[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

იძულებით გამოსახლების საკანონმდებლო ცვლილებები უსახლკარო პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება

12200678_10207965786926956_953459550_nპარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა იძულებით გამოსახლების საკანონმდებლო პაკეტის ახალი ვერსია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის მიმართ განსხვავებულად არეგულირებს გამოსახლების წესებს და სხვის უძრავ ქონებაში შეჭრილ პირებს კვლავ საპოლიციო გამოსახლებას უქვემდებარებს. EMC-იმ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველი ვარიანტი შეაფასა, როგორც ზედაპირული და არაეფექტური ცვლილება, რომელიც არ პასუხობდა უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ჯგუფების საჭიროებებს და რიგ შემთხვევაში ქმნიდა მათი უფლებრივი მდგომარეობის დამძიმების შესაძლებლობას.

კანონპროექტის ახალი რედაქცია, ცალსახად ამძიმებს იმ ჯგუფების მდგომარეობას, რომლებმაც უკანონოდ შეჭრის შედეგად დაიკავეს სხვისი საკუთრება. ასეთ ჯგუფებს ძირითადად სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი ოჯახები წარმოადგენენ, რომლებიც სახელმწიფოსგან მხარდაჭერის გარეშე, არასაცხოვრებელ ფართში, უკვე წლებია ურთულეს და უფლებაშემლახავ პირობებში ცხოვრობენ. წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი არა მხოლოდ უგულებელყოფს უსახლკარო ან საცხოვრისიდან გამოსახლების რისკის წინაშე მდგარი პირების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ვერ პასუხობს უსახლკარობასა და იძულებით გამოსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არამედ აუარესებს მათ მძიმე უფლებრივ და სოციალურ ყოფას, რამდენადაც მათ გამოსახლებას, დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს უკავშირებს. [1]ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.[2]  გამოსახლების ამ დრომდე არსებული ნორმატიული საფუძველი და პრაქტიკა არ ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლით რეგულირებად სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით კი გამოსახლების შესაძლებლობა სისხლისამარლებრივი მექანიზმების გამოყენებას პირდაპირ უკავშირდება, რითაც სახელმწიფო აცხადებს მის სადამსჯელო პოლიტიკას უსახლკარო პირების მიმართ.

EMC მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილება აგრძელებს სახელმწიფოს რეპრესიულ მიდგომებს, რაც სრულიად გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება უსახლკარო პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის სამართლიანი და ადეკვატური მექანიზმების შესაქმნელად. მიუხედავად უსახლკარობის პრობლემის მასშტაბისა, სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს და არ ადგენს უსახლკარო ჯგუფების ეფექტური სოციალური დაცვის მექანიზმებს, არ ქმნის უსახლკარობის პრევენციისა და უსახლკარო პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისებს, რაც დაეფუძნებოდა უსახლკარობის შეფასების, საჭიროებების გამოვლენის, სტატუსის მინიჭების სამართლიან პოლიტიკას. EMC-ის კვლევამ[3] აჩვენა, რომ უსახლკარობის მიზეზებს, გარდა ინდივიდუალური ფაქტორებისა, უმეტესად წამოადგენს სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. სახელმწიფოს მხრიდან არაღიარების პოლიტიკის შედეგად, უფლებადარღვეული და ადეკვატური სოციალური გარანტიების გარეშე დატოვებული პირები მიმართავენ უკანონო შეჭრას, როგორც თვითდახმარების უკანასკნელ და უკიდურეს ფორმას. უსახლკარობის მიზეზებისა და ამ ჯგუფების საჭიროებების შესწავლისა და რეაგირების ნაცვლად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით სახელმწიფო ცდილობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით დასაჯოს უსახლკარო პირთა შორის ყველაზე უფრო მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები.

2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით,[4] სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებ პირებს შეეზღუდათ საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობა, რაც უმეტესად მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წამოადგენდა; ამჯერად წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო დამნაშავეებად მიიჩნევს მათ, ესეც, მისი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უსახლკარობის, როგორც პრობლემის, არაღიარების ფონზე. აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია, რამდენადაც დაცვის ობიექტს წარმოადგენს  სახელმწიფოს ინტერესი მისი საკუთრების სახით, რომელსაც ენიჭება ბლანკეტური უპირატესობა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევის ხარჯზე. კანონპროექტის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველია ის გარემოებაც, რომ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის შექმნის შემთხვევაში, გამოსახლებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის საფრთხე შესაძლებელია დაემუქროთ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზეპირი დაპირებისა, თუ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ფორმით გაცხადებული  პოლიტიკის გამო, დაიკავეს კერძო და სახელმწიფო ობიექტები, რის შემდეგაც ახორციელებენ  ფაქტობრივ მფლობელობას უძრავ ნივთზე. ამგვარ ჯგუფებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე და ობიექტებში შესახლებული ეკომიგრანტები, დევნილები, სოციალურად მოწყვლადი ოჯახები და სხვა).

EMC მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აგრძელებს სახელმწიფოს მიერ  უსახლკარო პირთა მიმართ არსებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების იგნორირების პოლიტიკას, აცხადებს სახელმწიფო ინტერესის დომინირებას ინდივიდის უფლებებზე და იყენებს ღიად სადამსჯელო მექანიზმებს საზოგადოების უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. უსახლკარობის ადეკვატური სტრატეგიისა და საკანონმდებლო და სოციალური გარანტიების, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცედურების შექმნის ნაცვლად, სახელმწიფო ცდილობს პრობლემის გადაჭრას ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდებით, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს არაეფექტური პოლიტიკის შედეგად ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ პირებს.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი.

[2] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი.

[3]http://emc.org.ge/2014/08/15/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93/

[4] http://emc.org.ge/2015/07/24/emc-s-sakonstitucio-sarcheli/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“