[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

იპოდრომის საქმეზე სამართლებრივი დავა გრძელდება 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დროებითი განჩინების გზით იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ.

სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 2021 წლის ზაფხულში, მერიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხად გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს „ქართუ“ და რომ უწყება პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თავისი უფლებამოსილების კერძო განმახორციელებლისთვის გადაცემა და საკუთარი პასუხისმგებლობის უარყოფა, კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო მმართველობის ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს უნდა გამხდარიყო სოციალური სამართლიანობის ცენტრის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და სამუშაოების შეჩერების საფუძველი.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერია სამუშაოებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს და რომ სამუშაოების გაჩერების საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ იხელმძღვანელა მერიის მიერ სხდომაზე შეცვლილი პოზიციით, რომლის თანახმადაც, 2021 წლის შემდგომიდან სწორედ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ საკუთარ უფლებამოსილებას - სკვერის მშენებლობას, რასაც სამშენებლო ნებართვა არ სჭირდება.

მერიის უწყებების წინააღმდეგობრივი პოზიციები მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებზე მიუთითებს. საზოგადოების პროტესტის პასუხად, უნებართვო სამუშაოების დაწყების შემდგომ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ამ პერიოდამდე წარმოებული სამუშაოების უნებართვოდ მიმდინარეობის მყარ ვარაუდს ადასტურებს, ხოლო მერიის შეცვლილი განცხადებები, მხოლოდ პროტესტის შეკავებასა და სასამართლოს წინაშე მათი პოზიციების სამართლებრივი დასაბუთების შექმნას ემსახურება.

რადგანაც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა იპოდრომის პროექტი, საზოგადოება იპოდრომის პროექტის შესახებ ინფორმაციას მერიის მიერ წარმოდგენილი ფოტო რენდერების მეშვეობით იღებს, საიდანაც მკაფიოდ იკვეთება, დაუტვირთავი გარემოს დეკორატიული ნაგებობებით მაქსიმალური ათვისების გეგმა, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეკრეაციო და კულტურულ სივრცეს. ამ გეგმის განხორციელება, ორი წელია, საზოგადოების მონაწილეობის, დაინტერესებული პროფესიული წრეების ჩართულობისა და სრულყოფილი პროექტის არარსებობის პირობებში მიმდინარეობს, საზოგადოებრივი პროტესტის სრული იგნორირების ფონზე.

იპოდრომის საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ურბანული სივრცის დემოკრატიულ და გამჭირვალე მართვას უკავშირდება. საჯარო და მწვანე სივრცეები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად, მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმართებოდეს. იპოდრომის გარდაქმნის პროცესი შეიძლებოდა ამის პრეცედენტი გამხდარიყო, თუ მერია პროცესში იმ ადამიანების ჩართულობას უზრუნველყოფდა, ვინც წლების მანძილზე ამ სივრცეს იყენებდა, მასზე ზრუნავდა მის კულტურულ ქსოვილს ქმნიდა. სამწუხაროა, რომ ამის მაგივრად იპოდრომის საქმე მერიის მხრიდან წლების მანძილზე დამკვიდრებული გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული მუნიციპალური პოლიტიკის მაგალითი ხდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტისთვის სამართლებრივ დავას აგრძელებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“