[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

2020 წლის 22 ივნისს პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა:

"მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეები, ყველაფერი გამოძიებულია. თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს ან მიბრძანდით სტრასბურგში".

აღვნიშნავთ, რომ მთავრობის მეთაურის განცხადება მკაფიო დადასტურებაა იმის, რომ შსს ბათუმის სამმართველოში მიმდინარე გამოძიება ფორმალურია და პოლიტიკურ გავლენებსაა დაქვემდებარებული. მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას და იწვევს საგამოძიებო ორგანოებისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

გამოძიების მიმართ უნდობლობას და ეჭვებს საქმის პოლიტიზირების შესახებ აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ გამოძიების დაწყებიდან 7 თვეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე, არათუ შესაძლო დამნაშავეების მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა, პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსსაც კი არ ანიჭებს დაღუპულის ოჯახის წევრებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა იკვეთებოდეს მაღალჩინოსნების და მმართველი პოლიტიკური გუნდის შესაძლო ჩართულობა, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებები კიდევ უფრო პრობლემურია. ბუნდოვანია, რა ტიპის ინფორმაციას ფლობს ღარიბაშვილი აღნიშნულ საქმეზე, ან რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოძიება დასრულებულია, მაშინ როცა დაღუპულის ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იციან ამის თაობაზე.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვნად მატების შედეგად დაიღუპა. ფუტკარაძის ოჯახი და თანაგუნდელები გარდაცვალების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის (თორნიკე რიჟვაძის) მამის, დავით რიჟვაძის, დავალებით ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ დავით რიჟვაძე ამჟამად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დაღუპული ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების სამართლებრივ დახმარებას და საზოგადოებას რეგულარულად გააცნობს საქმის მსვლელობის თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“