[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / განცხადება

განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 2391 მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოკლებულია დამაჯერებლობას.

სახელმწიფოს პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიული, სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. შესაბამისად, ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ემუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტრუმენტია. სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რისკები, რომელსაც არამარტო ნორმის გამოყენების კონტექსტი, არამედ მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა. ნორმის ტექსტი მტრული, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობისგან დაცვის ობიექტად არა უშუალოდ მოწყვლად ჯგუფებს განიხილავს, როგორც ამას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, არამედ ითვალისწინებს ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ბუნდოვან მოწესრიგებას, რაც ჩვენი შეფასებით ავლენს კანონპროექტის ავტორების ნამდვილ განზრახვას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრზე გაუმართლებელი შეზღუდვა დააწესოს.ნორმის შესაბამის ორგანოთა მხრიდან ბოროტად გამოყენებასა თუ მის არასწორ ინტერპრეტირებას გააჩნია რისკი შეზღუდოს მედიის წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთა და პოლიტიკურ ოპონენტთა გამოხატვის თავისუფლება, რაც ამთავითვე ნეგატიურად უნდა შეფასდეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მით უფრო, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მედია საშუალებების და სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციის სანქციას ითვალისწინებს, რაც არაპროპორციულად მაღალი სასჯელია.

ამასთავე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს ქმნის, სახელმწიფოს მცდელობა დააწესოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები ფართო დისკუსიისა და დაინტერესებულ პირთა მაღალი ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სათანადოდ გაიაზრონ დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და არ მიიღონ აღნიშნული ნორმა, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსობრივ ცვლილებებს განიცდის იგი. ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევთ, ნაცვლად ახალი რეგულაციის შემუშავებისა, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური პოლიტიკა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმების სათანადო აღსრულების მიზნით, კერძოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების განუხრელად დაცვის კუთხით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

იდენტობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი IDFI

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“