საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რაჰულ რაო
თარგმანი: გიორგი ჩუბინიძე
ბოლო დროს, გლობალური კაპიტალიზმის ტაძრები უფრო და უფრო ხმამაღლა აჟღერებენ ჰომოფობიასთან თავიანთ წინააღმდეგობას. 2014 წლის თებერვალში, მალევე მას მერე, რაც უგანდის პრეზიდენტმა მუსევენიმ მხარი დაუჭირა დრაკონულ ანტიჰომოსექსუალობის აქტს, მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ცნობა უგანდისთვის 90 მილიონი დოლარის სესხის გაცემის გადადების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ კანონი უარყოფით გავლენას მოახდენდა ჯანდაცვის იმ პროგრამებზე, რომელთა მხარდაჭერაც ამ სესხით იყო განზრახული.[i] ბანკის პრეზიდენტმა, ჯიმ კიმმა, გადაწყვეტილება გაამართლა იმ არგუმენტით, რომ “როცა საზოგადოებები იღებენ კანონებს, რომლებიც შრომისუნარიან ადამიანებს ხელს უშლის, იყვნენ სამუშაო ძალის ნაწილი, ეკონომიკა ზარალდება.”[ii] იმავე თვეში, ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, 2012 წელს, ინდოეთის ეკონომიკას ლგბტ ადამიანების გამორიცხვა მშპ-ს 0.1-დან 1.7 პროცენტამდე დაუჯდა.[iii] ბანკმაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) თავიანთი წვლილი შეიტანეს ვირუსულ ვიდეო კამპანიაშია It Gets Better, რომელიც ახალგაზრდა ქვიარ ადამიანების თვითმკვლელობისგან გადარწმუნებას ემსახურებოდა. მას თან ახლდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სადაც ლგბტ თანამაშრომლები საუბრობენ მათ ქვიარ ბავშვობაზე, პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე ქვიარ იდენტობით.[iv] 2015 წლის აგვისტოში, ჟურნალმა The Economist წამოიწყო კამპანია “Pride and Prejudice”, რომელსაც ის აღწერს როგორც “საყოველთაო გლობალური ინიციატივა, რომელიც ემსახურება ბიზნესსა და ეკონომიკაში ლგბტ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას.” ინიციატივა კულმინაციას მიაღწევს 2016 წლის მარტში, ლონდონში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს მსოფლიო ბიზნესის, პოლიტიკისა და საზოგადოების 200 ლიდერს, რათა დაძრას მსჯელობა „ლგბტ თემის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ეკონომიკურ და ადამიანურ ფასზე”.[v]
ამ სტატიაში, ვიკვლევ თუ რატომ დაიკავეს აქტივისტური პოზიციები გლობალური კაპიტალიზმის წამყვანმა ინსტიტუტებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ და რატომ აკეთებენ ამას ახლა. მინდა, გავიგო ის პირობები, რომლითაც ქვიარის ფიგურა განვითარების ინდუსტრიის მიერ ზრუნვის ობიექტად იქცა. ნაცვლად იმისა, რომ თავი მოვაჩვენო თითქოს “დაბალანსებულ” შეფასებას ვცდილობდე იმისა, რასაც ლგბტ უფლებების მხარდამჭერ “ბიზნეს ქეისს” უწოდებენ, მე მსურს, მოვიაზრო ის თუ როგორ შეიძლება რადიკალურმა ქვიარ ანტიკაპიტალისტურმა პოლიტიკამ უპასუხოს ამ ამომავალ დისკურსს. ზემოთ ნახსენები ინიციატივებისთვის საერთოა ჰომოფობიის როგორც კულტურული განწყობის მარტივი გაგება, რომლის დესტიმულირება ეკონომიკური სტაფილოებისა (ზრდის დაპირება) და ჯოხების (კაპიტალი გადინება) გამოყენებით შეიძლება. დავუბრუნდები აღიარებისა და გადანაწილების პოლიტიკების გარშემო წარმართულ დებატებს, სადაც ვამტკიცებ, რომ ჰომოფობიის “უბრალოდ კულტურულად” დანახვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს (სფი) საშუალებას აძლევს, ბუნდოვანი გახადონ მატერიალური პირობები, რომლებიც ქმნის ჰომოფობიურ მორალურ პანიკებს და მათივე მონაწილეობა ამ პირობების თანა-წარმოებაში. პოზიციონირებენ რა იმ პრობლემისგან გარეგანად, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობენ, სფი-ებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი თავები პროგრესულ ძალებად დასახონ უფრო დიდ მორალურ ბრძოლაში, ზუსტად იმ ისტორიულ მომენტში, როცა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და კაპიტალისტური კრიზისი საფრთხეს უქმნის მათ ისედაც ცუდ სახელს. ერთი სიტყვით, ჰომოფობიასთან დაკავშირებით სფი-ების ინიციატივათა კრიტიკული ანალიზის მეშვეობით შევეცდები, მოვხაზო ის ამომავალი კონტურები, რასაც მე “გლობალურ ჰომოკაპიტალიზმს” ვუწოდებ.
ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.
[i]Anna Yukhananov, ‘World Bank postpones Uganda loan over anti-gay law’, Reuters, 27 February 2014, http://www.reuters.com/article/2014/02/27/ us-uganda-worldbank-idUSBREA1Q2C320140227
[ii] Jim Yong Kim, ‘The High Costs of Institutional Discrimination’, Washington Post, 27 February 2014, www.washingtonpost.com/opinions/jim-yong-kim-the-highcosts-of-institutional-discrimination/2014/02/27/8cd37 ad0–9fc5–11e3–b8d8–94577ff66b28_story.html.
[iii] M.V. Lee Badgett, ‘The Economic Cost of Homophobia and the Exclusion of LGBT People: A Case Study of India’, World Bank, Washington DC, February 2014.
[iv] IMF, It Gets Better, www.youtube.com/ watch?v=rwuR85gRjnk. World Bank, It Gets Better, www. youtube.com/watch?v=HZMdv24W-sk.
[v] www.economist.com/events-conferences/emea/ pride-and-prejudice.
ინსტრუქცია