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ზრდაზე და არ მოუტანია ეფექტურობა. ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. მაშინ, როდესაც საქართველოს რეგიონებში განსაკუთრებით ჭარბობს კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკები, ეს ფაქტი მაინც ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ეფექტური ჯანდაცვის სერვისის არსებობას რეგიონალურ დონეზე. შესაბამისად, კერძო აუცილებად ხარისხიანს, ეფექტურს და ხელმისაწვდომს არ ნიშნავს. ამაზე ვინ უნდა მოგვიყვეს ჩვენ, თუ არა ამ ხალხმა? ამიტომ, როდესაც ჩვენ გვინდა გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ჯანდაცვის სექტორზე და მისი ჩამოყალიბების ისტორიაზე, მნიშვნელოვანია ექიმების, მედდების, ექთნების მოსმენა და მათი გამოცდილების გათვალისწინება. ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სფეროს მასშტაბურმა პრივატიზებამ ვერ უზრუნველყო ამ საშუალო რგოლის წარმომადგენლების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ მათი ანაზღაურება არის მიზერული, ხოლო შრომითი კონტრაქტები უკიდურესად პრეკარიალური.
ზოგადად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაურეგულირებელი სექტორი. არა მხოლოდ ხელფასის რეგულირება არ შეუძლია მთავრობას ჯანდაცვის სექტორის დონეზე ან თუნდაც სექტორულად მინიმალური ხელფასის დაწესება, არამედ სხვა ტიპის რეგულაციური მექანიზმებიც კერძო საკუთრებაში ჭარბ ჩარევად და ინტერვენციად აღიქმება. ბოლო წლებში იყო მცდელობები ჯანდაცვის მომსახურებაზე გარკვეული ტარიფების დაწესების, თუმცა აქაც უზარმაზარი წინააღმდეგობა გაჩნდა იგივე დომინანტური კლასის წარმომადგენლებისგან და ეს პროცესიც გაჩერდა. შესაბამისად, 2006 წელს დაწყებული ჯანდაცვის მარკეტიზაცია, რომელმაც ჯანდაცვის სერვისის გასაქონლება განაპირობა, დღემდე არ გადახედილა. ეს გეზი არის ბაზარზე ორიენტირებული გეზი, სადაც ჯანდაცვის სერვისების დახვეწის თუ ხარისხის ზრდის ერთადერთ უალტერნატივო გზად დღემდე კერძო, მაღალკონკურენტუნარიანი და მაღალღირებულებიანი ჯანდაცვის სერვისების შექმნა მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ უნივერსალური დაზღვევის სისტემის შემოღება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიღებულა. უნივერსალური დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი იყო თუნდაც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, რადგან ჯანდაცვის ხარჯი ისეთი ხარჯია, რომელმაც შეიძლება სოციალური მობილობა ძალიან არამდგრადი და მერყევი გახადოს - ჯანდაცვის მიმართულებით წარმოქმნილმა კატასტროფულმა ხარჯმა, შეიძლება საშუალო კლასიდან უცებ გააღარიბოს ადამიანი და დატოვოს სიღარიბეში. უნივერსალურ დაზღვევამდე, საქართველოში წლების განმავლობაში ძალიან მაღალი იყო ჯანდაცვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები. ადამიანებს თავად უწევდათ ამ უზარმაზარი ხარჯების დაფარვა, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ გქონდა, მაშინ განწირული იყავი სიკვდილისთვის. შესაბამისად, 2013 წლისთვის სახელმწიფომ გადაწყვიტა რაღაც ზომები მიეღო. თუმცა ამ ზომების მიღება მოხდა თითქმის მთლიანად პრივატიზებული ჯანდაცვის სექტორის ფონზე, როდესაც არა მხოლოდ ჰოსპიტალური დაწესებულებები, არამედ მთელი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა კერძო მესაკუთრეების ხელში იყო გადასული. ამ კონტექსტის მეორე ასპექტი კი სრულიად დაურეგულირებელი ჯანდაცვის სფერო იყო. ეს გარემოებები მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ ფონზე შეუძლებელი გახდა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი ე.წ. საბაზრო ჩავარდნებთან გამკლავება - ამაზე პასუხისმგებლობას კერძო სექტორი არ იღებდა მისი მოგების ლოგიკიდან გამომდინარე, ხოლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უკიდურესად შემცირებული იყო. მაგალითად ასეთ საბაზრო ჩავარდნას წარმოადგენს კვლევების ნაკლებობა ჯანდაცვის მიმართულებით, ფსიქიატრიული საავადმყოფოები (რადგან მათ დიდი მოგება არ მოაქვთ), ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და სხვა დარგები, რომელსაც კერძო სექტორი თავისი ინიციატივით არ განავითარებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ამაზე პასუხისმგებლობის აღება, კერძოს დომინირების პირობებში, შეუძლებელი ხდება. პანდემიის დრო ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გაჩენილმა ინციდენტმა სწორედ ეს დაგვანახა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, იმისიც კი, რომ შენობის გარემონტება შეძლოს, რადგან ამ ბერკეტების გაჩენა ჩაითვლება კერძო საკუთრების ხელყოფად.
