[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ

ილია ზოსიმოვი 

ილია ზოსიმოვი არის პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - პრაქტიკანტი

ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ამ უფლების რეალიზაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შშმ პირებისთვის – საზოგადოებაში თანასწორობის მისაღწევად. სამწუხაროდ, მათ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ხშირად არ აქვთ. ბლოგში მოგიყვებით, თუ რა გამოცდილება მივიღე წლების განმავლობაში მე, როგორც შშმ პირმა, საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

სანამ უშუალოდ ჩემი გამოცდილების შესახებ ვუამბობ საზოგადოებას, მსურს, ხაზი გავუსვა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მნიშვნელობას. დოკუმენტი ავალდებულებს საქართველოს, უზრუნველყოს შშმ პირების უფლებების რეალიზება. კონვენციის მიხედვით, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება გულისხმობს შშმ პირის შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს, როგორ, სად ან ვისთან ერთად იცხოვრებს და უხსნის მას იმის ვალდებულებას, იცხოვროს თემისგან განცალკევებით, ინსტიტუციებში. ამ უფლების რეალიზაციისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სერვისების (მათ შორის, თემში ინტეგრირებული საცხოვრისის, ფინანსური მხარდაჭერის, სათემო სამედიცინო სერვისებისა თუ პერსონალური ასისტენტის) მისაწვდომობა.

მე, ამ ბლოგის ავტორი, ილია ზოსიმოვი, ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ პირი ვარ. როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, ვცხოვრობდი თბილისის ერთ-ერთი სათემო ორგანიზაციის საცხოვრისში და ვიყავი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მიუხედავად დროული სამედიცინო ჩარევისა, ჩემი მდგომარეობა გამწვავდა, რის გამოც მომიწია უნივერსიტეტში სწავლის შეჩერება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მომეცა იმედი, რომ კვლავ შევძლებდი აქტიურად ცხოვრებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ბედი პროფესიულ სასწავლებელში მეცადა, სადაც გავდიოდი ვებდეველოპერის კურსს.

სწავლის დაწყებიდან მოკლე ხანში მომიწია კოლეჯის მიტოვება, რადგან სათემო ორგანიზაციაში ჩემი ცხოვრების ვადა ამოიწურა. შინაგანაწესის მიხედვით, ეს ორგანიზაცია თითოეულ ბენეფიციარს უზრუნველყოფს ბინის ქირისთვის საჭირო თანხით მას შემდეგ, რაც მათ ამ დაწესებულებაში ცხოვრების ვადა ეწურებათ, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს ჩემი დამოუკიდებლად, ბინის ქირით ცხოვრების ვარიანტი, ჯანმრთელობის სავარაუდო გამწვავების შიშით. ორგანიზაციას ჩემთვის მხოლოდ ერთი ალტერნატივა, პანსიონატში ცხოვრება, ჰქონდა – სწავლის შეწყვეტიდან მოკლე ვადაში გადავმისამართდი კახეთში არსებულ ერთ-ერთ პანსიონატში.

პანსიონატში ჩემი ცხოვრება ძალიან ინერტული და ერთფეროვანი იყო, საჭმლის გაკეთება და ოთახის დალაგებაც კი ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, არ მქონდა საშუალება, განათლება მიმეღო ან დავსაქმებულიყავი. გარდა ამისა, მატერიალურად მიჭირდა და ჯანმრთელობისთვის საჭირო პრეპარატებს ჩემი სახსრებით ვყიდულობდი. ყოველივე ამის გამო, ძალიან ვწუხდი და ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ამისათვის, სოციალური მედიის საშუალებით დავუკავშირდი ორგანიზაცია „ხელი-ხელს“ წარმომადგენელს, გავუზიარე ყველა ჩემი წუხილი და სურვილი, რომ მეცხოვრა მათთან. მათ ჩემი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანეს და როდესაც ორგანიზაციის ერთ-ერთ სახლში ადგილი გათავისუფლდა, კახეთიდან თბილისში გადმოვედი.

„ხელი-ხელს“ არის ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებისთვის უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახლი ოჯახურ გარემოს ქმნიდეს, თითოეულ მათგანში ხუთ პირზე მეტი არ ცხოვრობს. საცხოვრისის პრაქტიკა ითვალისწინებს ყველა მცხოვრების სურვილს, ინტერესს; დაცულია მათი უფლებები როგორც პერსონალის, ისე სერვისის ბენეფიციარების მხრიდან; ხდება მათი დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობა და თითოეული მათგანი ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იმ დღიდან, რაც საცხოვრისის ამ სერვისში გადამამისამართეს, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა – მომეცა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა საშუალება და რესურსი. ვცხოვრობ ისეთ პირობებში, სადაც მაქსიმალურად ვახდენ საზოგადოებაში ინტეგრირებას, სხვადასხვა დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევების რეალიზებას და ახალი უნარების შეძენას; გავხდი უფრო სოციალური და, რაც მთავარია, ძალიან მოკლე დროში მომეცა დასაქმების საშუალება. მუშაობა დავიწყე ისეთ სამსახურში, რომელიც დამეხმარა ჩემი უფლებების უკეთ გაცნობასა და გააზრებაში.

ამ ბლოგით მსურს, დავაფიქრო ადამიანები, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს შშმ პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფას – ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საცხოვრისისა და სხვა სათემო სერვისების მისაწვდომობა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობა საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის.

ამასთანავე, მსურს, თანადგომა გამოვუცხადო სხვა შშმ, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს მათ საჭიროებებზე არაორიენტირებულ, უპერსპექტივო, უიმედო პირობებში – სწორედ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავი მე. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა საჭიროებების დანახვა, გააზრება და გამოწვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, ამასთან, უმნიშვნელოვანესია შშმ პირების მიერ თავიანთი უფლებების მართებული და საფუძვლიანი ცოდნა. მწამს, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ თემის წევრების მობილიზაციასა და უფლებების რეალიზებისათვის აქტიურ ბრძოლაში მდგომარეობს.

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“