[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილმა სამართალდარღვევების რიცხვმა იმატა

religion-iehova_zugdidi

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ბოლო პერიოდში იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების ზრდის ტენდენციას ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და ზოგადად, საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გაატაროს დროული და ეფექტური სამართლებრივი და ინფორმაციული პოლიტიკა.

ბოლო პერიოდში, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის მძიმე შემთხვევების თაობაზე. კერძოდ,

2013 წლის 15 ნოემბერს, გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობმა პირმა სამეფო დარბაზს ცეცხსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი. იმ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივმა იეჰოვას მოწმეებმა მიმართეს პოლიციას და გამოძიების დაწყება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვეს.[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) საფუძველზე მიმდინარეობს.[2]

2013 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს, სადაც იეჰოვას მოწმეები რელიგიურ ლიტერატურას ავრცელებდნენ, მათ სტუდენტების დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულის განცხადებით,  თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათ საცემად განზრახ მივიდნენ: ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ აქ დადგეთ და გაავრცელოთ ლიტერატურა, კანონს არღვევთო. [...] აშკარად ჩხუბი უნდოდათ, ამ მოტივით იყვნენ მოსულები. [...] ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. ერთს ტუჩი აქვს გახეთქილი, ტანსაცმელი შემოახიეს. მეც თავში ჩამარტყეს. 30 კაცი რომ დაგესევა, დაზიანებას მიიღებ თავისთავად.“ [3] აღნიშნულ საქმეზე, ამ დროისათვის, მიმდინარეობს გამოძიება.

მედიაში გახმაურებული ფაქტების გარდა, EMC-ის მიერ იეჰოვას მოწმეებისგან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მათი თემის წევრების მიმართ მიმდინარე წელს გამოვლინდა ძალადობის არაერთი ფაქტი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილი ძალადობის ინდივიდუალური ფაქტები გამოიხატება ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დარღევაში, კერძოდ, ცემაში, იძულებაში (ხელიდან რელიგიური მნიშვნელობის ლიტერატურის გამოგლეჯა და დახევა, ნებადართული მოქმედების შესრულების აკრძალვა და სხვა), ასევე ხშირია მუქარები და ძალადობა უშალოდ რელიგიური წესის აღსრულების დროს. მათ შორის, სამეფო დარბაზზე თავდასხმები, შენობის დარბევები, ქონების დაზიანება და სხვა

როგორც ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აჩვენებს, ძალადობას ძირითადად ფიზიკური პირები, ასევე ქრისტიანი სასულიერო პირები ახორციელებენ. პოლიციის თანამშრომლები კი რიგ შემთხვევებში ავლენენ შემწყნარებლობას ძალადობის მიმართ ან თავადაც ხდებიან მუქარის თანამონაწილეები. სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება შემოიფარგლება გამოძიების დაწყებით, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ წყდება. ხშირია გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევები, ასეთ დროს პოლიცია მხოლოდ სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლება ქმედების ჩამდენის მიმართ, ან უკეთეს შემთხვევაში, ქმედებას ადმინისტრაციულ გადაცდომად აფასებს.

იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტების ხასიათის საჩვენებლად ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე შემთხვევის მიმოხილვა, რომელსაც მიმდინარე წელს ჰქონდა ადგილი:

