საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC-ში გიორგი მაისურაძის გამართული ლექციის ჩაწერა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. წერილობით კი ძალიან რთულია თანმიმდევრულად შექმნა ის განწყობა, რომელიც ალბათ მხოლოდ აქცენტებით, მიმიკითა თუ საუბრის მანერით შეიძლება გადმოიცეს.
არ ვიცი, რამდენად შეძლებთ ამ აქცენტების პოვნას აქ, ისევე როგორც მე რამდნიმე თვის წინ, „წითელი ზონის“ მეშვეობით, ვიპოვნე ფილმი - O Pagador de Promessas (აღთქმა).
ანსელმო დუარტეს ეს ბრწყინვალე ნამუშევარი 1962 წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა. ფილმის მთავარი გმირი, ზე ფერმერია, რომელიც თავისი, სასიკვდილოდ დაჭრილი ვირის გადასარჩენად წმინდანს პირობას აღუთქვამს და ხის, მძიმე ჯვარს ორმოცი კილომეტრის მანძილზე ატარებს.
სიუჟეტი მაშინ იწყებს განვითარებას, როდესაც ზეს აღთქმულის შესრულებამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებს: ჯვარი ამბიონამდე უნდა მიიტანოს. ეკლესიის მსახური კი სასტიკად ეწინააღმდეგება მის ჩანაფიქრს, რადგან შეიტყობს, რომ პირობა წმინდანს არაქრისტიანულ რიტუალზე აღუთქვეს.
ზე არ ნებდება და სწორედ ამ მომენტიდან ჩნდება კითხვა-იმპულსი: რატომ?
რატომ არ შეუძლია ეკლესიაში შესვლა?
რატომ დგას რიტუალი ღმერთისა და ზეს დამოკიდებულებაზე მაღლა?
კათოლიკური ეკლესია ამ ადამიანში საფრთხეს ხედავს. საფრთხეს, რომელიც თავისი გულუბრყვილო ენთუზიაზმით, მტკიცე რწმენითა და უადგილო შეკითხვებით ეკლესიის ავტორიტეტს ლახავს.
გადაწყვეტილია. ეს პროვოკატორი, რომელმაც გაბედა და ქრისტეს ტკივილი იტვირთა, ეკლესიაში არ უნდა შევიდეს.
ზეს კი არ ესმის. მას გარიგება აქვს წმინდანთან, რომლის თანახმადაც სწორედ ამ ეკლესიაში უნდა მიიტანოს ჯვარი. სასიკვდილოდ დაჭრილი ცხოველის გამოჯანმრთელება კი მისთვის ყველაზე უტყუარი ნიშანია იმისა, რომ წმინდანმა თავისი პირობა შეასრულა. ახლა მისი ჯერია.
ცოლი მუდმივად ცდილობს დაარწმუნოს ზე, მიატოვოს ეს სულელური ახირება და სახლში დაბრუნდნენ. პრესა ფერმერს სკანდალურ რევოლუციონერად აცხადებს. მახლობელი ბარის პატრონი ცდილობს ამ მოვლენებით რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. ადამიანები კი, რომლებიც ხანგრძლივ სოციალურ ჩაგვრას განიცდიდნენ, ფიქრობენ, რომ ზე ერთ-ერთი მათგანია. მათ სჭირდებათ ზე, როგორც წმინდანი, ზეკაცი, მათგან და მათ გადასარჩენად მოსული, ამიტომ თავად ქმნიან თავიანთი თაყვანისცემის ობიექტს. განკურნებასა და შველას ითხოვენ მისგან.
მაგრამ ზე ასეთი არ არის. მან იცის, რომ ეს უბრალოდ კონტრაქტია. წმინდანი გეხმარება, შენ კი გარიგების შენი ნაწილი უნდა შეასრულო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოცრებით გაცოცხლებული მეგობარი ვირი მოკვდება.
