საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გორის რაიონულმა სასამართლომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გორის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმე სოციალურ საცხოვრისში შექმნილ უკიდურესად მძიმე და ღირსებისშემლახავ საცხოვრებელ პირობებს ეხება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი უსახლკარო ადამიანების ღირსეულ ალტერნატიულ საცხოვრებელში დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
4 ივნისს, სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა გამართა და მხარეთა პირველადი პოზიციები მოისმინა. სამწუხაროდ, ამ სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. მერიის დამოკიდებულების საილუსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ წარმოუდგენია წერილობითი შესაგებელი ან ზეპირი არგუმენტაცია, რომლითაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელს უპასუხებდა და განმარტავდა იმას, თუ რატომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. უფრო მეტიც, ზეპირი კომუნიკაციისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების განსახლების თაობაზე, მუნიციპალიტეტი არ/ვერ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებას.
ზემოთ აღწერილი გარემოება კიდევ ერთხელ აჩვენებს სამართლის უზენაესობის კრიზისს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი - საჯარო მოხელისა და, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სასამართლო გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და განხილვის პროცესის საწყის ფაზაშივე უთითებს მის აღუსრულებლობაზე. მეორე მხრივ, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა სახელმწიფოს, მათ შორის, მუნიციპალური ხელისუფლების, წლობით ფესვგამდგარი მცდარი დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, სოციალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა არა სახელმწიფოს ვალდებულება, არამედ კეთილი ნებაა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გორის სოციალურ საცხოვრისში, 100-ზე მეტი უსახლკარო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, უკიდურესად ღირსების შემლახველ პირობებში, წლების განმავლობაში ცხოვრობს. შენობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი უკანა კედელი ირღვევა და მაცხოვრებლები საცხოვრისის ნგრევის შიშის ქვეშ ცხოვრობენ. შენობის ავარიულობის გამო შიდა საცხოვრებელი სივრცეებიც დეფორმირებულია და კედლები ინგრევა.
გარდა ამისა,
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს მაცხოვრებლების საჭიროების გათვალისწინებისა და მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურ ნაბიჯებს არ დგამს. უკანასკნელ წლებში მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთი ღონისძიება განახორციელა - სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო და საცხოვრისის ეზოში აბანოს მშენებლობის სამუშაოებზე შპს “ბილდკინგსთან” 438 414 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარ ვალდებულებას რამდენიმე საერთო სველი წერტილის გარემონტებითა და ეზოში, შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის მიუწვდომელი აბანოს მშენებლობით შემოფარგლავს, რაც სრულიად დაშორებულია სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსსა და უხეშად არღვევს მას.
არსებული გამოწვევების ფონზე, სათანადო საცხოვრებლის უფლების აღიარებისა და დაცვის თვალსაზრისით სასამართლოს როლი უმნიშვნელოვანესია. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ უფლების უგულებელყოფის პირობებში, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, იმსჯელოს სათანადო საცხოვრისის უფლების შინაარსზე და გააკეთოს მნიშვნელოვანი განმარტებები ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ. განვმარტავთ, რომ ღირსეული საცხოვრისის უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის სავალდებულოა. საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი, რაც, მათ შორის, სათანადო საცხოვრისის უზრუნველყოფასაც მოითხოვს. სოციალური უფლებების დაცვაში სასამართლო შტოს როლის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, გორის რაიონული სასამართლო შეძლებს პროგრესული გადაწყვეტილების მიღებას და დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს, მინიმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას უსახლკარო ადამიანებს.
18 ივნისს სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს. საცხოვრისის ბენეფიციარების საქმეებს იგი ინდივიდუალურად განიხილავს, თუმცა მის მიერ პირველივე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სხვა საქმეებზეც. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სასამართლო პროცესის წარმართვისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ინსტრუქცია