კორონავირუსმა ხელი შეუწყო კერძოსა და სახელმწიფოს შორის არსებული კონფლიქტის გასაჯაროებას. მნიშნველოვანია, რომ ამ კონფლიქტების გასაჯაროება არ მოგვერიდოს, რადგან ამ კონფლიქტში, როგორც წესი, ხალხი დგას ერთ მხარეს, ხოლო დიდი კაპიტალი დგას მეორე მხარეს. კონფლიქტების ამ გამსაჯაროებლებს ხალხის მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ, ისევე როგორც ამ შემთხვევაში თენგიზ ცერცვაძეს ჰქონდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო გვერდზე გადგა დასაქმების პოლიტიკიდან, გვერდზე გადგა სიღარიბის შემცირების პოლიტიკიდან, ასევე გვერდზე იდგა ჯანდაცვის პოლიტიკიდან და ა.შ. შესაბამისად, ყველაფერი ამ 30 წლის განმავლობაში იყო ინდივიდუალიზებული. პანდემიის პირობებში კი განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საზოგადოება ურთიერთგადაჯაჭვულ ერთობას წარმოადგენს; საზოგადოება, როგორც მთლიანობა არსებობს და ერთის გადაწყვეტილება სხვაზე გავლენას ახდენს. ამ ერთობის ყველაზე რადიკალური გამოვლენა სწორედ კორონავირუსის დროს მოხდა, როდესაც სხვებზე ისიც კი მოახდენდა გავლენას შენ გარეთ გახვიდოდი თუ არა. სწორედ ამ პირობებში შეიძლება დავინახოთ ერთის მხრივ სოლიდური წარმოსახვითი ერთობის გაჩენა, როგორც ერთი სახელმწიფოს ქვეშ მცხოვრები საზოგადოების, ხოლო მეორეს მხრივ გარკვეული მოლოდინის გაჩენა სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ქართველი საზოგადოება ბოლო 30 წლის განმავლობაში საერთოდ გადაჩვეული იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშნველოვანია, რომ პოსტ-პანდემიურ მოცემულობაშიც ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ და ეს მოლოდინები კიდევ უფრო გავზარდოთ, რათა საბოლოოდ შეიქმნას სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების პატერნა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოსტ-პანდემიურ მოცემულობაში უფრო მკაფიო გახდეს თუ რა როლი აქვს ასეთ წესრიგში კერძოს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საზოგადოების წევრებს. ამ მოცემულობაში სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მისაღები - ის, თუ ვის მხარეს დადგება; რეალურად გაიაზრებს თუ არა იმ ინტერესთა კონფლიქტს, რაც აქამდე ყოფილა ჯანდაცვის სფეროში კერძოსა და საჯაროს შორის; შეძლებს თუ არა გააძლიეროს ის საშუალო რგოლი, რომლებმაც ასეთი გადამწყვეტი როლი ითამაშეს პანდემიასთან ბრძოლაში და სამომავლოდ უფრო გაააქტიუროს მათი როლი ჯანდაცვის სექტორის გაჯანსაღებაში.
ინსტრუქცია