და შენ ბრაზდები, გაცოფებს იმის დანახვა, როგორ არ ესმით ფილმის გმირებს ამ ადამიანის, როგორი უმწეოა მისი ყველა მცდელობა, მათ რამე აუხსნას, შენ კი, შენ ზუსტად გესმის, რომ ზე უბრალო ადამიანია, იმ სოფლიდან მოსული, სადაც ჯერაც უხვადაა შენარჩუნებული პაგანიზმის ელემენტები, მისთვის არსებობს ღმერთი, სიკეთე და ნათელი, მან ზუსტად იცის, რომ მის მეგობარ ვირსაც აქვს სული, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ილოცებს, ეკლესიაში, თუ წარმართულ რიტუალზე, რომელიც მისი ყოფა-ცხოვრების ნაწილია, მისი წმინდანები ყველგან არიან, მის წმინდანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სასწაულის მოხდენა. ზეს არწმუნებენ, რომ ის თავის წმინდანებს შეურაცხყოფს, რომ ის ღვთის სახლს პატივს არ სცემს. ის კი დარწმუნებულია, რომ არავის შეუძლია აუკრძალოს მორწმუნეს ეკლესიაში შესვლა, რადგან ეკლესია ღვთის სახლია და იგი თანაბრად ეკუთვნის ყველას, ვინც ღმერთის საჭიროებას განიცდის.
ზე მართალია.
იმ სოციალურ წრეში, რომელიც დღეს გარს გვაკრავს, ნათლად ჩანს, როგორ ტრანსფორმირდა რელიგიის ეთიკა და როგორ დავკარგეთ იმ კითხვების დასმის აუცილებლობის შეგრძნება, რომლებიც ფანატიკური დამოკიდებულებისაგან ერთი ნაბიჯით გვაშორებს:
იმპულსი - რატომ?
რა და რატომ გვეკრძალება?
- კითხვები, რომლებიც განუწყვეტლივ უნდა დასვას ინდივიდმა და საზოგადოებამ იმისთვის, რომ რაციონალურობის ფარგლებს არ გასცდეს; იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ბრმა რწმენით „აბსოლუტური ჭეშმარიტების“ მოჩვენებით უფსკრულში არ გადაიჩეხოს.
პრობლემა კი ყოველთვის იმაშია, რომ ადამიანები ნარკოტიკივით ხდებიან დამოკიდებული იმ, ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმებზე, რომლებიც ყველაფერზე მზა პასუხს გვთავაზობენ. ასე გადაიქცევიან პატრიოტული ლოზუნგები, რელიგიები და პოლიტიკური იდეოლოგიები იმ ტოტალიტარულ ელემენტებად, რომელთა ირგვლივაც ბრმად მორწმუნეთა მასა სახიფათოდ აკუმულირდება.
ამ დროს კი პატრიოტიზმი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისთვის საკუთარი კრიმინალური საქმიანობის შესანიღბად ძალიან მოხერხებულ საშუალებად იქცა. ტოტალიტარული რეჟიმები წარმატებით არწმუნებენ ადამიანებს, რომ მათ უფლებები არ გააჩნიათ. სიკეთის გამოვლენა დაემსგავსა ხელშეკრულებას, ერთგვარ კონტრაქტს ღმერთთან, რომელიც დაცლილია მორალური ფასეულობისაგან, როგორც ის რიტუალი, რომელსაც ფულადი ღირებულება აქვს. რელიგია კი მშვენიერი ხერხია, უფლის სახელით დააგროვო სიმდიდრე და პოლიტიკური გავლენა, რომელიც სინამდვილეში არავის ღმერთს არ სჭირდება.
ფილმის ერთ-ერთი უკანასკნელი კადრი: ჯვარცმული ზე, როგორც იდეოლოგიური ომის დასასრული, რომელშიც ყოველთვის ის არ მარცხდება, ვინც შეიძლება ფიზიკურად განადგურდეს. კადრს მიღმა კი რჩება ვირი, რომელიც გვინდა გვჯეროდეს - გადარჩება.
ინსტრუქცია