  • ვანში, სოფელ ზეინდარში, 2013 წლის 10 მარტს, ქალბატონი ქ.მ.-ის მიერ რელიგიური მსახურების შესრულებისას, ადგილობრივმა მცხოვრებმა მამაკაცმა ა.ს-მ, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ქ.მ.-ისთვის ორჯერ წიხლის ჩარტყმაში. შესაბამისმა რაიონულმა სამმართველომ, ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც მალევე შეწყდა პროკურატურის მიერ.
  • 2013 წლის 16 აგვისტოს, დ. ქ. და გ. ჯ. რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ გლდანის 1-ლი მ/რ–ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც დ. ფ.-მ დაიწყო მათი და მათი რელიგიას გინება. დ. ქ-მ და გ. ჯ.-მ  მას სთხოვეს დამშვიდებულიყო და დააპირეს იქაურობას გაცლოდნენ. ამ დროს დ. ფ უფრო გაღიზიანდა, იქვე მდგარი საზამთროს გამყიდველისგან აიღო დანა და დ. ქ.-ს დანის ტარი ჩაარტყა ყურის ძირში. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • ა.ჩ. ნებაყოფლობით ასწავლიდა ბიბლიას ლანჩხუთში მცხოვრებ ერთ–ერთ ოჯახს. 2013 წლის 22 მარტს, ამ ოჯახში მისულ ა. ჩ.-ს ოჯახის თავმა ბატონმა ზ.-მა მას უთხრა, რომ წინა დღეს ის პურის საყიდლად შევიდა მაღაზიაში, სადაც მას ლანძღვა დაუწყეს და არ მისცეს პური, მიზეზად კი უთხრეს რომ ეს მის სახლში  იეჰოვას მოწმეების სტუმრობას უკავშირდებოდა.  გარდა ამისა, ამ ოჯახში იმავე დღეს მივიდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა რომ, ის მეზობლების აზრს ეთანხმებოდა და თუ მის ოჯახში კიდევ მივიდოდნენ იეჰოვას მოწმეები, მათ 100 ლარით დააჯარიმებდნენ.
  • 2013 წლის, 2 აპრილს, როდესაც ქალბატონები მ.მ. და მ. ხ. ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას, მათ ჩაუარეს ერთ სახლს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცებმა მათ ქვები სროლა დაუწყეს.
  • 2013 წლის 13 აგვისტოს ლ.მ და ნ. ს. რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ მუხიანის რაიონში, როდესაც მათ დაუძახა სასულიერო პირმა და სიტყვიერად შეურაცხყო მათი მრწამსი. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ლ. მ-მ და ნ. ს-მ გადაწყვიტეს იქაურობს გაცლოდნენ, მაგრამ სასულიერო პირმა ხელი ჩაარტყა ნ. ს.-ს, რომელსაც დაუზიანდა თვალი. ფიზიკური ზიანი მიადგა ლ. მ.-საც.

იეჰოვას მოწმეების თემისგან მიღებული ინფორმაციისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში წარმოდგენილი მასალის[4] ანალიზი ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების ფაქტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც მთლიანობაში ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებასა და პოლიტიკის არსებით გადასინჯვას მოითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებშიც, რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევეზე სახელმწიფოს რეაგირება არ იყო სათანადო და, როგორც წესი, გამოძიების პროცესი ჭიანურდებოდა ან დაუსაბუთებლად წყდებოდა.

რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ სამართლებრივ რეაგირებასა და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს, რაც დანაშაულის პრევენციის საფუძველია. ამგავრი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს „შემწყნარებლობა,“ რომელიც, როგორც წინა წლებში, ისე მიმდინარე წელსაც ვლინდება, სერიოზულად აფერხებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სათანადო დაცვასა და ტოლერანტული, მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას. ძალადობის სპორადული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვება საზოგადოებაში ზრდის ძალადობრივ მიდრეკილებებს და აჩენს დაუსჯელობის სინდომს, რაც უფრო მასშტაბურ ძალადობაში და კონფლიქტებში შეიძლება ტრანსფორმირდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს სათანადო საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, რომელიც საზოგადოებაში რელიგიური შემწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის დამკვიდრებას შეუწყობს ხელი. 

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] http://livepress.ge/ka/site/news/7413/

[2] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25624/

[3] http://www.netgazeti.ge/GE/105/law/24789/

[4]სახალხო დამცველის ანგარიში, 2012 წ., გვ. 523-524   http://ombudsman.ge/files/downloads/ge/iicsizmorgdfkahkdqvc.pdf

სახალხო დამცველის ანგარიში, 2011 წ., გვ. 104-108  http://ombudsman.ge/files/downloads/ge/dzympimgpvvrngdlhnno.pdf

სახალხო დამცველის ანგარიში, 2010 წ., გვ. 308-311  http://ombudsman.ge/files/downloads/ge/ktifezlljkytwmwbpggc.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“