საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: რადიო თავისუფლება
კონტექსტის მიმოხილვა
კოვიდ-19-ის პანდემია, ჯანმრთელობასთან ერთად, ნეგატიურ გავლენას ახდენს განსხვავებული სოციალური ჯგუფების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს აწესებს ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად. პირველად, საქართველოში, საყოველთაო კარანტინი 2020 წლის 31 მარტს გამოცხადდა. შეზღუდვების თანახმად, აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღია და დახურული ბაზრობები და ამოქმედდა კომენდანტის საათი[1]. ამავე წლის ზაფხულში, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, რის გამოც შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა. თუმცა, ინფიცირების შემცირებულმა მასშტაბებმა მხოლოდ შემოდგომამდე გასტანა; ამის შემდეგ, ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა 2020 წლის 28 ნოემბრიდან, რის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კვლავ სრულად აიკრძალა ღია და დახურული ბაზრობების ფუნქციონირება და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება[2]. ,,სახლში დარჩი’’ პოლიტიკამ, განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა მოახდინა არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა დარჩა. საგულისხმოა ისიც, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობას ქალები, საპენსიო ასაკის ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრები წარმოადგენენ (ქებურია 2017).
სახელმწიფო, გარემოვაჭრეების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინების ნაცვლად, რეპრესიულ პოლიტიკას მიმართავს; ვარდების რევოლუციის შემდეგ პერიოდში, ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ, უნებართვო გარევაჭრობა კანონგარეშედ გამოაცხადა. საჯარო ტერიტორიებიდან გარემოვაჭრეების განდევნა დაიწყო და აღნიშნული სივრცეები, სუპერმარკეტებმა და სავაჭრო ცენტრებმა დაიკავა. მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქართული ოცნება, საკონსტიტუციო უმრავლესობით მეორე ვადით აირჩა; 2017 წლიდან ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებისგან ქუჩების დაცლა და მათთვის კომერციული ფართების შეთავაზება დაიწყო, რისი სახსრებიც გარემოვაჭრეებს არ ჰქონდათ (ქარჩილაძე 2018). წლების გასვლის მიუხედავად, სახელმწიფოს გარემოვაჭრეობასთან დაკავშირებით ქმედითი პოლიტიკა არ შეუმუშავებია; მეტიც, პანდემიის დროს სახელმწიფომ დაწესებული საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და გორში გარემოვაჭრეების დახლები კომენდანტის საათის დროს დაშალა[3]. 28 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე დაწესებული ის შეზღუდვები, რომელიც ნებისმიერი ტიპის საცალო ვაჭრობას კრძალავდა, 2020 წლის 30 ნოემბერს რუსთავში დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა გააპროტესტეს; მათ შეზღუდვების მიუხედავად საკუთარი საქმიანობის განახლება სცადეს სახელმწიფომ კი პროტესტის გააანალიზების ნაცვლად გარემოვაჭრეებს დაშლისკენ მოუწოდა[4].
პანდემიამ არსებული ეკონომიკური კრიზისები კიდევ უფრო გაამწვავა. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების მექანიზმი გარემოვაჭრეებისთვის ბუნდოვანია მათი საქმიანობის არაფორმალური ბუნებიდან გამომდინარე და, ამასთან ერთად, დახმარების სახით გამოყოფილი თანხა არასაკმარისია მათი და მათი ოჯახის წევრების ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევითი სტატიით, ვცდილობთ გავაანალიზოთ გარემოვაჭრეობის სოციალური და ეკონომიკური განზომილებები უშუალოდ გარემოვაჭრე ქალების პერსპექტივიდან. სტატიისთვის გორსა და თბილისში დასაქმებულ გარემოვაჭრე ქალებთან ათი ინტერვიუ ჩავწერეთ. მათი უმეტესობა პენსიონერია და ოჯახში ძირითად შემომტანად ითვლება. კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგ ქვე-თავებად დავაჯგუფეთ: (1) გარემოვაჭრეების წინარე გამოცდილებები და ოჯახური მდგომარეობა, (2) გარემოვაჭრე ქალების მდგომარეობა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე.
სტატიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში
სტატია მომზადდა სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ლგბტი პირთა უფლებების გაძლიერება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივისტთა მხარდაჭერა.“
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და არ შეიძლება განიხილებოდეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და "სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის" (RFSU) შეხედულებების ამსახველად.
[1] საქართველოს მთავრობა. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა. მოპოვებულია 5 იანვარი, 2021. https://stopcov.ge/ka/Gegma.
[2] "საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება და პრევენციული ქმედებები - ქრონოლოგია." ფაქტ-მეტრი. 4 თებერვალი, 2021. მოპოვებულია 20 იანვარი, 2021. https://factcheck.ge/ka/story/38395-საქართველოში-კორონავირუსის-covid-19-გავრცელება-და-პრევენციული-ქმედებები-ქრონოლოგია?fbclid=IwAR1e0F68M73o_oLIOM5r-Lkxujo98th1lKNDiUhNEVoYSQI5oT5FRQPMnIc.
[3]რადიო თავისუფლება. "გორში გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს." 16 აპრილი, 2020. მოპოვებულია 22 იანვარი, 2021. https://www.radiotavisupleba.ge/a/30558800.html?fbclid=IwAR0liZLCPHPff0H0QwIMxIjx0cb4p7pNv0mCDcmEhubiTBVn6TrJDtR4AwA.
[4] EMC. "EMC: სახელმწიფომ უნდა აღიაროს რუსთავში გარემოვაჭრეთა პროტესტის მიზეზები და გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები." 1 დეკემბერი, 2020. მოპოვებულია 15 იანვარი, 2021. https://emc.org.ge/ka/products/emc-sakhelmtsifom-unda-aghiaros-rustavshi-garemovachreta-protestis-mizezebi-da-gaitvalistsinos-mati-motkhovnebi.
ინსტრუქცია