საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2013 წლის 1 აგვისტოს ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიას მიმართ მიმდინარე ერთ–ერთი სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, სამ დამოუკიდებელ ეპიზოდს უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გამამრთლებელი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოებაში პროკურატურის მუშაობის ეფექტურობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იქნა გადმოყვანილი.[1]
EMC-მ შეისწავლა ბ. ახალაიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე განმხილველი მოსამართლეების დანიშვნის გარემოებები და დაადგინა, რომ სამივე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული მოსამართლეები არიან ერთსა და იმავე დღეს არიან გადმოყვანილნი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა სასამართლოებიდან. ცხადია, ამგვარი დამთხვევა პროცესის მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშოს, რაც მოითხოვს დასაბუთებულ განმარტებებს სასამართლო ხელისუფლებისგან.
დასაწყისშივე, ხაზგასმით გვინდა დავაფიქსიროთ, რომ წარმოდგენილი განცხადება არ ეხება ბ. ახალაიას მიმართ მიმდინარე რომელიმე სისხლისსამართლებრივი საქმის ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებს. ჩვენ არ შევდივართ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზში, არ ვახდენთ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თუ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას, რაც მხოლოდ ზემდგომი სასამართლო ინსტანციის კომპეტენციაა. წარმოდგენილი განცხადებით ჩვენ გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები ბაჩანა ახალაიას საქმეებზე მოსამართლეთა გამწესებისა და ზოგადად სასამართლოში მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების წესის პრობლემურობის შესახებ.
საყურადღებოა ბ. ახალაიას მიმართ მიმდინარე სამივე საქმეზე საქმის განმხილველი მოსამართლეების თბილისის საქალაქო სასამართლოში გამწესებისა და მათთვის აღნიშნული საქმების განაწილების ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, ბ. ახალაიას ორ საქმეს (და მესამე საქმეს სავარაუდოდ) იხილავენ ის მოსამართლები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მხოლოდ 2013 წლის 6 თებერვალს იქნენ გადმოყვანილნი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორი მათგანი (გ.დარახველიძე და დ.მგელიაშვილი) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნენ 2013 წლის 19 მარტის სხდომაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი არ ყოფილა[7]. 6 თებრვლის სხდომაზე, საბჭოს მოტივაცია აღნიშნული მოსამართლეების გადმოყვანასთან დაკავშირებით ამნისტიის საქმეთა სიმრავლე იყო, თუმცა ამ კატეგორიის საქმეთა ძირითადი ნაწილის განხილვა „ამნისტიის შესახებ“ კანონით თებერვალში უნდა დასრულებულიყო. როგორც აღმოჩნდა, მივლინების დროებითი ხასიათის მიუხედავად, მოსამართლეთა უკან დაბრუნება დანიშვნის სასამართლოებში არ განხორციელებულა და მეტიც, ისინი მოგვიანებით დაინიშნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
რაც შეეხება, უშუალოდ ბ. ახალაიას საქმეების მოსამართლეებს შორის გადანაწილების საკითხს, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არ ქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და პროცესების გამჭვირვალობის საკმარის გარანტიებს.
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილება რეგულირდება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიხედვითაც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილება ხდება რიგითობის წერსით, რაც გულისხმობს საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. თუმცა, კანონში ვხვდებით განსხვავებულ წესსაც, რომლის მიხედვითაც „...სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების გამო ან სხვა მიზეზით საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით მისი მოადგილე ან/და შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე“. აღნიშნული ნორმა სასამართლოს თავმჯდომარეს აძლევს გაუმართლებლად ფართო უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს რომელ მოსამართლეს დაავალოს საქმის განხილვა. სასამართლოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებამოსილების გამოყენების პირობები „საქმეთა დაგროვება“, „სხვა მიზეზით საქმის განხილვის შეუძლებლობა“ და „მოსამართლეთა დატვირთვა“ კი არაგონივრულად ბუნდოვანი გარემობებია, რაც ცალსახად ქმნის თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს შიდა ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და პროცესების გამჭვირვალობა არასათანადოდ იყო უზრუნველყოფილი, საქმეთა გადანაწილების რეგულირება ამ დრომდეც არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. საქმეთა გადანაწილების ბუნდოვანი პრინციპები, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზეა მოსაწესრიგებელი, რაც დაუყოვნებლივ საკანონმდებლო რეგლამენტაციას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უცნობია რა წესით მოხდა საქმეთა გადანაწილება ბ. ახალაიას საქმეებში, განმხილველი მოსამართლეების დანიშნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების თანხვედრა და საქმეთა გადანაწილების წესის თაობაზე არსებული საკანონმდებლო რეგლამენტაცია აძლიერებს ეჭვებს პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
არსებულ ვითარებაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, EMC მიმართავს:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განმარტოს ის გარემოებები, რამაც განაპირობა მივლინებული მოსამართლეების თბილისში დანიშვნის საჭიროება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს გააკეთოს სათანადო განმარტებები და გაასაჯაროვოს შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილებები ბ. ახალაიას საქმეების გადანაწილების შესახებ;
და ამასთან, EMC მოუწოდებს პარლამენტს დროულად განახორციელოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების წესის შესახებ კანონში.
[1] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება:http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202013/14-2013%20001.jpg
[2] გადაწყვეტილება იხ. ზემოთ
[3] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება:http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202013/45-2013%20001.jpg
[4] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება:http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202013/10-2013%20001.jpg
[5] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება:http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202013/42-2013%20001.jpg
[6] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება:http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202013/16-2013%20001.jpg
[7] 2013 წლის 19 მარტს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ დღესაც არ არის ხელმისაწვდომი
ინსტრუქცია