საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 თვის შემდეგაც, დაღუპულის ოჯახის წევრებს არ ენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახის წევრების გამოძიებაში მონაწილეობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და აძლიერებს მიმდინარე გამოძიების მიმართ უნდობლობასა და ეჭვებს მისი პოლიტიზირების შესახებ.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვნად მატების შედეგად დაიღუპა. ფუტკარაძის ოჯახი და თანაგუნდელები გარდაცვალების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის (თორნიკე რიჟვაძის) მამის, დავით რიჟვაძის, დავალებით ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ დავით რიჟვაძე ამჟამად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
დავით რიჟვაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის თაობაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა გასული წლის 24 ნოემბერს, რომელშიც ისმის, რომ ახლადარჩეულ ოპოზიციონერ წევრს, 100 000 დოლარის სანაცვლოდ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას და ნეიტრალური პოზიციების დაკავებას სთხოვენ. მანამდე გაკეთებულ აუდიოჩანაწერში ნუგზარ ფუტკარაძე ასევე ეუბნება მის გადასაბირებლად მიგზავნილ ადამიანებს, რომ აღარ უნდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, რადგან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და თავს შეუძლოდ გრძნობს.
2021 წლის 19 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ,
“ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე, განაცხადა, რომ მმართველი ძალა ბათუმის საკრებულოში სტაბილურ უმრავლესობას მოიპოვებდა. “ჩვენ ვითანამშრომლებთ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას წინ უძღოდა 5 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადება, რომ “ქართული ოცნება” ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობდა, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მიზნით. გიორგი კირთაძეს ბრიფინგზე კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუმცა ამბობდა, რომ მათი პარტიის ბევრ წევრთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელით იყვნენ მისული. ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირების და დაშანტაჟების პროცესზე საუბრობდა, საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმითაც, ოპოზიციონერ წევრებს სთავაზობენ დიდძალ თანხას და ემუქრებიან ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით და ამას ახლობელი-შუამავალი ადამიანების პირით აკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა, ამ დრომდე, არათუ დაიწყო შესაძლო დამნაშავეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსსაც კი არ ანიჭებს დაღუპულის ოჯახის წევრებს. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულის (ან მისი უფლებამონაცვლის) სტატუსი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარებს და სტატუსის ოფიციალურ მინიჭებას უკავშირდება საქმის მასალებზე წვდომა. მიმდინარე წლის 22 მარტს, დაღუპულის შვილის, მათე ფუტკარაძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადებითაც მიმართა საქმის ზედამხედველ პროკურორს და მოითხოვა მათე ფუტკარაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. სამწუხაროდ, საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ამ დრომდე არ მიიღო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
ნუგზარ ფუტკარაძის შემთხვევა არაა ერთადერთი, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატების მოსყიდვის მცდელობის, ან მათზე ზეწოლის ნიშნები. 2021 წლის ოქტომბერს, პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ მოულოდნელად დატოვა პარტია. ამავე დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი გვიანიძემ განაცხადა, რომ ირაკლი თავდგირიძემ მოსყიდვის შედეგად პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმის გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ შესაძლო ზეწოლას ადგილი ჰქონდა ზუგდიდისა და დმანისის ახლადარჩეული საკრებულოების წევრებზე, თუმცა არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ არის ეფექტიანად გამოძიებული.
აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს მინიმალური მზაობაც კი, რომ პოლიტიკური ძალაუფლება და პასუხისმგებლობა გაუნაწილოს ოპოზიციას. მეტიც, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და მონოპოლიზებისთვის, “ქართული ოცნება” არ ერიდება ვითარების კიდევ უფრო მეტად რადიკალიზებას, პოლიტიკურ პოლარიზაციას და სხვადასხვა იძულების მექანიზმის გამოყენებას.
ამის გათვალისწინებით, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროული გამოძიება და ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობით წარმართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მასში შესაძლოა იკვეთებოდეს მაღალჩინოსნების და მმართველი პოლიტიკური გუნდის შესაძლო ჩართულობა. ამ ფონზე, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა არათუ მინიმალურადაც კი ვერ პასუხობს დაზარალებულის უფლებების დაცვის და ზოგად პროცესუალურ სტანდარტებს, კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას გამოძიების მიმართ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს დაღუპული ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების სამართლებრივ დახმარებას და საზოგადოებას რეგულარულად გააცნობს საქმის მსვლელობის თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ინსტრუქცია